როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ რეალობისგან, რომელსაც კიბორგები მართავენ — FDA უარს ამბობს ილონ მასკის Neuralink-ის პროექტზე, რომელიც ტვინის იმპლანტების ადამიანებზე გამოცდას აპირებს.
2016 წელს გაშვებული ნეიროტექნოლოგიური კომპანია ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისების (BCIs) შემუშავებაზე დღემდე მუშაობს. იგი აზრებს თავის ქალაზე მიმაგრებული პატარა მავთულების დახმარებით ქმედებად გარდაქმნის. ასე კი, ტექნოლოგია მომხმარებლებს არა მარტო სუპერ ადამიანებად გადააქცევს, არამედ ტვინის დაავადებებსაც კი განკურნავს…
საინტერესოა ისიც, რომ 2018 წლიდან Neuralink ცხოველებზე თავის ინოვაციურ იდეებს ცდიდა, რისი შემდგომი განვითარებაც ადამიანებზე ცდების ჩატარება უნდა ყოფილიყო… გასული წლის დეკემბერში კი კომპანია შეამოწმეს, სავარაუდოდ, 1500 ცხოველის მოკვლის გამო, რომელთა შორისაც იყო ცხვრები, ღორები და მაიმუნები… როგორც ამბობენ, საცდელი მაიმუნების ჯანმრთელობაზე ამას უარყოფითი გავლენა ჰქონდა.
ახლა კი FDA უსაფრთხოების საკითხების გამო Neuralink-ს ადამიანებზე ტვინის იმპლანტების ჩიპების გამოცდის საშუალებასაც არ აძლევს. ისინი წუხან, თუ როგორ ჩანერგავენ ან ამოიღებენ ჩიპს ადამიანის ტვინიდან, მისი დაზიანების გარეშე. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კომპანიის მიერ ლითიუმის ბატარეების გამოყენებას, რომელიც, თავის მხრივ, ცეცხლსაშიშია. მავთულების საშუალებით ელექტრულმა სიგნალებმა კი, FDA-ს აზრით, შესაძლოა, მოძრაობები და გრძნობები შეასუსტოს.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ილონ მასკისთვის FDA-ს კარები სამუდამოდ დაკეტილია. ის ფაქტიც უნდა გავიხსენოთ, რომ წამლების ჩვეულებრივ ტესტირებას საშუალოდ 8 წელიწად-ნახევარი სჭირდება, Neuralink კი ამ გზაზე ჯერ მხოლოდ 7 წელია დგას… გამოდის, ახლა კომპანიამ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს და პროცესში ცოტა მოთმინებაც გამოიჩინოს.