ადამიანები ინსტინქტურად არიდებენ თავს იმას, რაც აშინებთ – ეს ყოველდღიურ ცხოვრებასაც ეხება და ბიზნესსაც. ეჭვი „რა იქნება, თუ…“ და უარესი სცენარების წარმოდგენა შემაძრწუნებელია. მაინც, როგორ მოვიქცეთ, რომ შიშის გარეშე ვიცხოვროთ და ბიზნესის მართვაც შევძლოთ? აი, რამდენიმე გზა საამისოდ:
აკონტროლეთ ემოციები
დაიწყეთ იმ პრობლემის გარშემო არსებული შიშების კონტროლით, რაც თქვენ წინაშეა. 2018 წელს, კომპანია INFLUENCE MOBILE-ს ფულადი ნაკადის პრობლემა შეექმნა და მოგებაზე გასვლას გაჭირვებით ახერხებდა. რეკლამაში თანხის წინდაწინ გადახდა უწევდათ, ხოლო შემოსავალი – თვის ბოლოს შემოსდიოდათ. ცდილობდნენ გადასახადების გადახდა შეძლებოდათ და როდესაც სხვა ხარჯებიც დაემატათ და შემოსავალი ჯერ კიდევ არ ჩანდა, შეშინდნენ. ფული სულ რაღაც, ორი დღის შემდეგ მიიღეს, თუმცა, მიხვდნენ – მომდევნო თვეში იგივე პანიკური სიტუაცია შეიქმნებოდა და ამ ციკლიდან როგორმე უნდა დაეღწიათ თავი.
შიშში ყოფნა მასზე კონტროლის აღებაზე ბევრად ადვილია, თუმცა, თუ ის შეგიპყრობთ, მთელ გონებას დაიკავებს და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა, როდესაც მასზე აღარ ფიქრობთ, ბევრად გიადვილდებათ გადაწყვეტილებებზე ფიქრი.
მოიფიქრეთ გეგმა
ყველაზე კარგი გეგმაც კი შეიძლება ჩაიშალოს. თუმცა, შიშის ნაცვლად ეცადეთ გადააფასოთ სიტუაცია და უკეთეს გეგმამდე მიხვიდეთ. როდესაც მღელვარების ნაცვლად, პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირდებით, ბევრად ადვილია განსხვავებული მიდგომის პოვნა. მაშინაც კი, როცა გეგმა არ გაამართლებს, გეცოდინებათ, რომ სხვა გზა მაინც არის.
როდესაც ზემოხსენებულ კომპანიას შემოსავლის პრობლემა შეექმნა და მისი ზრდა შეჩერდა, მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა დანიელ ტოდმა დამშვიდება და სიტუაციის გამოსწორება არჩია. მან პარტნიორ კომპანიას წინასწარ გადახდა შესთავაზა და სარგებლიანობაც დაანახა. ეს ორმხრივადმოგებიანი სიტუაცია იყო. პარტნიორი დათანხმდა. შედეგად, INFLUENCE MOBILE-მა მათ 1000%-იანი ზრდა მოუტანა და თავად, 250%-ით გაიზარდა.
კონცენტრირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ
პირველი გამოწვევა, რასაც აგვარებთ ისაა, რომელთან შიშის გარეშე გამკლავებაც ყველაზე მეტად გიჭირთ. კონცენტრირდით იმაზე, რისი კონტროლიც თქვენ ხელთაა. გადააფასეთ, რა მოლოდინი გქონდათ და როგორ გაუმკლავდეთ რეალურ მოცემულობას. ყოველთვის არის გამოსავალი და ყოველთვის შეგწევთ მისი პოვნის ძალა. რაც ხშირად გააკეთებთ ამას, უფრო ადვილი იქნება. მშვიდი გონება ბევრად უფრო ადვილად ახერხებს სიტუაციის მართვას.
გამჭვირვალობა
გამოწვევების შესახებ ფულწრფელი საუბარი არც ისე ადვილია, თუმცა გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. იმის აღიარება, თუ რამდენად რთული სიტუაციაა კომპანიაში თავად გარემოებაზე ძნელია. თუკი ამის თქმა ინვესტორებისთვის გიწევთ – მით უფრო. ზოგჯერ, გვგონია, რომ ეს გამჭვირვალობა ჩვენს მარცხს წარმოაჩენს. თუმცა, თუკი ეცდებით ცუდი სიტუაცია კარგად წამოაჩინოთ, ვერავინ მიხვდება, რომ დახმარება გჭირდებათ.
ჩართეთ ადამიანები, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლიათ
დაბრკოლების გადალახვა ხშირად დახმარებას საჭიროებს. მოძებნეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის საჭირო რესურსები აქვთ. ღიად ესაუბრეთ თქვენს პრობლემაზე. როგორც კი, შესაბამისი რესურსების მქონე ადამიანს იპოვით, რომელიც თქვენს მხარდასაჭერად მზადაა, ეცადეთ ყველა ეტაპზე საქმის კურში ჩააყენოთ და ამ გზით შეინარჩუნოთ ნდობა.
პრობლემები შეიძლება საშიშად ჩანდეს, თუმცა, ეს ცხოვრებისთვის დამახასიათებელი რამაა. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, მათი გადალახვა ვისწავლოთ. ზოგჯერ, განსხვავებული მიდგომა გვჭირდება ან მრავალჯერ ცდა. თუმცა, როგორც კი საკმარისად ბევრ დაბრკოლებას დაძლევთ, მათი მოგვარება თქვენი პიროვნების ნაწილად იქცევა და წარმატებისკენ გაგიძღვებათ.
წყარო: inc.