in

როგორი იყო სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის 2023 წელი

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო FCB Artgroup Tbilisiის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

2023 წელი FCB Artgroup Tbilisi-თვის ძალიან დინამიკური, ცოტა ქაოსური და რაც მთავარია, უსაინტერესოესი პროექტებით დახუნძლული იყო. ალბათ, ბევრი სააგენტო დაახასიათებდა განვლილ წელს ასე, ეს ეპითეტები, ზოგადად, კარგად ახასიათებს ჩვენს ინდუსტრიას, თუმცა გვინდა გაგიზიაროთ ის დეტალები, რამაც 2023 წელი განსაკუთრებულად საინტერესოდ გაგვატარებინა და რაზეც ვიტყოდით, რომ სპეციფიკურად ჩვენი გუნდის შრომის შედეგია.

წელს განხორციელებული პროექტების მრავალფეროვნებამ ბევრი რამ გვასწავლა და ბევრ მიმართულებაშიც დაგვახელოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ყველა შინაარსისა და მასშტაბის კლიენტთან ვმუშაობთ, ჩვენ მიერ შექმნილ ნამუშევრებს ყველა არხში, ზომაში და ფორმაში იხილავდით. დაწყებული ბაზრის ყველაზე მასშტაბური მოთამაშეების რეკლამებით, როგორიც იყო საქართველოს ბანკის მობილ ბანკისა და თიბისის რაგბის კამპანიის ვიდეოები, დამთავრებული ხანგრძლივი და ყოველდღიურობაში ძალიან აქტიური პროექტებით, როგორიც კავეას პლუსის სერიალი „ცვალებადი ნიშნებია“. ამ უკანასკნელმა ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გააღვივა ჩვენში და არც შრომა დავაკელით – ვთლით, რომ ცოცხალი კონტენტის მიმართულებით ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი იყო მთლიანად ქართულ სარეკლამო ბაზარზე. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ცნობილი ქართული სერიალის სოც. მედია სარეკლამო კონტენტს და აქტივობებს სრულად ჩვენ ვქმნით და წარვმართავთ, პირველი სეზონის მიწურულის მონაცემებით #ცვალებადნიშნებს მხოლოდ ტიკტოკზე 40 მილიონამდე ნახვა ჰქონდა და მთელი გუნდი ვემზადებით ძალიან ცხელი მეორე სეზონისთვის.

ზოგადად, გამოწვევებს რაც შეეხება, აქაც ბევრია სალაპარკო, თუმცა შევეცდებით შედარებით ლაკონურად ჩამოვაყალიბოთ. ცხადია ყველა პროექტს თან ახლავს რიგი სირთულეებისა, თუმცა ჩვენი გუნდის მოქნილობამ და ლავირებამ ბევრი პროცესის გამარტივების საშუალება მოგვცა. პირველი დიდი პროგრესი, რასაც გამოვყოფდით, რესურსის სწორად შეფასება და განაწილება იქნებოდა. გუნდში შესამჩნევი ზრდა გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად ვითანამშრომლებით ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებთან და ამ პრაქტიკას მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ. იქნება ეს ფროდაქშენის გუნდის სქეილინგი პროექტის მასშტაბის მიხედვით, დამატებითი კრეატიული რესურსის მოზიდვა, თუ საერთაშორისო FCB-ს რესურსის დატვირთვა, რასაც განსაკუთრებით გლობალურ კლიენტებთან ურთიერთობისას ვიყენებთ. ვთვლით, რომ ეს უკანასკნელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობის მომცემი ფაქტორია და ის სამუშაოები, რაც ჩვენმა რეგიონალურმა ოფისებმა საქართველოს გუნდისთვის გასწიეს, ხშირად ჩაუნაცვლებელია ადგილობრივი ბაზრის რესურსით. ცხადია, ასეთი ტიპის ურთიერთობა ორმხრივია, ჩვენი რესურსიც ძალიან ეფექტურად და საინტერესოდ გამოიყენეს ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა, მაგალითად სულ ახლახან, გადავიღეთ აზერბაიჯანის ოფისის კლიენტისთვის ძალიან მასშტაბური რეკლამა, რომელიც 18 ქვეყნის ბაზრისთვის არის გათვლილი. ვითანამშრომლეთ ყაზახეთის და უზბეკეთის ოფისებთან მათი კლიენტების ბრენდირებაზე და აშ.

საერთაშორისო გუნდისგან ზოგადად ძალიან დიდ თანადგომასა და ინფორმაციულ რესურსს ვიღებთ. წელს, მთელი რეგიონის შეხვედრა საქართველოში მოეწყო, 100-მდე სტუმარს ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნების FCB-დან, მათ შორის New York-ის ოფისის სტრატეგიული და კრეატიულ დირექტორებს.

განვითარების ასპექტში მეორე დიდი საკითხი ახალი ფორმატების ათვისება იქნებოდა. ორი სიტყვით ამას უკვე შევეხეთ „ცვალებად ნიშნებზე“ ლაპარაკისას, თუმცა მაინც გვინდა გამოვყოთ ის პრაქტიკები, რაც ჩვენს გუნდში წლის განმავლობაში დავნერგეთ. გვჯერა, რომ ცოცხალი კონტენტი თანამედროვე მედია კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში ტიკტოკის ზრდასთან ერთად ჩვენც უფრო და უფრო აქტიურად ვიყენებთ ამ პლატფორმას სარეკლამო დანიშნულებით და რამდენიმე ბრენდისთვის 0-დან დავლონჩეთ ამ პლატფორმაზე კომუნიკაცია. ამის გარდა 360 გრადუსიან კამპანიებზე მუშაობის დროს ხშირად ვაექსპერიმენტებთ ახალ ფორმატებს, წავეთამაშეთ პროექტებში A.I-ს იმპლემენტაციას, რასაც 2024-ში, სავარაუდოდ, უფრო ხშირად გამოვიყენებთ და მთლიანობაში გვჯერა, რომ კონტენტის მხრივ მოქნილობა და სიახლეების ადაპტირება ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე იქნება.

მომავალ წელს ბევრ ცვლილებას ვპროგნოზირებთ. რამდენიმე დიდ პროექტს, რომლებზე ლაპარაკიც ჯერ არ შეგვიძლია, უკვე ვალაგებთ კალენდარში და ვთვლით, რომ გუნდიც ნელ-ნელა კიდევ უფრო გაიზრდება. 2023-დან გამოყოლებული შემართება და ინერცია ძალიან დაგვეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევაში და რაც მთავარია ხედვა, რომლითაც ვვითარდებით, მკაფიო სურათს გვიხატავს ყოველი შემდგომი ნაბიჯისთვის. დარწმუნებულები ვართ, იქნება ბევრი სიურპრიზი, კარგიც და არც ისე კარგიც, თუმცა ჩვენი გუნდი ყველა სიახლისგან ძალიან ბევრს სწავლობს. ასე რომ დიდი ინტერესით ვეგებებით 2024-ს.

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Windfor’s-ისთვის

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Betterfly-ისთვის