Apple-ის ღონისძიებიდან არაერთი სიახლე გავიგეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი Airpods Pro-ს სმენის აპარატის მსგავსად გამოყენება იყო. თუმცა არ იცოდნენ, როდის ჩაუშვებდნენ, რადგან ჯერ ნებართვა არ ჰქონდათ… ახლა კი ვიგებთ, რომ Apple-მა FDA-ისგან თანხმობა მიიღო! ეს იმას ნიშნავს, რომ ყურსასმენებს ახლა ზუსტად იმ ფუნქციებს დაამატებენ, რომლებიც სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შეიქმნა.
თანაც, როგორც FDA-ში ამბობენ, კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლები ეფლის მიერ სმენის დამხმარე ხელსაწყოს, სასარგებლოსთან ერთად, პროფესიონალური დონის მოწყობილობად თვლიან.
„სმენის დაქვეითება მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. ეფლის პროგრამა კი ხელმისაწვდომს ხდის მას მოზარდებისთვის, რომელთაც სმენის მსუბუქი პრობლემები აქვთ“, — აცხადებს მიშელ ტარვერი, FDA-დან.
უნდა აღინიშნოს, რომ Airpods Pro 2-ის ფასი 249$ გახლავთ, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სმენის ჩვეულებრივ კლინიკურ აპარატებს. ამასთან, მის გამოყენებას მომხმარებლები iPhones-სა და iPads-ებზეც შეძლებენ. მომხმარებლის სმენის პროფილის შექმნაც და შენახვაც შეეძლებათ Apple Health-ის აპლიკაციაში. თუმცა სანამ ეფლის სმენის მოწყობილობის გამოყენებას დაიწყებენ, ჯერ პატარა 5-წუთიანი ტესტი უნდა ჩააბარონ: სხვადასხვა სიხშირეზე ხმებს მოასმენინებენ, რისი გაგონების შემდგომაც, ეკრანზე უნდა დააკლიკონ.
„ეს პროფილი ავტომატურად ესადაგება მუსიკას, კინოებს, თამაშებსა და სატელეფონო ზარებს მოწყობილობებს შორის ისე, რომ პარამეტრების მორგება არ გჭირდებათ“, — აცხადებენ Apple-ში.
ამ ყველაფრის უკან კი Apple-ის კვლევა დგას, რომელიც გვეუბნება, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს მსუბუქი ან საშუალო სმენის დარღვევით — „ის ფაქტი, რომ პროდუქტი უკვე მილიონობით ადამიანს აქვს და მათ სმენის დამხმარე ფუნქციას შესთავაზებენ, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია“.
როგორც ვიგებთ, Apple გეგმავს, მომდევნო თვეებში ფუნქციები 100-ზე მეტ ქვეყანაში გახადოს ხელმისაწვდომი, მანამდე კი შესაბამისი ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან ელის ავტორიზაციას…