ამბავი ასეთია — მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ერთ დღესაც საკმაოდ ხელმისაწვდომმა და იაფიანმა ანტიდეპრესანტმა, შესაძლოა, მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს. თუმცა ამჯერად განსაკუთრებულ აქცენტს ტვინის კიბოზე, გლიობლასტომაზე აკეთებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმაა: FDA-ის მიერ დამტკიცებულმა ე. წ. სეროტონინის მოდულატორმა, რომელიც ჩვეულებრივი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება, ექსპერიმენტის ფარგლებში ადამიანის ქსოვილსა და ცოცხალ თაგვებში გლიობლასტომის ზრდა შეაჩერა.
ეს განკურნება არ არის, მაგრამ ტვინის კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობა მეტად ეფექტური ნამდვილად შეუძლია, გახადოს. ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარება კი შემდგომი ნაბიჯია. თუმცა, რადგან ჯერ მათ გამოცდილი არ აქვთ, რა ეფექტები შეიძლება იქონიოს ანტიდეპრესანტმა ადამიანებზე, მკაცრ გაფრთხილებას გვაძლევენ, რომ თვითნებურ მკურნალობას არ მივმართოთ.
„კონკრეტული ანტიდეპრესანტის უპირატესობა უსაფრთხოებასა და ბიუჯეტურობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ FDA-მ უკვე დაამტკიცა ის, კომპლექსური პროცედურების გავლა არ მოგვიწევს და, შესაძლოა, ერთ დღესაც მომაკვდინებელი ტვინის კიბოს სტანდარტული მკურნალობისთვის გამოვიყენოთ“, — აცხადებს მაიკლ უელერი, ნევროლოგი.
გლიობლასტომა იშვიათია, მაგრამ საკმაოდ რთულია მისი დამარცხება, რადიოთერაპიას, ქიმიოთერაპიასა და სიმსივნური უჯრედების ამოკვეთასაც მიმართავენ, თუმცა ეფექტური განკურნების მეთოდი ამჯერად არ არსებობს: პაციენტების 95% ხუთი წლის ვადაში ასრულებს სიცოცხლეს… ამ პირობებში კი წამალი, რომელიც არაინვაზიურია, ნამდვილად დამაიმედებელ შედეგებს გვაჩვენებს.
უფრო ზუსტად, ETH Zurich-ის მკვლევრებმა გლიობლასტომის მქონე პაციენტების ნიმუშებიდან, რომელთაც მკურნალობა უტარდებოდათ, ადამიანის ქსოვილი გაზარდეს და ნახეს, რამდენად ეფექტური იქნებოდა ანტიდეპრესანტული წამლები თუ მედიკამენტები, რომლებსაც პარკინსონის სამკურნალოდ იყენებენ.
შედეგად, ადამიანის ქსოვილზე, რომელიც 27 პაციენტისგან აიღეს, 132 წამალი გამოცადეს და 2500-ზე მეტი პასუხი მიიღეს. აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ანტიდეპრესანტი განსაკუთრებით ეფექტური იყო სიმსივნური უჯრედების შეფერხებაში, რომელთა შორისაც ზემოთ აღნიშნული წამალიც გახლავთ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გადარჩენის მაჩვენებლები 20-30%-ით გაუმჯობესდა!
„ჩვენ ამ საშინელი ქსოვილით დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ არსებული წამლებით მის წინააღმდეგ ბრძოლა შეგვიძლია. ვაჩვენეთ, როგორ და რატომ მუშაობს იგი და მალე მის გამოცდას ადამიანებზეც შევძლებთ“, — ამბობენ მკვლევრები.