FedEx Corp.-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, მათი შემოსავლები შემცირებულია. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, მაჩვენებლები, მომავალ წელს, კიდევ უფრო დაიკლებს, მიზეზად კი, მსოფლიო ეკონომიკის ნელი ზრდის ტენდენცია დაასახელეს. ამიტომ, კორპორაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღარ გაგრძელდება ხელშეკრულება Amazon-თან.

გამოცემა USA Today წერს, რომ FedEx-მა, ოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით, $2 მილიარდი დაკარგა.
„ამ თვეში FedEx-მა ახალი ფისკალური [საბიუჯეტო წელი, კომპანიის ფინანსების სააღრიცხვო პერიოდი] წელი დაიწყო. როგორც ფინანსური დირექტორი ალან გრაფი ამბობს, კომპანიის ეფექტურობა, განსაკუთრებით, FedEx Express-ის შემთხვევაში, სულ უფრო უარესდება. მიზიზი კი მისი თქმით, მსოფლიო ვაჭრობისა და ინდუსტრიული წარმოების შესუსტება და შემცირებაა“.
თუ უფრო ზუსტი მონაცემებით ვისაუბრებთ, FedEx-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიამ $1.97 მილიარდი დაკარგა, წინა წლის $1.13 მილიარდიან მოგებასთან შედარებით.
შექმნილი ვითარების გამო, კომპანია აღარ განაახლებს კონტრაქტს საავიაციო გადაზიდვებზე Amazon-თან, რომელსაც ვადა 2019 წლის 30 ივნისს გასდის. ხელშეკრულებას FedEx, მსოფლიო მასშტაბის „ონლაინ პლატფორმასთან, ფინანსური სირთულეების გამო აღარ გააგრძელებს.
თუმცა, კომპანიის პრობლემები, როგორც ჩანს, ამით არ სრულდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, FedEx აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო დავაში ჩაება. კომპანიამ სავაჭრო დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ექსპორტის ახალი, სავალდებულო წესის შეჩერებას ითხოვს. საქმე ეხება რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც Huawei იმ კომპანიების რიცხვს შეუერთდა, ამერიკული ტექნოლოგიების მიღება, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის სპეციალური ლიცენზიის გარეშე რომ ეკრძალებათ.