10
May
2019

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სოციალური ქსელი, სადაც არავის გამოწერა/დამეგობრება არ გჭირდებათ

10 May 2019

Startauperi
Startauperi


მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სოციალური ქსელი ერთი ლოგიკით მუშაობს – იმისათვის, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ინფორმაცია, სჭირდება ბევრი გამომწერი, ან ვირტუალური მეგობარი. შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც ინტერნეტში ეფექტური კომუნიკაციის უნარებით არ გამოირჩევა, რჩება ამ შესაძლებლობის მიღმა. ეს არის ერთგვარი მიკერძოებულობა, რომელიც სოციალურ ქსელებს ახასიათებს. ამასთან, კომპეტენტურ/მნიშვნელოვან პირად აღქმულია ის, ვინც დიდი ინტერნეტ აუდიტორიის შეგროვება მოახერხა, ვის პოსტებსაც დიდი გამოხმაურება აქვს… ნაკლებად პოპულარული მომხმარებლების მხრიდან გაჟღერებული სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი ხშირად იკარგება. ქართველმა სტუდენტებმა – ნიკოლოზ კვარაცხელიამ, გიორგი კვარაცხელიამ და ალექსანდრე სიჭინავამ გადაწყვიტეს, ამგვარი „უსამართლო“ მიდგომა შეეცვალათ და შექმნეს სოციალური ქსელი ახალი ლოგიკით – Feedc.

ჩვენი მთავარი მიზანია შევცვალოთ ის, თუ როგორ იყენებენ ადამიანები სოციალურ ქსელებს. Feedc- გუნდს უნდა, რომ დაანგრიოს ყველა ის ბარიერი, რომელსაც ქმნის ყველა სხვა ტრადიციული ახალი ამბების, თუ სოციალური ქსელების პლატფორმა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა“.
რას გულისხმობს ახალი ლოგიკა? Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმაა, აპლიკაცია აღიქვამს მომხმარებლის ადგილმდებარეობას და საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ, ან მოძებნოთ პოსტი საკუთარი (ან სხვა) ადგილმდებარეობის მონიშვნის შედეგად. ანუ, ნაცვლად თქვენ მიერ გამოწერილი ადამიანების პოსტებისა, სიახლეების ზოლში ხედავთ მათ პოსტებს, ვინც თქვენ ირგვლივ, ფიზიკურად იმყოფება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყოფნისას არ შეგიძლიათ მონიშნოთ, დავუშვათ, ამსტერდამი და ნახოთ, რას წერენ იქ მყოფი ადამიანები. ან მონიშნოთ კონკრეტული ადგილმდებარეობა, სტიქიური უბედურებისა თუ სხვა ტიპის ექსტრემალური სიტუაციის დროს და ნახოთ, რას წერენ ადგილობრივები…

Feedc-ის განსხვავებულ ლოგიკაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ აქ ყველა მოწონება/არ მოწონება ანონიმურია, შესაბამისად, მომხმარებელი თავისუფალია დამატებითი გავლენებისგან… Feedc-ს აქვს ენების ფილტრაციის ფუნქციაც, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული ენის მონიშვნისას აპლიკაცია ფილტრავს ყველა ენას და კედელზე დატოვებს მხოლოდ ერთ ენაზე დაწერილ პოსტებს. ეს კი მნიშვნელოვანია იმიგრანტების პრობლემების გადაჭრის კუთხით, რადგან უცხო ქვეყანაში ისინი მარტივად შეძლებენ თავიანთ ენაზე მოსაუბრე ადამიანების აღმოჩენას, რაც ახალ გარემოში ადაპტირებაში შეუწყობთ ხელს. გარდა ამისა, აპლიკაციის მნიშვნელობა დიდია ტურიზმის კუთხითაც. 

შეიძლება ვინმემ მოიაზროს Feedc Facebook-ის, ან Reddit-ის მსგავს პროდუქტად, მაგრამ Feedc განსხვავებულია. მომხმარებელი თავისი პროფილის შექმნის მომენტიდან დაკავშირებულია ყველასთან მსოფლიოში და არ სჭირდება სხვა მომხმარებლების მეგობრებში დამატება, რომ შეიქმნას აუდიტორია. სხვა პლატფორმებში, ხალხს სჭირდება ბევრი მეგობარი/follower იმისათვის, რომ მის ხმას რაიმე ძალა ჰქონდეს. Feedc-ზე ყველა თანაბარია. ყველა ქალაქს თავისი სიახლეების ზოლი აქვს, ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმა მიაწვდინოს მთელ მსოფლიოს. ასევე, გვაქვს „არ მომწონს“/Dislike ღილაკი, რომელიც აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, რომ ერთობლივად გადაწყვიტონ, რა ინფორმაციაა ფასეული და რა არა. ყველა მოწონება/არ მოწონება არის ანონიმური. ვერავინ ხედავს რა მოგწონს და რა არ მოგწონს, ეს აძლევს მომხმარებელს თავისუფლებას მის ქმედებაში. ყველა პოსტს თავისი კატეგორია აქვს და ყველას შეუძლია გაფილტროს მთელი მსოფლიოს Feed- კატეგორიის, ან ენის მიხედვით“, – გვიყვება გიორგი კვარაცხელია. 

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპლიკაცია მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა, მის შექმნაზე კი ნიკოლოზ კვარაცხელია 2 წელია მუშაობს. მან პროდუქტის პირველი ვერსია თავის უნივერსიტეტში, საფრანგეთში (SKEMA) გააკეთა. ტესტირების შემდეგ, მან დააფუძნა კომპანია და შექმნა გუნდი გიორგი კვარაცხელიასა და ალექსანდრე სიჭინავასთან ერთად. ამ დროისათვის, ნიკოლოზი ისევ საფრანგეთში სწავლობს, Feedc-ზე მუშაობის პერიოდში კი გიორგი იტალიაში (Bocconi) სწავლობდა, ხოლო ალექსანდრე თავისუფალ უნივერსიტეტში.

ამ მომენტში Feedc ხელმისაწვდომია ნებისმიერ სმარტფონზე. პროდუქტი მუშაობს ანდროიდზეც და iOS-ზეც. თუმცა, გიორგი კვარაცხელიას თქმით, მალე Feedc-ს ვებვერსიასაც უნდა ველოდოთ. 

 

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა