in

Feel the PAWer of love — მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი ღონისძიება

Feel the PAWer of love — ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზაცია Animal Project, 8 მაისს, ორბელიანის მოედანზე გამართავს. იგი მიუსაფარ ცხოველებს ეძღვნება და მიზნად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ამ სოციალურ პრობლემაში უფრო მეტ ჩართულობას ისახავს.

„მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა“, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი კუთხე, ფოტო-გამოფენა და ბევრი საინტერესო პროექტის წარდგენა, მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი ხის სახლების მოხატვა, საქველმოქმედო მარკეტი — ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტუმრებს 8 მაისს ორბელიანის მოედანზე ელოდებათ.

ღონისძიების სივრცე რამდენიმე ზონად დაიყოფა და თითოეული მათგანი სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობას დაეთმობა. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიირთვან ქართული ვეგეტარიანული და ვეგანური სამზარეულო, ისიამოვნონ მსუბუქი სასმელით და საქველმოქმედო მარკეტის ფარგლებში უამრავი ლამაზი და საინტერესო ნივთი შეიძინონ. ივენთის შესაბამის მუსიკალურ განწყობას Bero და Hatsvali შექმნიან.

დღის ბოლოს კლუბი მტკვარზე უმასპინძლებს საქველმოქმედო ღონისძიებას “Dance for Animals” და როგორც ამბობენ, დღის განმავლობაში დაგროვებულ პოზიტიურ ენერგიებს ცეკვაში გარდაქმნის.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი, საზოგადოების დამოკიდებულებაზე მიუსაფარი ცხოველების მიმართ, დადებით გავლენას იქონიებს. მოსახლეობის მეტი ჩართულობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ამ კომპლექსური პრობლემის  აღმოსაფხვრელად. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, რომ მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობდნენ.

„მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა“

გამოფენაში მონაწილეობის კანდიდატებს მხოლოდ ერთი პირობა აქვთ: მათი ოთხფეხა მეგობრები უნდა იყვნენ ქუჩიდან აყვანილი მეტისები. იდეის მთავარი მიზანი კი ასეთია:

  • მეტისების აყვანის წახალისებასა და მათი სასურველობის „გატრენდებას“
  • იმ სტერეოტიპების ჩამოშლას, რომელიც მეტისების გარშემოა შექმნილი: რომ ისინი ე. წ. „ჯიშიან“ ცხოველებზე ნაკლებად ჯანმრთელები, ჭკვიანები და კარგები არიან.
  • გამოფენების და სილამაზის კონკურსების კონცეფციის გაშარჟებას, საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, თუ რამდენად არასწორი და არაჯანსაღია გარეგნობაზე და სილამაზეზე ორიენტირებული ღონისძიებები.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიარონ, სადაც რამდენიმე სახალისო და ინფორმატიულ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ოთხფეხა მეგობარი გამოფენაზე გამოიყვანონ.

ნომინაციები შემდეგია:

  • ყველაზე განიერი
  • ყველაზე მოკლე
  • ყველაზე პატრონს დამსგავსებული
  • ყველაზე გადარჩენილი (აქ ცუგას პატრონმა უნდა გაგვიზიაროს ისტორია, თუ როგორ იპოვა თავის ოთხფეხა მეგობარი და რა ისტორია ჰქონდა მას სანამ თავის ოჯახის წევრი გახდებოდა)
  • ყველაზე მეტისი
  • მაყურებლის სიმპათია

გამარჯვებულებს, სერტიფიკატთან და თასთან ერთად, სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.

კარგია, მაგრამ გააფუჭებენო! – ცივ-ცივის „არგაფუჭების“ ისტორია

7 მაისს „რესპუბლიკა“ ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“ პროგრამით „ქარაბშა“ მასპინძლობს