როდესაც საქმე ფერებს ეხება, ბრენდები მიზანმიმართულ, სტრატეგიულ თამაშს ირჩევენ, რომელიც პირდაპირ ფერის ფსიქოლოგიას უკავშირდება. სწორედ ასე ახერხებენ ხანგრძლივი შთაბეჭდილებების შექმნას, საზოგადოებაში მკაფიო აღქმის დამკვიდრებას.
მაგალითად, პირველი რა გახსენდებათ მაკდონალდსის ხსენებისას? რა თქმა უნდა, წითლისა და ყვითლის ძლიერი კომბინაცია. ეს შემთხვევითობის პრინციპით ნამდვილად არ აურჩევიათ — სანაცვლოდ, საგულდაგულოდ შეარჩიეს, რათა ხანგრძლივ ვადაში ბრენდის სინონიმად ქცეულიყო. არაერთი კვლევაც ამტკიცებს, რომ სწორ ფერებს ცნობადობის გაზრდა 80%-ით შეუძლია. მაკდონალდსმა კი ეს კონცეფცია განავრცო როგორც ლოგოში, ისე შეფუთვასა და ინტერიერის დიზაინში.
ფერების ფსიქოლოგია
ფერები მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიასა და ემოციებზე. კვლევების მიხედვით, პროდუქტების შესახებ შეფასებების 60%-დან 90%-მდე დაფუძნებულია მხოლოდ ფერებზე. მაგალითად, ცნობილია, რომ წითელი ასტიმულირებს მადას და ქმნის გადაუდებელ გრძნობას — სწორედ ამიტომ იყენებენ სწრაფი კვების ქსელები წითელს ხშირად. მეორე მხრივ, ყვითელი ბედნიერებასთან, ენერგიასთან და სითბოსთან ასოცირდება, რაც დამატებით დადებითი კონტექსტია მომხმარებლებისთვის.
ფერების ბრენდინგის 3 მაგალითი:
Apple-ის დახვეწილ და მინიმალისტურ დიზაინს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ფერების არჩევანი. შავისა და თეთრის მონოქრომული ელეგანტურობა ასახავს ბრენდის ერთგულებას სიმარტივის, დახვეწილობისა და ინოვაციებისადმი.
Coca-Cola-ს ლოგოს წითელი ფერი აფრქვევს ენერგიას და მღელვარებას. ეს კი იდეალური არჩევანია სასმლისთვის, რომელიც განახლებასთან, სიამოვნებასთან და დღესასწაულთან ასოცირდება.
Facebook-ის ბრენდინგის დამამშვიდებელი ლურჯი უკავშირდება სანდოობასა და კავშირს, რომელიც ზუსტად შეესაბამება სოციალური მედიის პლატფორმის ძირითად ღირებულებებს.
თანმიმდევრულობა, როგორც მთავარი გასაღები
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბრენდის პალიტრის შექმნა შემთხვევითობის პრინციპით არ ხდება. ის იდენტობის ორგანული ნაწილი უნდა იყოს, რომელიც კონკრეტულ ღირებულებებსა და ემოციებს შეესაბამება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება — ვებგვერდიდან საბოლოო პროდუქტამდე, ყველგან უნდა აისახებოდეს ვიზუალური იდენტობა.