ხელოვნური ინტელექტის გამო, რომელიც ბოლო დროის ახალი ამბების მუდმივ წყაროდ იქცა, ადამიანები სულ უფრო მეტად ებრძვიან FOBO-ს (Fear of Becoming Obsolete) — ანუ „მოძველების შიშს“. უფრო კონკრეტულად, დასაქმებულები შიშობენ, რომ ტექნოლოგიური განვითარება მათ პროფესიულ როლს შთანთქავს ან მიითვისებს.
Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, თანამშრომლებს ყველაზე მეტად ეს ფაქტორი აწუხებთ: „აქვთ შიში, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სამსახურებს“. 2017 წლამდე ეს ტენდენცია ძალიან მცირე იყო — ბოლო ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე წინა წლებში ერთად. ლოგიკურად, როგორც ვარაუდობენ, ამგვარი მოცემულობა პირდაპირაა დაკავშირებული AI-ის მზარდ განვითარებასთან და ჩეტბოტების გამოჩენასთან, როგორიცაა ChatGPT.
გარდა ამისა, გამოკითხვის ფარგლებში დასაქმებულებს სამუშაოს მოძველებასთან დაკავშირებული კითხვისთვის უნდა ეპასუხათ. როგორც დადგინდა, ადამიანთა ნაწილი განსაკუთრებით შეშფოთებულია, მათ შორის კოლეჯის კურსდამთავრებულები და ისინი, ვისაც წელიწადში 100 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ამასთან, ის მუშაკები, რომელთაც კოლეჯის განათლება არ აქვთ მიღებული, მანამდეც ღელავდნენ იმაზე, რომ მათ მანქანური მოწყობილობები ჩაანაცვლებდნენ — შესაბამისად, კონკრეტული მოვლენების განვითარების ფონზე, მათი შფოთვის დონე არ გაზრდილა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან მიმართებით გენდერული სხვაობები არ დაფიქსირებულა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალებსა და მამაკაცებს ეშინიათ როგორც სარგებლის დაკარგვის, ისე ხელფასის შემცირების. აქამდე ძირითადი საფრთხე მხოლოდ ქარხნებში მომუშავეებისკენ იყო მიმართული — რობოტებს ხომ იმისთვის ქმნიდნენ, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა შეესრულებინათ. ახლა კი ასპარეზზე მოწინავე, „ჭკვიანი“ სისტემები გამოჩნდა — თითოეულ მათგანს კი ჩვენთვის ინტელექტუალური კონკურენციის გაწევა შეუძლია.