4
Jul
2019

ქართულმა სოციალურმა ქსელმა Feedc, Messanger და ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია დაამატა

4 Jul 2019

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა Feedc-იმ Messanger და ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია დაამატა, რაც მის მომხმარებლებს მიმოწერისა და ქალაქის/ქვეყნის Feed-ებზე ვიდეოკონტენტის გაზიარების საშუალებას მისცემს.

Feedc, დაახლოებით, ორი თვის წინ, ქართველი სტუდენტების მიერ შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ საცდელ ეტაპზე, ქართველ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, მსოფლიოს არაერთი ქალაქისთვის საინტერესო აპლიკაციად იქცა. Feedc მის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია არა მეგობრების, ან გამომწერების სისტემის დახმარებით, არამედ, ქალაქის/ქვეყნის Feed-ებზე. ანუ, ნაცვლად თქვენ მიერ გამოწერილი ადამიანების პოსტებისა, სიახლეების ზოლში ხედავთ მათ პოსტებს, ვინც თქვენს ქალაქსა თუ ქვეყანაში იმყოფება. ამიტომ, Feedc-ს სოციალური ქსელი ახალი ლოგიკით ვუწოდეთ და დღეს ის უკვე დაცული მიმოწერისა და ვიდეოს ატვირთვის საშუალებასაც იძლევა.

ორთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, სოციალურ ქსელში მუდმივად იყო განახლებები. უფრო დეტალურად, იმის შესახებ, თუ როგორია Feedc-ის ჩატი და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში, ქართული სოციალური ქსელისგან, მისი თანადამფუძნებელი – გიორგი კვარაცხელია გვესაუბრა.

M: რა შეიცვალა Feedc-ისთვის ორთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში? რა გაჩვენათ გამოცდილებამ?
ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ცვლილება შევიტანეთ და დავხვეწეთ აპლიკაცია. ცვლილებების უმეტესობა მომხმარებლისგან მოწოდებული feedback-ის შესწავლისა და დეტალური ანალიზის შედეგად განხორციელდა. პირველ რიგში, ყველაზე დიდი ცვლილება არის ჩვენი ახალი Feedc Messanger. დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა ჩატის დამატება, თუმცა გვინდოდა ის მომხმარებლისთვის ისე მოგვერგო, რომ მას სხვა ასეთი ჩატებისგან განსხვავებული და ბევრად დადებითი Experience ჰქონოდა. გარდა ამისა დაემატა ვიდეოს ატვირთვის შესაძლებლობა და აპლიკაციის ყველა ფუნქცია გაუმჯობესდა (მოწონება, კომენტარები,  ა.შ.). ამ დიდი update-ით ჩვენ გადავედით ალფა სტადიიდან ბეტაში.

გამოცდილებამ გვაჩვენა – მიუხედავად იმისა, რომ დაწყებით სტადიაზე, აქცენტი გავაკეთეთ საქართველოზე, მომხმარებლები გვიერთდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენც ვიწყებთ უფრო აქტიურად მუშაობას სხვა ქვეყნებში პროდუქტის გატანაზე. 

M: როგორია Feedc-ის ჩატი? რა განასხვავებს მას სხვა ჩატებისგან?
Feedc-ის ჩატი, ისევე როგორც თვითონ აპლიკაცია, არის სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებული, რადგან ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს მის ქალაქში/ქვეყანაში, მეგობრებში დამატების გარეშე. ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტი არის ჩატის უსაფრთხოება, რომელიც მისცემს ყველა მომხმარებელს იმის კომფორტს და გარანტიას, რომ მათ მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაცულია. თუ მომხმარებელმა იპოვა საერთო ინტერესის მქონე ადამიანი რომელიმე Feed-ზე, მას შეუძლია მის პროფილზე გადავიდეს, ერთ ღილაკზე დაჭერით მისწეროს და გაესაუბროს, გაეცნოს.

M: რა განახლებებს გეგმავთ Feedc-ში, სამომავლოდ?
ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რომ ყოველთვის ახალი რამ შესთავაზოს მომხმარებელს მათი აზრის და feedback-ის გათვალისწინებით. ყოველ კვირა იდება ახალი Update-ები და აუცილებლად ასე გაგრძელდება. გარდა ამისა, Feedc-ის ვებვერსიაც ძალიან მალე გამოვა.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა