in

ყოველდღიური ბლოგები საქართველოს ქალაქებიდან, მათ შორის, სოხუმიდან – Georgia Daily-სა და Feedc-ის მეგობრობის ამბავი

Georgia Daily ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის 20 წლის სტუდენტ ლუკა ხათრიძის საინფორმაციო კომპანიაა, რომელიც ადამიანებს საკუთარ ქალაქებზე ობიექტურ ინფორმაციას ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილ პლატფორმა Feedc-ის საშუალებით აწვდის.

ინოვაციური მიდგომა, ინფორმაციის მიწოდების მეთოდი და ადგილმდებარეობაზე ორიენტირი იყო ის სამი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ ტრადიციული, WordPress-ზე აწყობილი საიტისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი მომხმარებლისთვის ინფორმაცია Feedc-ის პლატფორმის მეშვეობით გაგვეზიარებინა. სწორედ ასე ვცდილობთ, ტრადიციული საინფორმაციო მედიასაშუალებებისგან ის განსხვავებული სამომხმარებლო გამოცდილება შევქმნათ, რომელიც ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანს ჩვენს პირველწყარომდე მოიყვანს, – ლუკა ხათრიძე

Feedc-ზე, ჯერ კიდევ, გასულ წელს გიყვებოდით და შეგახსენებთ, რომ ესაა ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხალხს, მსოფლიოს მასშტაბით, ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმაზე თითოეულ ქვეყანასა და ქალაქს საკუთარი ”Feed” აქვს; მოხსნილია ინფორმაციის გავრცელების ბარიერები, როგორიცაა: დამეგობრება, გამოწერა და ა.შ.


რაც შეეხება ლუკა ხათრიძის საინფორმაციო კომპანიის შექმნის საჭიროებას, ის ამ ფაქტს შემდეგნაირად აფასებს: „საზოგადოებაში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი ინფორმაციული ვაკუუმია: ეხება ეს პოლიტიკას, კულტურას, ქვეყნის პრობლემებს, განვითარების ტემპს და სხვა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო გავერთიანებულიყავით და ასე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქთან დაკავშირებულ სიახლეებზე ორიენტირებულ საინფორმაციო წყაროდ ჩამოვყალიბდით“.

ყველაფერი კი ძალიან სპონტანურად მოხდა. Georgia Daily-ს გუნდმა მუშაობა იდეის გაჩენიდან სულ რამდენიმე წუთში დაიწყო. თავიდან შეზღუდული სახსრებით მცირე კვლევა ჩაატარეს. პირველ რიგში, იმ პრობლემების მოძიება დაიწყეს, რომლის წინაშეც დღეს, ჩვენი დედაქალაქი დგას. შედეგად, პირველი ბლოგიც დაიწერა – თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ.

Georgia Daily-ში თითოეულ ქალაქს საკუთარი პერსონალური გვერდი აქვს: Tbilisi Daily, Kutaisi Daily, სულ რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიას ოფიციალურად შეემატა Sokhumi Daily, რომლის შემთხვევაშიც, ბლოგერი აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდაა.

აქ, კონტენტის მხრივ, ყველა ბლოგერი თავისუფალია. ერთადერთი რა დირექტივასაც ისინი უნდა მიჰყვნენ, საკითხისადმი ობიექტური და არგუმენტირებული მიდგომაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე მათგანი რაიმე სახის ანალიტიკურ სტატიას წერს, – განმარტავს ლუკა ხათრიძე

Daily-ზე, ლოკალურად, კონკრეტული ქალაქის მაცხოვრებლებისთვის საინტერესო თემებს წააწყდებით. თემები შემდეგნაირად ნაწილდება: იქნება ეს პრობლემური საკითხები, ქალაქის განვითარების რიტმი, მერიის პროექტები, პოლიტიკური პერსონები, კულტურული სიახლეები თუ ისტორიული პიროვნებები, საინტერესო ადგილები და სხვა. 

Feedc-ის განსაკუთრებული როლი, ამ შემთხვევაში ისაა, რომ პლატფორმის გამოყენებით, Georgia Daily-ს შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, სათქმელი სწორ აუდიტორიამდე მიიტანოს. გარდა ამისა, Feedc-ზე უახლოეს მომავალში მონეტიზაციის გეგმაც დაინერგება, რაც Georgia Daily-ს მსგავსი საინფორმაციო საშუალებებისა და ბლოგერებისთვის საკმაოდ დიდ შესაძლებლობად იქცევა. 

რაც შეეხება მიმდინარე გამოწვევებს: ამჟამად, Georgia Daily-ს გუნდი აქტიურად მუშაობს Kutaisi Daily-ს განვითარებაზე, რაც ახლო მომავალში რამდენიმე ადგილობრივი ბლოგერის დასაქმებასაც გულისხმობს. ზოგადად კი, კომპანიის გეგმებიდან გამომდინარე, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ბლოგერებთან თანამშრომლობასაც მოიაზრებენ. 

Georgia Daily-ს გრძელვადიან პერსპექტივებზე ლუკა ამბობს, რომ კომპანიის მიზანი ადგილობრივი ბაზრის ბოლომდე ათვისებაა: „ისე, როგორც ყველა დამწყები ბიზნესი, საწყის ეტაპზე ჩვენც უამრავ პრობლემას ვაწყდებით, მათ შორის: მისკომუნიკაციას, ინფორმაციის არარელევანტურობას, ე.წ. Fake news-ების იდენტიფიცირებას და სხვა.

სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სტაბილურობის მოპოვება და შენარჩუნებაა. პარალელურად, Feedc-ისთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და თამამად შეიძლება, ვთქვათ, რომ დღეს, აღნიშნულ პლატფორმაზე წამყვანი მედიასაშუალება ვართ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპლიკაცია Feedc მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა და მისი გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, ლუკა ხათრიძე იმედოვნებს, რომ პლატფორმა Georgia Daily-ს გუნდს იმაშიც შეუწყობს ხელს, რომ ლოკალური იდეა სულ მალე მსოფლიო დონის პროდუქტად იქცეს.

[R]

597 ლოგოს შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, როგორია ყველაზე ეფექტური დიზაინი

REDMED-ი ყველა მომხმარებელს ექიმის უფასო აუდიო რჩევას სთავაზობს