კომპანია Fender გიტარებს 1946 წლიდან აწარმოებს. დღეს მან გამოუშვა აპლიკაცია სახელად Fender Songs, რომლის დახმარებითაც მილიონობით კომპოზიციის დაკვრის სწავლას შეძლებთ. Fender Songs ეს არის ერთგვარი ნოტების ბიბლიოთეკა, რომელიც Apple Music-თან ერთად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ Fender-ის ძირითადი და ისტორიული მიმართულება გიტარებია, აპლიკაციის დახმარებით შეძლებთ საყვარელი კომპოზიციების როგორც გიტარაზე, ასევე, ფორტეპიანოსა თუ უკულელეზე დაკვრას.
როგორ მუშაობს Fender Songs? ის იყენებს აკორდების/ნოტების ამომცნობ ალგორითმს. მასში ჩართული მუსიკის პარალელურად, რეალურ დროში შეძლებთ ნოტებისა და სიტყვების სწავლას.
უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის ინტერფეისი უფრო დამწყებ, მოყვარულ მუსიკოსებზეა მორგებული. Fender Songs-ის გადმოწერა iOS სისტემის მომხმარებლებს შეუძლიათ. აპლიკაციის მოხმარების ყოველთვიური ფასი 5 დოლარია. აპლიკაცია დღეს გაეშვა აშშ-ში და ჯერჯერობით, უცნობია, როდის გახდება ხელმისაწვდომი გლობალური ბაზრისთვის.