12
Feb
2020

სტიპენდიები, უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები – რა დაგხვდებათ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

12 Feb 2020

თბილისში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა ტარდება. ღონისძეიბა 28-29 თებერვალს, „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, ყველა საჭირო ინფორმაცია დახვდებათ – იქნება ეს სტიპენდიები, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები, თუ გაცვლითი პროგრამები.

„საგამოფენო სივრცე „ექსპოჯორჯიაში“ წარმოდგენილი იქნება სასწავლო დაწესებულებების სტენდები, 10-ზე მეტი ქვეყნიდან. ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს – მაღალი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ გაეცნონ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების პროგრამებს. თავად შეეძლებათ შეაფასონ, აირჩიონ სასურველი სასწავლო დაწესებულება და დაგეგმონ მომავალი სასწავლო პროცესები“.

ორგანიზატორის თქმით, განათლების საერთაშორისო გამოფენა საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც უცხოეთში სურს სწავლის გაგრძელება, რადგან დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია სტიპენდიების მოპოვებასა და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ.

გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება – 28 თებერვალს, მე-11 პავილიონში, Marketer.ge-ს თანაორგანიზებით, გაიმართება სემინარები მომავლის პროფესიების შესახებ. 29 თებერვალს –  Fuckup Nights, სადაც სპიკერები პროფესიის არჩევისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრებენ.

29 თებერვალს „ექსპოჯორჯიას“ მე-6 პავილიონი UK Bridge-ის განათლების გამოფენას უმასპინძლებს. გარდა ამისა, ორივე საგამოფენო დღეს, მე-4 და მე-5 პავილიონებში, HR HUB-ის თანაორგანიზებით გაიმართება სტუდენტური დასაქმების ფორუმი.

​[R]

განხილვა