11 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი სასტუმრო სტამბაში მართავს ხელოვნების მხარდამჭერ ღონისძიებას, სახელწოდებით – FEARLESS. ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ერთგვარი პასუხია იმ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელმაც ყველა სფეროზე და, მათ შორის, ვიზუალურ ხელოვნებაზეც იქონია გავლენა.
დაკეტილი სახელოვნებო სივრცეები, თავიანთ საქმეებს მოწყვეტილი ხელოვანები – ეს ის რეალობაა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ამიტომ FEARLESS ცდილობს, შექმნას შეხვედრის ადგილი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათი გულშემატკივრებისთვის და რამდენიმე დღით სივრცე დაუთმოს მათ.
ამ დღეების განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს ერთ სივრცეში გაერთიანებული თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება და ნამუშევრების შეძენით, მხარი დაუჭიროს როგორც ცალკეულ ხელოვანებს, ასევე, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების სფეროს.
FEARLESS ერთგვარი სოლიდარობის აქტი და ერთობის ვიზუალური მანიფესტია, რომელიც ხელოვნების გარშემო ადამიანების თავმოყრას ისახავს მიზნად.
სახელოვნებო ბაზრობაზე მონაწილე გალერეები, ჯგუფები და პლატფორმები:
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი | კუნსტჰალე თბილისი გალერეა ართბითი | Dédicace Gallery | Window Project | გალერეა 4710
ხელოვნების სახლი | Kona Books | ობსკურა | LC Queisser | პატარა გალერეა კორიდორი | კურორტი | ე.ა. საგამოფენო სივრცე | გალერეა კონტეინერი ყველაფრის მაღაზია | თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი
მისამართი:
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი
მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო სტამბა, მეორე სართული