ნუგბარის ნამდვილი მოყვარულებისთვის, თბილისში, დავით აღმაშენებლის N 49/2-ში, დესერტების ბარი “ფელამუშიტო” იხსნება, სადაც ტრადიციული ნუგბარის მოდერნიზებული ვარიაციების დაგემოვნება შეგეძლებათ. “ფელამუშიტო” ქართული კულინარიული ექსპერიმენტის შედეგია, ხოლო მისი კონცეფცია ქართულისა და თანამედროვე გემოების პიკანტურ კომბინაციას გულისხმობს.
“ფელამუშიტოს” მთავრი დესერტი ფელამუშია. დესერტის ნაირსახეობა ძველ და ახალ არომატებს აერთიანებს. მისი კონსისტენციის პირვანდელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, შეიქმნა სპეციალური აპარატი, რომელიც “ფელამუშიტოელებს” მომხმარებლების თბილი ფელამუშით გამასპინძლების საშუალებას აძლევს. აპარატის შემქნაში ჩართული იყო ფიზიკოსების და ტექნოლოგების გუნდი, რომელმაც ბევრი სირთულის მიუხედავად, ინოვაციურ გადაწყვეტას მიაკვლია.

ფელამუშის გარდა, “ფელამუშიტოში” სხვა უამრავი დესერტის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი, რომლებიც ქართული ტრადიციული და მოდერნული გემოების ტანდემია. დესერტებს გამოარჩევს სწორედ ის მიდგომა, რითაც “ფელამუშიტოს” შემქმნელები უკვე დამკვიდრებული არომატებისა და სხვადასხვა ინგრედიენტების ნაზავით განსხვავებულ რეცეპტურას ღებულობენ. დამფუძნებლის, ნინო გოგალაძის თქმით, “ფელამუშიტოს” დესერტებს მისი ნატურალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიც გამოარჩევს.
“ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელიც გთავაზობთ ფელამუშის თანამედროვე დესერტებს, რომლისთვისაც სპეციალურად შევქმენით აპარატი, რომ შევინარჩუნოთ ფელამუშის კონსისტენცია პირვანდელ მდგომარეობაში.”
როგორ შეიქმნა “ფელამუშიტო”
გემრიელი დესერტების შექმნა ნინო გოგალაძისა და ტკბილეულის ორმხრივ სიყვარულს უკავშირდება. ძლიერმა სურვილმა, შეექმნა განსხვავებული, გემრიელი და სასარგებლო დესერტები, უჩვეულო გადაწყვეტამდე მიიყვანა. ერთხელ, როდესაც კახურ რთველში ცხელი ფელამუში გასინჯა, გაუჩნდა სურვილი, ეს პროდუქტი ასეთ თბილ და გემრიელ მდგომარეობაში, წლის ნებისმიერ დროს ყოფილიყო ხელმისაწვდომი. კულინარიული ექსპერიმენტების შედეგად, ფელამუშის ახლებური ვარიაციები რომ მიიღო, ჩათვალა, რომ ამ პროდუქტს ჰქონდა მომავალი და კვების ტექნოლოგ სალომე გიგაშვილთან ერთად დაიწყო იდეის ხორცშესხმაზე მუშაობა.

“პირველად გავაკეთეთ კლასიკური ფელამუში ნაღებით და თეთრი შოკოლადით და ისეთი საოცარი გემო მივიღეთ, გადავწყვიტეთ მხოლოდ ამაზე არ გავჩერებულიყავით და შევქმენით ფელამუში ყავით, კარამელით, გლინტვეინის ფელამუში და ა.შ დღეისათვის დაახლოებით 10 სხვადასხვა გემოს ფელამუში გვაქვს, თუმცა ჩვენს ბარში კლასიკური ფელამუშის დაგემოვნებასაც შეძლებთ.”
დღესდღეობით, “ფელამუშიტოს” მიზანია შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული, მეგობრული გარემო, თანამედროვე ქართული დესერტის ახალი რეცეპტები და ყოველივე ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანონ.
“ფელამუშიტოს” მეგობრულ გარემოში მისულ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს ბარის სივრცით, რომლის მუზეუმის სტილში გადაწყვეტილ დიზაინზეც მარიამ ლობჟანიძემ იმუშავა. დესერტების მირთმევა შეიძლება როგორც ადგილზე, მყუდროდ მოწყობილ გარემოში, ისე Take Away პრინციპით. ბარის კონცეფცია ქართული ტრადიციული ელემენტებითაა გადაწყვეტილი.
ბარში სტუმრობა და “ფელამუშიტოს” ნუგბარის დაგემოვნება 1-ლი აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.
[R]