in

უქომაგე ევროპის ჩემპიონატს მუზეუმიდან! – ეთნოგრაფიული მუზეუმის ტეროტორიაზე მატჩების დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებთ!

ეს ისეთი ამბავია, მერე რომ იტყვი – რას ამბობ, იცი, სად ვუყურეთ ფეხბურთს? მუზეუმშიო! Pub 44-ისა და Setanta Sports-ის ორგანიზებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საგულშემატკივრო სივრცე მოეწყო, სადაც უკვე დღეიდან შეგიძლიათ უგულშემატკივროთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. ორი დიდი ეკრანი, მაღალი ხარისხის საუნდ-სისტემით. ლუდიც უხვად იქნება, მინი-ბურგერებიც და ჰოთ-დოგებიც. ტერიტორიაზე შესვლა თავისუფალია და სტუმრებს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში უმასპინძლებს. თავად Pub 44-ში კი, რომლის მენიუზეც გაი რიჩის შეფმზარეულმა იმუშავა, მოხვედრა მხოლოდ ჯავშნითაა შესაძლებელი. საფეხბურთო სეზონის მუზეუმში გულშემატკივრობაზე Pub 44-ის დამფუძნებელი, ელენე კვირიკაშვილი გვესაუბრა. 

M: როგორ ჩამოყალიბდა Pub 44 და როგორია განსხვავებული გამოცდილება, რასაც სტუმრებს სთავაზობთ?

სპორტის დიდი ქომაგი ვარ. სამწუხაროდ, თბილისში დაბრუნებულმა ვერსად ვიპოვე ადგილი, სადაც გემრიელად ვუგულშემატკივრებდი საყვარელ გუნდებს. როგორც წესი, პატარა სივრცეები მხვდებოდა, პატარა ეკრანებით. სპორტს კი ძალიან უხდება, ბევრი ადამიანი ერთად რომ უყურებს და ისეთი განცდა გაქვს, თითქოს მოედანზე ესწრები მატჩს.

გადავწყვიტეთ ეს იდეა პაბის კონცეფციასთან გაგვეერთიანებინა და Pub 44 შევქმენით. სახელწოდება ჩემს საყვარელ მრბოლელს, ლუის ჰამილტონსა და მის საასპარეზო ნომერს უკავშირდება – 44-ს. სპორტის გულშემატკივრებისთვის 2 ცალი 7-მეტრიანი ეკრანი დავამონტაჟეთ, თავისი ხმის სისტემით, რათა თამაშის ყურების გამოცდილება მაქსიმალურად მიგვეახლოებინა რეალურთან. ორ ეკრანზე ორი განსხვავებული მატჩის ნახვაა შესაძლებელი. პაბის თითოეული ადგილი ისეა შერჩეული, რომ ყველა ხედავდეს ეკრანს. ვფიქრობ, ყველაფერს ეტყობა, რომ სპორტის გულშემატკივრების გაკეთებულია.

ამ სასიამოვნო გამოცდილებისთვის აუცილებელი იყო, რომ ირლანდიურ პაბში გემრიელი ლუდი გვქონოდა. ამიტომაც, სტუმრებისთვის გვაქვს Guinness, რომლის hero outlet ვართ.

სპორტის გულშემატკივრების გარდა, სტუმრებს ვთავაზობთ ცოცხალ მუსიკას, შესაბამისად, Pub 44 არის ყველა იმ შემთხვევისთვის, როდესაც განტვირთვა, გემრიელი ლუდისა და კერძების მირთმევა გინდათ.

M: როგორც გვიამბეთ, პაბის მენიუს შესაქმნელად გაი რიჩის პაბიდან მოიწვიეთ ბრენდ შეფი…

ერთხელ მკითხეს, რა გემრიელი საჭმელი გაქვთ, ვის მოპარეთ შეფიო? ვუპასუხე – გაი რიჩის მეთქი! სტუმრებისთვის ქართული სამზარეულოს შეთავაზება არ გვინდოდა, რადგან ბაზარზე ამის ნაკლებობა არ არის. ჩვენთან სტუმრობა გემრიელადაც რომ დაგამახსოვრდეთ, სპეციალური მენიუ შევიმუშავეთ. დიდი ხნის ძიების შემდეგ, მენიუზე სამუშაოდ გაი რიჩის პაბ The Lore Of The Land-დან მოვიწვიეთ ბრენდ შეფი ალი ბორერი. იმ დროისათვის თავად ალი ბორერსაც სურდა მსგავს პროექტებზე მუშაობა, თბილისში სტუმრობდა მეგობარს და სრულიად შემთხვევით გავიცანი. ჩვენი სურვილები დაემთხვა და დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა საქმეს. შედეგად, ძალიან გემრიელი კერძები გვაქვს.

M: სპორტის გულშემატკივრებს მუზეუმში როგორ მოუყარეთ თავი?

პაბში მხოლოდ 120 ადგილი გვაქვს. საფეხბურთო სეზონის დასაწყისში ხშირად გვიწევდა უარის თქმა სტუმრებისთვის, არასაკმარისი ადგილების გამო. 26 მარტს, დაახლოებით, 7000 ადამიანს ვუთხარით უარი ჯავშანზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ გულშემატკივრები ისეთ გარე სივრცეში შეგვეკრიბა, სადაც ეროვნულობის განცდა კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა. ამიტომაც ავიღეთ სივრცე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ამ კამპანიის მთავარი გზავნილია „ფეხბურთი მუზეუმში“. ვერც მოვძებნე  ფეხბურთის მუზეუმში ყურების სხვა მაგალითი და ვფიქრობ, ამ მხრივაც უნიკალურია ეს იდეა. საფეხბურთო სეზონზე ეთნოგრაფიული მუზეუმი ათასობით სტუმარს უმასპინძლებს, სადაც ორ უზარმაზარ ეკრანზე, მაღალი ხარისხის აუდიოსისტემის საშუალებით შეეძლებათ უგულშემატკივრონ ეროვნულ ნაკრებს.

M: როგორი გამოცდილება ელით ფეხბურთის გულშემატკივრებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში?

გემრიელი მინი-ბურგერები და ჰოთ-დოგები, ლუდი და სხვა სასმელები, სპეციალურად მოწყობილი დასაჯდომი სივრცეები – თუკი საფეხბურთო ზეიმის განცდა გსურთ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში საამისო გარემო ნამდვილად დაგხვდებათ. თანაც, როგორი განცდაა – ფეხბურთს მუზეუმში რომ გულშემატკივრობ? განთავსებული იქნება ორი დიდი ეკრანი, შესაბამისად, ორი დამოუკიდებელი სივრცე მატჩის საყურებლად. მთლიანობაში, 2000-3000 სტუმარზე იქნება გათვალისწინებული.

ეთნოგრაფიულ მუზეუმი ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. შემოსვლა თავისუფალი იქნება, წინასწარი ჯავშანი არ არის აუცილებელი.

[R]

We’re back, baby! — Voyager 1 დაბრუნდა

„გაბედე – იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – როგორ შეიქმნა m²-ის ახალი გზავნილი