in ,

განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლებისთვის სკოლებს ქართულ პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

დღეიდან, საქართველოს განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ დისტანციური სწავლების პლატფორმას – „Feedc Edu”-ს სთავაზობს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. Feedc Edu ქართული სოციალური პლატფორმა Feedc-ის გუნდმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული დისტანციური სწავლების საჭიროების კვალდაკვალ, უმოკლეს დროში შექმნა. ამის შესახებ, დაახლოებით, 2 კვირის წინ გიყვებოდით. Feedc Edu არის სივრცე, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სასწავლო პროცესი ჩაატარონ ონლაინ/დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად.

„აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Feedc Edu იძლევა საშუალებას:

  • დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა შექმნან საკუთარი კლასები;
  • დაამატონ საჭირო საგნები და ჩაატარონ ვიდეოგაკვეთილები;
  • მოსწავლეები შეუერთდნენ საკუთარ კლასს და გაიარონ სასწავლო კურსი live რეჟიმში (ან ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით);
  • ატვირთონ/ჩამოტვირთინ ფაილები, გააზიარონ დავალებები და სხვა.

იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი „Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu”, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში. ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე – [email protected].

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო Feedc-ის ნაბიჯს, შეექმნა უფასო პლატფორმა დისტანციური სწავლებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის სამაგალითო პრეცედენტად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამგვარი თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სწორედ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში სთავაზობს განათლების სამინისტრო ქართულ დისტანციური სწავლების პლატფორმას სკოლებს.

ლონდონელი მედიკოსები ელექტრო ველოსიპედით უფასოდ ისარგებლებენ

„გარეთ გასვლის ბილეთები რომ გავაკეთოთ?“ – TKT.GE-ს დამფუძნებლის იდეა