Feel the PAWer of love in Zugdidi — ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზაცია „პროექტი ცხოველებისთვის“ 20 ივლისს ზუგდიდის სკეიტ პარკში უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემის შესახებ და ამ პრობლემის მოგვარებაში უფრო მეტად ჩართვა.
„მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა“ სხვადასხვა არაჩვეულებრივი საჩუქრით, საბავშვო გასართობი კუთხე, ფოტო-გამოფენა, ვეტერინარის საჯარო ლექცია — ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტუმრებს ღონისძიებაზე ელოდებათ.
გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საინფორმაციო მასალებს, მიირთვან გემრიელი „სთრით ფუდი“, ისიამოვნონ გამაგრილებელი სასმელებით და საქველმოქმედო მარკეტის ფარგლებში უამრავი ლამაზი და საინტერესო ნივთი შეიძინონ. აქვე იქნება შესაბამისი მუსიკაც, რომელიც სტუმრებისთვის პოზიტიურ გარემოსა და განწყობას შექმნის.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი საზოგადოების ცოდნას კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ უფრო გააღრმავებს და მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების სოციალურ პრობლემაზე ცნობიერებას საგრძნობლად გაზრდის.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობდნენ — ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების სტრატეგიის აღსრულება და მოსახლეობის მეტი ჩართულობა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.