აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ახალ წამალს გვთავაზობს, რომელსაც ალცჰაიმერის მსუბუქ და ადრეულ სტადიაზე მყოფი პაციენტების მეხსიერების დაქვეითების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ!
საინტერესოა ისიც, რომ FDA-მ Leqembi, ასევე ცნობილი, როგორც lecanemab, მას შემდეგ დაამტკიცა, რაც იგი ალცჰაიმერის სხვა წამლის Aduhelm-ის მწვანე ნათების გამო მკაცრად გააკრიტიკეს — ცდამ აჩვენა, რომ მისი მოხმარება ტვინის შეშუპებისა და სისხლდენის რისკებს ზრდის…
ორივე წამალი დაჩქარებული პროცესის მეშვეობით დამტკიცდა, რათა FDA-მ გამოსავლის პოვნა შეძლოს იმ პირობებში, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იაპონიის Eisai-სა და შეერთებული შტატების Biogen-ის მიერ შექმნილი Leqembi და Aduhelm ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს.
„უახლესი თერაპიით მხოლოდ დაავადების სიმპტომების მკურნალობა კი არ არის შესაძლებელი, არამედ იგი ალცჰაიმერის ფუძემდებლურ პროცესებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად“, — აცხადებს ბილ დუნი, FDA-დან.
ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს მსოფლიოში აღნიშნული დაავადებით მილიონობით ადამიანი იტანჯება. ალცჰაიმერის დაავადების დროს კი ორი ძირითადი ცილა, ტაუ და ბეტა-ამილოიდი, აგრეგატებად იქცევა, რაც ტვინის უჯრედების სიკვდილსა და ტვინის შეკუმშვას იწვევს. Leqembi კი ორ კვირაში ერთხელ ვენაში შეჰყავთ და იგი ამილოიდზე დამიზნებით მუშაობს.
საინტერესოა ისიც, რომ ახლად დამტკიცებული წამლით ჩატარებული ცდების მონაცემებით, მეხსიერების დაქვეითება პაციენტებში 27%-ით შემცირდა. ცდაში 1800 ადამიანი იყო ჩართული და იგი თითქმის 18 თვე გაგრძელდა. თუმცა აქ გვერდით ეფექტებზეც საუბრობენ, რაც 17.3%-ში გამოვლინდა…
რაც შეეხება ფასებს, იგი Aduhelm-ის შემთხვევაში წელიწადში 56 000 დოლარს შეადგენდა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა… Leqembi-ის ფასი კი თავდაპირველად წელიწადში 26 500 დოლარი იქნება და აქედან სამ წელში მას 100 000 ადამიანი მიიღებს. თუმცა აქაც, ექსპერტები იმის გამო წუხან, რომ მისი მაღალი ფასი ფართოდ გავრცელებას შეუშლის ხელს, თანაც, „ამ დაავადების მქონე ადამიანებს არ აქვთ დრო, სასწაულმოქმედ წამლებს ელოდონ“.