ტვინის ჩიპებზე პირველი ილონ მასკის ექსპერიმენტები კი გვახსენდება, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ FDA-მ მწვანე შუქი აუნთო Precision Neuroscience-ის უთხელეს ჩიპს — უკაბელო იმპლანტია, თავის ქალის ქვეშ თავსდება და ადგილზე 30 დღემდე შეიძლება დატოვება. ასე კი პირველი BCI სისტემა ხდება, რომელსაც FDA-მაც დაუჭირა მხარი და ექსპერიმენტებიდან კლინიკურ რეალობაში გადაინაცვლა.
იმპლანტი ფირის მსგავსია და ტვინის ზედაპირზე კანის დაუზიანებლად თავსდება, ან გარკვეულ შემთხვევებში, კორტექსში. სხვა ინვაზიური ვარიანტებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო სიღრმისეულ იმპლანტებს მოითხოვს, Layer 7 ნერვულ აქტივობას 1024 პატარა ელექტროდის დახმარებით იწერს და ასტიმულირებს. მიზანი ტვინის შესახებ მონაცემების იმ გზით მოპოვებაა, რომელიც ნაკლებად სტრესულიც იქნება და უფრო ადაპტირდება პაციენტებზე — თხელი სტრუქტურის ჩასმა მილიმეტრზე ვიწრო ჭრილში ხდება და ამოღებაც დაზიანების გარეშეა შესაძლებელი.
ასე კი BCI ტექნოლოგიებში კონკურენცია სულ უფრო მწვავე ხდება… ხოლო პროცესში Precision-ის დაწინაურება, მარეგულირებელი პროგრესის თვალსაზრისით, ილონ მასკის Neuralink-საც ჩამოიტოვებს და Synchron-საც. მართალია, ადრე FDA ქირურგიულ გარემოში მოკლევადიანი გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობდა მომხმარებლებს, მაგრამ ახლა იგი Precision-ს საშუალებას აძლევს, ტვინის ჩიპები 1 თვის მანძილზე გამოცადოს.
აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობის პროცესში არიან ან ისეთ მდგომარეობებთან უწევთ გამკლავება, როგორებიც ეპილეფსია და დამბლა გახლავთ. რაღა თქმა უნდა, ასე მეცნიერები კიდევ უფრო მეტ მონაცემს აგროვებენ, რაც მათ უკეთესი BCI სისტემების შექმნის საშუალებას მისცემს.
საინტერესოა, რომ Precision-მა სასწავლო დაწესებულებებში მოწყობილობა უკვე 37 პაციენტზე გამოცადა, ახლა კი კლინიკური კვლევების მასშტაბირებას, ნერვული დეკოდირების ალგორითმების გაუმჯობესებასა და სრულად იმპლანტირებადი ვერსიის განვითარებას გეგმავს.
საბოლოო მიზანი ნევროლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებაა, რათა აღიდგინონ დაკარგული უნარები და საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებლობაც მიეცეთ იმისა, რომ მოწყობილობები საკუთარი აზრებით აკონტროლონ…