in

FCB Artgroup Tbilisi-ის კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი მარი მაჭავარიანი გახდა

FCB Artgroup Tbilisi-ში კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორის პოზიცია მარი მაჭავარიანმა დაიკავა. სანამ საერთაშორისო სააგენტოს ქართულ წარმომადგენლობას შეუერთდებოდა, მარიმ, ხანგრძლივი კარიერული გზა გაიარა. სარეკლამო სააგენტო DDB BetterFly-ში უმცროსი ექაუნთ მენეჯერის პოზიციიდან დაიწყო. შემდეგ, გარკვეული პერიოდი სააგენტოდან, დამკვეთის მხარეს გადაბარგდა და Archi Group-ში მარკეტინგის სპეციალისტი გახდა. 2016 წელს კვლავ ექაუნთ მენეჯერობას დაუბრუნდა და თანამშრომლობა სააგენტო Redberry-თან დაიწყო. მოგვიანებით Leavingstone-ში, მთავარი ექაუნთ მენეჯერის როლშიც ვიხილეთ. ახლა, FCB Artgroup Tbilisi-ის გუნდშია.

„კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორის პოზიციის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული ზრდაა, თუმცა ლოგიკური, გავლილი კარიერული გზისა და იმ სამომავლო მიზნების გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად მაქვს,“ – მარი მაჭავარიანი.

M: როგორ შედგა FCB Artgroup Tbilisi-თან თანამშრომლობა?

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან სარეკლამო სფეროში ვმუშაობ. FCB Artgroup Tbilisi საქართველოში ახალია, თუმცა მის შესახებ გარკვეული კამპანიებიდან უკვე ვიცოდი – ძირითადი ინფორმაცია შეგროვებული მქონდა. გარდა ამისა, საქართველოში FCB Artgroup-ის დამფუძნებელთან, წარსულში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, თანაკვეთა მქონდა. მოხდა ისე, რომ თავად დამიკავშირდნენ და საბოლოოდ, თანამშრომლობასაც მივაღწიეთ.

M: რით იქნება განსხვავებული ახალი როლი წინა პოზიციებისგან?

ახალი პოზიცია გამორჩეული გამოცდილება იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მაბარია გუნდი, რომლის თითოეული წევრის პროფესიულ განვითარებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. იმაზეც მე უნდა ვიზრუნო, რომ მათი ყოველდღიური სამუშაო საინტერესო და ნაკლებად სტრესული გავხადო. პასუხისმგებლობა გაიზარდა დამკვეთთან ურთიერთობის საკითხშიც. თუ ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე, რაღაც ზურგი ყოველთვის მქონდა, ამ შემთხვევაში ეგ ზურგი ჩემი თავისთვის მე უნდა ვიყო.

M: დამკვეთის როლშიც ყოფილხართ. რით არის გამორჩეული სააგენტოს მხარეს მუშაობა?

Archi Group-ში მიღებული გამოცდილებით პირველად გავიაზრე, რამხელა პასუხისმგებლობაა – იყო დამკვეთი. როცა სააგენტოს მხარეს მუშაობ, რთულია ამის გაგება. ამ რაკურსიდან ერთი შეხედვით, მარტივია და ისეთი კომპლექსური არ ჩანს როგორიც სინამდვილეშია. Archi Group-ში მუშაობამ მთელი ეს სირთულე დამანახა. საინტერესო იყო. ეს გამოცდილება საშუალებას მაძლევს გაცილებით უკეთ მესმოდეს კლიენტის. როგორც იცით, ამჟამად, კვლავ სააგენტოს მხარეს ვარ. ჩემი ძირითადი მოტივატორი და მამოძრავებელი ის მრავალფეროვნებაა, რაც FCB Artgroup Tbilisi-ის მსგავს სააგენტოეში მუშაობას ახასიათებს. აქ, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის დამკვეთთან, სხვადასხვა ტიპის პროექტზე გიწევს მუშაობა. გარდა ამისა, სააგენტოებში ძირითადად ძალიან გახსნილი თავისუფალი სამუშაო გარემოა, სადაც ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. ძალიან მიხარია, რომ FCB Artgroup Tbilisi-ში ამ ნაწილს დიდ ყურადღებას აქცევენ.

M: როგორია თქვენი მიზნები და მოლოდინები FCB Artgroup Tbilisi-ში?

FCB Artgroup Tbilisi-ს უკვე საფუძვლიანად ვიცნობ და მისი პოტენციალი ძალიან დიდია. მინდა მისი საერთაშორისო კონტაქტები კარგად გამოვიყენო რათა ახალი, წარმატებული და საინტერესო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტები გავაკეთოთ. გარდა ამისა,  ჩემი მიზნები და მოლოდინები პროფესიულ განვითარებასაც უკავშირდება. ეს არის ის რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდება და მაინტერესებს. ექაუნთ მენეჯერის როლში მრავალი წელი დავყავი. ახლა მინდა, მეტი მენეჯერული უნარები შევიძინო, გავზარდო პასუხისმგებლობები და კიდევ უფრო დავიხვეწო კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით.


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

Twitter-ზე ბოტის ამოცნობა უფრო ადვილი იქნება — ახალი ფუნქცია

საკლუბო ფინალების 30 000 უფასო ბილეთი – უეფას სამადლობელი ჟესტი გულშემატკივრების მიმართ