სისხლში შაქრის განსაზღვრა და ინსულინის ყოველდღიური ინექცია მარტივი საქმე არ არის, მით უფრო, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. რა თქმა უნდა, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ისინი დამოუკიდებლად ვერ ართმევენ თავს ამ ერთგვარ რუტინას. ახლა კი, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვის თანახმად, აშშ-ში ჩნდება შესაძლებლობა ამ კუთხით სპეციალური, ავტონომიური მოწყობილობა MiniMed 770G გამოიყენონ. ეს არის კომპანია Medtronic-ის პროდუქტი, რომელიც 2-დან 6 წლამდე ასაკის, 1 კატეგორიის დიაბეტის მქონე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ Medtronic-მა მსგავსი მოწყობილობა MiniMed 670G ჯერ კიდევ 2016 წელს გახადა ხელმისაწვდომი, მხოლოდ, მისი გამოყენება 7 წლის ზემოთ პაციენტებს შეეძლოთ. 770G კი პირველი ამ ტიპის მოწყობილობაა, რომლის გამოყენებაც უკვე ლეგალურია 2-დან 6 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის. მოწყობილობა სამი თვის განმავლობაში, 46 1 კატეგორიის დიაბეტით დაავადებულ 2-დან 6 წლამდე ბავშვზე დაიტესტა და წინამორბედისგან 770G-ს გაუმჯობესებული ფუნქციები განასხვავებს, მაგალითად, ბლუთუზი.

მოწყობილობის სენსორი, რომელიც პაციენტის სხეულზეა დამაგრებული, სისხლში გლუკოზის დონეს 5 წუთში ერთხელ ამოწმებს. სენსორზე მოთავსებულია ინსულინის მარაგი, ისევე, როგორც კათეტერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზმში ინსულინის ინექციას ავტომატურად უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა ავტომატურად განსაზღვრავს და საჭიროების შემთხვევაში, არეგულირებს ბავშვის ორგანიზმში შაქრის დონეს.
მიუხედავად FDA-ის ნებართვისა, ამ მიმართულებით, Medtronic-ს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო გასაწევი. ვგულისხმობთ მოწყობილობის ფართო წარმოების დაწყებას და ბაზრის კვლევას მანამ, სანამ 770G ხელმისაწვდომი გახდება.