12
Apr
2017

წარმატებული ფერმერი ქალები საქართველოდან – დალი ვეშაგურიძე

12 Apr 2017

28 მარტს კლუბ „ფრონტლაინში“ ოქსფამის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება „ფერმერი ქალის ხმა “ რომლის ფარგლებში ქალმა ფერმერებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, საჭიროებებსა და უხილავ ბარიერებზე, რა უშლის ხელს ფერმერ ქალს ეკონომიკურ გაძლეირებასა და წინსვლაში. ღონისძიება Oxfam-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია შეიმუშავოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია, რაც ქვეყნის შიგნით ეკონომიკურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი სურსათის წარმოება/მიწოდებას გულისხმობს. პრობლემა აქტუალურია, ვინაიდან ქვეყანა ძირითადად, იმპორტირებულ სასურსათო პროდუქციაზეა დამოკიდებულები, ხოლო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ან არ შემოდის ან ძალიან ძვირია. როგორც გენდერის მკვლევარის, მაია ჭითაიასგან გავიგეთ, პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი ფერმერების, განსაკუთრებით კი ქალი ფერმერების განვითარებას. ეს ქალბატონები არიან არამხოლოდ კარგი ფერმერები, არამედ ამ საქმის პარალელურად, ახერხებენ სხვა საქმიანობასაც, თავად ახორციელებენ მარკეტინგულ საკითხებს და თავადვე ზრუნავენ გაყიდვებზე. გადავწყვიტეთ, თქვენთვის გაგვეცნო ეს წარმატებული ფერმერი ქალები საქართველოდან.

“ოქსფამის” გრანტის შესახებ მეგობრისგან გავიგეთ, რომელმაც, თავის მხრივ, სოციალური ქსელიდან მიიღო ეს ინფორმაცია. შევქმენით კოოპერატივი და პროექტზე მუშაობას შევუდექით. ამ პერიოდში გავდიოდით ტრენინგებს, ვსწავლობდით, ვუზიარებდით გამოცდილებას, თან ბიზნეს გეგმის დაწერაში გვეხმარებოდნენ. ოქსფამი ადგილზე, სოფელში გვიტარებდა ტრენინგებს. მეტნაკლებად ყველას გვქონდა პატარა ბოსტანი საკუთარ სახლში და ცალ-ცალკე შრომა გვიწევდა. გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით და ფერმერულ მეურნეობაში ერთად ჩავბმულიყავით, მოგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, ჩვენთვის და ჩვენ გარშემო მცხოვრები ოჯახებისთვის. კოოპერატივის 5-ივე წევრი სკოლის თანამშრომლები ვართ. თავიდან მეტნი ვიყავით, თუმცა, ბიზნეს გეგმის წერისას შემოგვეფანტნენ. აჟამად, 10 წევრით ვართ წარმოდგენილი. “ოქსფამის” გრანტის ზომა 49 000 ევრო იყო. აქედან 26% ჩვენს თანადაფინანსებას უნდა შეედგინა, ამიტომ სახელფასო სესხი ავიღეთ, 4 წლიანი, ჯამში 30 000 ლარი.

ჩვენი ფერმერული გამოცდილება შარშან დაიწყო. 2015 წლის დეკემბერში გაგვიკეთეს სათბური. ახლა ორი სათბური გვაქვს, ჯამში 900 კვ.მ, გვერდიგვერდ. ჩვენი სურვილი იყო, ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მიგვეღო, რადგან შვილები, შვილისშვილები გვყავს სახლში, ნიტრატებით და პესტიციდებით გაჯერებული ბოსტნეული კი ბევრია ბაზარზე. უნდა აწარმოოო ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი, რომ მშვიდად იყო, იცოდე, რომ არც იმ წუთში და არც შორეულ მომავალში, ეს საშიშროებას არ მოუტანს, შენს ოჯახის წევრსა თუ სხვას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეურნეობა ქალებისთვისაა მოწყობილი, მძიმე საქმეში კაცები გვეხმარებიან. ამჟამად, ორივე სათბურში კიტრი გვაქვს დარგული.

სამომავლოდ, ვგეგმავთ თუშური სახლის გაკეთებას. ჩვენი სათბურის ტერიტორიაზე არის ძველისძველი სახლი, ლამაზი ჩუქურთმებითა და ბუხრებით. ამ შენობის შერემონტება და თბილ სივრცედ ქცევა გვინდა. ვფიქრობთ, ამ ფართში, ტრენინგებისთვის პატარა დარბაზის გამოყოფას, სადაც სკოლის მოსწავლეები ან ახალგაზრდა, აგრონომიით დაინტერესებული პირები დატრენინგდებიან, ბიომეურნეობის, ან სხვა აგრონომიული საკითხის შესახებ. გარდა ამისა, სახლში გვინდა იყოს ერთი-ორი ოთახი, სადაც მოხალისე ოჯახები თუ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ქალაქის ხმაურს გაერიდნენ და მიწასთან მუშაობა სიამოვნებას ანიჭებთ, დარჩებიან და პარალელურად, ჩვენს მეურნეობაში აქტივობებს განახორციელებენ. ან, თუნდაც, სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტს ისე ამთავრებენ, რომ მიწასთან შეხება არ აქვთ.

განხილვა