ქართული სოციალური პლატფორმა Feedc-ის გუნდმა დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცე – Feedc Edu შექმნა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. Feedc-ის გუნდის გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებულ ზომებს, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საჭიროებას უკავშირდება. პლატფორმა Feedc Edu „უმოკლეს დროში, მაქსიმალური რესურსების ჩადებით შეიქმნა“, კომპანიის წარმომადგენლების თქმით კი, მისით სარგბელობას, საგანმანათლებლო დაწესებულებები, რამდენიმე დღეში, უფასოდ შეძლებენ.
„Feedc მზადაა ყველა საგანმანაგლებლო დაწესებულებას გაუწიოს ონლაინ სერვისი. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, Feedc-ის გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დისტანციური სწავლების მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი შეგვეთავაზებინა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ხსნიან პლატფორმის მუშაობის პრინციპსაც:
„ჩვენს პლატფორმაზე, მასწავლებელი ქმნის კლასს, ამ კლასში ემატებიან მოსწავლეები და მასწავლებელი იწყებს ვიდეოგაკვეთილის ჩატარებას. ვიდეოგაკვეთილის პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაწერონ კომენტარები ლაივ რეჟიმში“.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნების ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
Feedc-ის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გიყვებოდით. მას მოვიხსენიებდით სოციალურ ქსელად ახალი ლოგიკით, რადგან ჩვენთვის აქამდე ცნობილი პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ არავის დამეგობრება, ან გამოწერა არ გჭირდებოდათ. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, Feedc-ის ლოგიკით, მათი გავრცელება ბევრგამომწერებიანი მომხმრებლების პრეროგატივა აღარ არის. Feedc-ით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაწვდინოს ხმა მის ქალაქში/დასახლებაში მცხოვრებ მომხმარებელს და არამხოლოდ – მთელი მსოფლიოს Feed-საც.
რამდენიმე თვის წინ, პლატფორმას მესენჯერი და ვიდოეს ატვირთვის ფუნქცია დაემატა. ცოტა ხნის წინ კი, მას დაემატა ღონისძიებების განყოფილებაც.











