in

ფერი, როგორც ღვინის ხასიათი — Pery

Startauperi
Startauperi

ყველაფერი ერთი ფერით, ყვითლით დაიწყო, როდესაც რეზი ცეცხლაძემ თეორიული ცოდნის საკუთარ ბრენდად გარდაქმნა გადაწყვიტა. ამ ყვითელი ეტიკეტის მიღმა კი „მარტივი“ დიზაინის მქონე ბოთლში ჩამოსხმული თეთრი, მშრალი რქაწითელი იყო, რასაც შემდგომში კიდევ სამი ფერი შეემატა. დღეს კი სწორედ Pery-ზე და მის საინტერესო ბრენდინგზე უნდა გიამბოთ, რომელშიც ვიზუალურად გემოვნური მახასიათებლებია გამოხატული.

„ამოსავალი წერტილი მაქსიმალური სიმარტივე იყო, რათა მომხმარებლებს მარტივად შესძლებოდათ იმის გაგება, თუ რას ყიდულობენ. ამიტომაც, ეტიკეტის ფერები იმის მიხედვითაა შემუშავებული, რისი არომატიც თითოეულ მათგანს აქვს“,განმარტავს რეზი ცეცხლაძე, Pery-ის დამფუძნებელი.

ბრენდი ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა, 1000 ლარით დაწყებული საქმე კი დღეს საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. კერძოდ, „ფერის“ პროდუქცია 150-მდე ობიექტში იყიდება, ყოველწლიურად 20 000 ბოთლის წარმოებით. ასეთი თანამედროვე, განსხვავებული და უჩვეულო ბრენდირებით კი არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ უცხოელების ყურადრებაც კი მიიქცია.

Pery-ის ბრენდინგზე რეზი ცეცხლაძემ და ნიკა ჯიბლაძემ ერთად იმუშავეს.

ლოგო, ეტიკეტი და არასტანდარტული თავსახური

ლოგო საკმაოდ მარტივ კონცეფციას ეფუძნება — ის ვაზს განასახიერებს, ვინაიდან მცენარე ყველაზე დიდ როლს ასრულებს ღვინოში. ამიტომაც გადაწყვიტეს, ბრენდის ლოგოდ პირდაპირ ვაზი ექციათ. ამ შემთხვევაშიც მინიმალისტური ვერსია ამჯობინეს, რათა დიზაინი ზედმეტად არ გადატვირთულიყო და ძირითადი ყურადღება ფერიდან სხვა ელემენტზე არ გადასულიყო.

რაც შეეხება ეტიკეტს, რეზი საკმაოდ საინტერესო, სიმბოლურ ახსნას გვთავაზობს: „თუ ფერი ღვინის ხასიათს გამოხატავს, ეტიკეტის ტალღოვანი ჭრილი გემოზე მიუთითებს. ვინაიდან ჩვენი წარმოების ღვინო ერთფეროვანი არაა და უფრო მეტად ცოცხალი გემო აქვს, ეს ვიზუალურადაც ავსახეთ. ამ საინტერესო გემოს მჟავიანობა ქმნის, რაც ყველა პროდუქტში მნიშვნელოვანია ზოგადად. როცა „ფერის“ მარტივად გასაგებ, ყოველდღიურ და მეგობრულ ღვინოზე ვსაუბრობთ, რომელიც ერთგვარ ფილოსოფიურ მიდგომას არ საჭიროებს გასაგებად, ეს ცოცხალი, მაღალმჟავიანი გემო აუცილებელია. 

თუკი ღვინოს მჟავიანობა აკლია, სწორხაზოვანია და ჩემთვის ტბის ეფექტი აქვს. ხოლო ჩვენი ღვინოები მოძრავი, აქტიურია. რომ დალევ, შენც კარგ მოძრაობებში ხარ“, აღნიშნავს რეზი.

გარდა ამისა, საინტერესოა თავსახურის ჩამონაღვენთიც, რომელიც არასტანდარტული სახითაა წარმოდგენილი. ალბათ, იმიტომაც, რომ არასტანდარტულობა პირდაპირ ინდივიდუალიზმთანაა კავშირში. ამ უკანასკნელს კი ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ყველა ბოთლისთვის ეს ჩამონაღვენთი ხელით კეთდება — შესაბამისად, ორი ერთნაირი გამოშვება არ არსებობს ვიზუალურად. ხანდახან ლამაზი გამოდის, ზოგჯერ ნაკლებად მიმზიდველი, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენნაირი სხვას არ აქვს. რაღაცნაირად განწყობის ცვალებადობასაც ეხმიანება.

ფერი, როგორც მთავარი მახასიათებელი

ღვინოში ოთხი ძირითადი ფერი არსებობს: თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ქარვისფერი. რა თქმა უნდა, თითოეულის მათგანის მიღება სხვადასხვა ტექნოლოგიურ, შრომატევად პროცესთანაა დაკავშირებული. „ფერის“ იდეა კი ოთხივეს გაერთიანების ირგვლივ ტრიალებს.

ზემოხსენებული ყვითელი ციტრუსისგან, ყვითელი და ტროპიკული ხილის არომატებისგან შედგება. ასოციაციურად კი სიკაშკაშესთან, მეგობრობასთან, თბილ, მზიან ამინდთანაა დაკავშირებული. ცივად თუ გასინჯავ გაგრილდები; და თუ გრილ ან ღრუბლიან ამინდში ცდი, სასიამოვნოდ გათბები.

„ყვითელ ღვინოს არ იყიდი წვიმიან, მოღუშულ ამინდში. ასეთ დროს უფრო მისტიკური, იასამნისფერი ვარიანტი მოუხდება“.

ალუბლის, მარწყვისა და ჟოლოს არომატებით შექმნილი წითელი, მშრალი საფერავი — ანუ იასამნისფერი უფრო მეტად იდუმალ, ინტიმურ გარემოს მოგვაგონებს. აი, ისეთს, ფონად დაბალ ხმაზე ჯაზი რომ უნდა ისმოდეს, თავად ვინტაჟური ტანსაცმელი გეცვას და მუსიკის რიტმს მშვიდად ჰყვებოდე.

ქარვისფერი, მშრალი ქისი კი ფორთოხლის ცედრას, გარგრის ჩირსა და სანელებლებს აერთიანებს. რეზის თქმით, მისი გასინჯვისას, ფორთოხლის ბაღებში სეირნობის იმიტაცია იქმნება, სადაც მზის სხივების სითბო სასიამოვნო შეგრძნებებს ბადებს.

საფერავი, როზე, მშრალი — ვარდის, იასამნისა და კენკროვანი ხილის ნაზავია. რამდენჯერ გვითქვამს, ცხოვრებას ვარდისფერ სათვალეებში ვუყურებთო და ზუსტად ამას მიემართება აღნიშნულიც. „თითქოს, ვეს ანდერსონი იყო და ვარდების ოკეანეში ეშვები, ან ვარდისფერი გასაბერი ფლამინგოს ნავით მოგზაურობ“.

Pery-ის ღვინო ისეთივე მარტივი და კომუნიკაბელურია, როგორც მე

შესაძლოა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არასწორად გაიგოს სიტყვა „მარტივი“, მაგრამ რეზის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ დადებით კონტექსტში გულისხმობს. „რაც უფრო მარტივია რაღაც, მით უფრო მიზიდავს. ჩვენი ღვინო ყველასთან მარტივად შედის კომუნიკაციაში, ყველასთვის ღიაა. ზუსტად ისაა, რაც არის“.

რადგანაც სამომავლო გეგმებზე წინასწარ ლაპარაკი არ უყვარს, დეტალებს აქ ვერ გაგანდობთ, მაგრამ როგორც რეზიმ აღნიშნა, წინ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გველის Pery-სგან.


ავტორი: ქეთია ბელქანია

წყალქვეშა ფოტოსესიით გინესის ახალი რეკორდი დამყარდა!

თეგეტა X ბაბალე – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად, „გიგოს ფონდისთვის“ 20 ათას ლარზე მეტი შეგროვდა