7
Feb
2020

კვლევა: რატომ შეიძლება, დილაობით თავს ცუდად ვგრძნობდეთ?

7 Feb 2020

ცნობილი ფაქტია, რომ დილაობით, როდესაც ვიღვიძებთ, ბედნიერების ჰორმონები ორგანიზმში გამოყოფას ვერ ასწრებენ და ამიტომაც ხშირად, ვერ ვართ ისეთ ხასიათზე, როგორზეც შეიძლება, რომ საღამოთი ვიყოთ. სეროტონინი დღის განმავლობაში გამომუშავდება, შესაბამისად, როგორ ხასიათზეც გავიღვიძებთ, უმეტეს შემთხვევაში, არ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ხასიათზე ვიქნებით დღის განმავლობაში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ამბავი, რომელსაც უნდა მოგიყვეთ, არაფერ კავშირშია სეროტონინთან. Inc.com-ის ჟურნალისტი, კრის მატიშციკი თავის ამბავს გვიზიარებს, რომელიც შესაძლოა, ძალიან ბევრს გადაგხდენიათ.

მისი ისტორია მისსავე ცოლთანაა დაკავშირებული, რომელსაც სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დილაობით ძალიან ადრე უწევდა ადგომა. თითოეული დილა კრისისთვის ცოლის მიერ დაყენებული მაღვიძარის არც თუ ისე სასიამოვნო მელოდიით იწყებოდა. საბოლოო ჯამში, ისე ხდებოდა, რომ კრისი საშინელ ხასიათზე იღვიძებდა და ცოლის სამსახურში წასვლის შემდეგაც კი ვეღარ ახერხებდა ძილის შებრუნებას. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ გაღიზიანება მას მთელი დღის განმავლობაშიც მიჰყვებოდა და სამსახურში არაპროდუქტიული იყო.

ერთ დღესაც, მისმა ცოლმა მაღვიძარას მელოდია შეცვალა – თუკი აქამდე ის ზედმეტად ხმამაღალი იყო და ზარის რეკვას ჰგავდა, ახლა კრისს და მის ცოლს მშვიდი, სასიამოვნო მუსიკა აღვიძებდათ. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მან დაასკვნა, რომ ყოველ დილით სრულიადაც აღარ იღვიძებდა შფოთვით. ეს აისახა პროდუქტიულობაზეც – გაიზარდა მისი მუშაობის ხარისხი. როგორც აღმოჩნდა მისთვის მაღვიძარას მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

თუმცა, არამხოლოდ მისთვის..

შეიძლება, თქვენ დილიდანვე დაყოლილ ცუდ ხასიათს მარცხენა ფეხზე ადგომას აბრალებთ, ან სულაც ფიქრობთ, რომ “დილის ადამიანი არ ხართ..” თუმცა, ძალიან ბევრ შემთხვევაში ყველაფერი თქვენი მაღვიძარას ხმაზეა დამოკიდებული. საკმაოდ ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ დამსტრესველი ხმები პირდაპირპროპორციულად აისახება იმაზე, თუ როგორ ხასიათზე გავიღვიძებთ. ამგვარი ხმების ავტომატურად მოსმენის შემდეგ ძილი უეცრად წყდება, ორგანიზმი ვერ ასწრებს გამოფხიზლებას და როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად გაღვიძებისთვის მზად არ ვართ. თუმცა, ეს მაინც გვიწევს და ამიტომაც ვღიზიანდებით. ამგვარი გაღიზიანება გაღვიძებიდან 4 საათის განმავლობაში გრძელდება.

ეს შემთხვევა ყველაზე მწვავედ დგას იმ ადამიანებთან, რომელთა სამსახურიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, მაგალითად: სასწრაფოს მძღოლები, მეხანძრეები, ექიმები და ა.შ პირველ რიგში, მათ სჭირდებათ მშვიდად გაღვიძება, რათა მშვიდადვე განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია მაღვიძარაზე ნეიტრალური ან უბრალოდ სასიამოვნო მელოდიის დაყენება, რათა გონებამ შეძლოს, ნელ-ნელა, ყოველგვარი სტრესის გარეშე გამოიღვიძოს. თუკი ეს არ გიცდიათ, მაშინ სცადეთ და დააკვირდით რამდენად გაიზრდება თქვენი პროდუქტიულობა.

წყარო: Inc



განხილვა