მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ბრენდია Fender, რომელმაც სახელი გიტარების წარმოებით გაითქვა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჟანრები და მსმენელის გემოვნებაც იცვლება, ის მაინც რჩება ყველაზე პოპულარულ ბრენდად და მუსიკოსებისთვის საყვარელ ინსტრუმენტად.
როდის და როგორ გამოჩნდა ის პირველად ბაზარზე, „ისტორიების” რუბრიკიდან შეიტყობთ.
დამფუძნებელი, რომელმაც თავად არ იცოდა დაკვრა
კლარენს ლეო ფენდერი 1909 წელს დაიბადა კალიფორნიაში. მას თავად არასოდეს უსწავლია გიტარაზე დაკვრა, თუმცა 1943 წელს შექმნა კომპანია, Fender Musical Instruments Company და მის მიერ შექმნილმა გიტარებმა და გამაძლიერებლებმა შეცვალა პოპულარული მუსიკის კურსი.
ადრეული წლები
ფენდერის რეპუტაცია ხარისხიანი გამაძლიერებლებისა და ელექტრო გიტარების მწარმოებლობით ჩამოყალიბდა. ის ჯერ ქანთრის ჟანრისთვის ქმნიდა ინსტრუმენტებს, მოგვიანებით კი, როცა როკ-ენ-როლმა დაიწყო გავრცელება და მაშინდელმა როკვარსკვლავებმა, ბადი ჰოლიმ, ჯიმი ჰენდრიქსმა, ერიკ კლეპტონმა და ბიტლზმა დაიწყეს Fender-ის ნათელი ფერების გიტარებზე და ბასებზე დაკვრა, კომპანიის წარმატებაც გაიზარდა.
მოთხოვნა მომხმარებლისგან
ბიზნესის დაწყებიდან მალევე ლეოს სხვადასხვა ბენდმა მიმართა თხოვნით, რომ PA სისტემები და სიმებიანი ინსტრუმენტების გაძლიერების სხვა საშუალებები. ეს იყო გამოწვევა, რომელიც ლეო ფენდერმა ინსპირაციის წყაროდ მიიღო და გაითვალისწინა მოთხოვნა.
მან თანამშრომლობა დაიწყო გამომგონებელთან და Rickenbacker-ის ყოფილ ინჟინერთან. მათ შექმნეს ფოლადის გიტარის პატენტი, რომელიც გამაძლიერებელთან ერთად კომბინაციაში გაიყიდებოდა.
ახალი ბიზნესი
1946 წელს ფენდერმა ბიზნესს დაარქვა Fender Electric Instruments Company. იმავე წელს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რადიო და სატელევიზიო აღჭურვილობის კომპანიასთან, რომელიც გახდა Fender გამაძლიერებლებისა და გიტარების ერთადერთი დისტრიბუტორი.
გარდა ამისა, ლეო ფენდერმა თავისი სახელოსნო სამართავად გადასცა დეილ ჰაიტს, რადგან უნდოდა, კონცენტრირება მოეხდინა მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებაზე. 1949 წლისთვის Fender-ის გამაძლიერებლებმა და გიტარებმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის მუსიკალურ ინდუსტრიაში.
Telecaster და სხვა ბრენდები
1950 წლის გაზაფხულზე Fender Electric Instruments Company-მ წარმოადგინა ახალი გიტარა, Telecaster, რომელიც მყარი კორპუსითა და გრიფით გამოირჩეოდა. ის გახდა კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელექტროგიტარა მსოფლიოში.
კარგი წელი იყო ბრენდისთვის 1951-იც. ამ წელს ასევე გამოჩნდა Precision Bass, რომელიც მალე გახდა პირველი ელექტრობასი, ლეო ფენდერის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ლეგენდარული ინსტრუმენტი.
Telecaster-ისა და P-Bass-ის წარმატების შემდეგ, ფენდერმა და მისმა დამხმარეებმა კვლავ დაიწყეს ახალი გიტარის გამოგონება. ორწლიანი კვლევისა და განვითარების შემდეგ, 1954 წელს გამოვიდა ახალი გიტარა, რომლის კოსმოსური კონტურები და განუმეორებელი ხმა სამუდამოდ შეცვლიდა გიტარის ხმოვანებას – მას ერქვა Stratocaster.
50-იან წლებში მან ასევე დაიწყო მუშაობა გიტარაზე, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა კონკრეტულად ჯაზგიტარისტებისთვის. დახვეწილი ვიზუალისა და ხმის მქონე ინსტრუმენტმა, Jazzmaster-მაც გაამართლა.
როგორც ავტომობილების ინდუსტრიაშია ცნობილი სახელი ჰენრი ფორდი, გიტარების წარმოებაში ლეო ფენდერია ასეთი ტიტულიანი ფიგურა. მართალია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 1965 წლის იანვარში ფენდერმა თავისი კომპანია მიჰყიდა CBS-ს, მაგრამ ხანა, რომელიც მან ამ ინდუსტრიაში შექმნა, დღემდე დაუვიწყარია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი