3 წლის წინ, 26 წლის ტყუპმა ძმებმა – შოთა და მირიან მეტრეველებმა რაჭიდან, დედაქალაქში წელიწად-ნახევრიანი ცხოვრების შემდეგ, ბევრისთვის სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ონის მუნიციპალიტეტის 2 კომლიან სოფელ ბოყვაში დაბრუნდნენ.
სოფლის მეურნეობა, ბევრ ქვეყანაში, ეკონომიკის წამყვან დარგად გვევლინება, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქმიანობის რეგისტრირებული სახეებიდან – სოფლის მეურნეობას, ნადირობასა და სატყეო მეურნეობას 6423, აქედან, 1514 აქტიური სუბიექტი წარმოადგენს, რაც რეგისტრირებული ბიზნეს საქმიანობების 1%-ს შეადგენს.
ბიზნესის გამართვის პროცესში, დემოგრაფიულ გარემოს ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს, რადგან ბიზნესისთვის სასარგებლო მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება ასაკობრივი ცვლილებებისა და ოჯახის სტრუქტურის, მოსახლეობის გეოგრაფიული გადანაცვლების, განათლების მაჩვენებლისა და მოსახლეობის მრავალფეროვნების მიხედვით ხდება. 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, საქართველოს 3,718.2 ათასი მოსახლიდან, ყველაზე მეტი – 1,114.6 ათასი თბილისში, ხოლო ყველაზე ცოტა – 31.0 ათასი – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისგან დამოუკიდებლად შეუძლია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოყვაში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობის დასახელება შოთა მეტრეველს: „ახლა, ზაფხულის პერიოდში, სადღაც შემოდგომამდე, არის ხალხი და ზამთრის პერიოდში უკვე ბოყვას სოფლის მაცხოვრებლებს წარმოვადგენთ: მე, ჩემი ძმა და ორი მოხუცებული“. რატომ გადაწყვიტეს ძმებმა სოფელში დაბრუნება, კონკრეტულად, რას მოიცავს მათი ფერმერული საქმიანობა, რა პრობლემები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი მეურნეობის მომავალი, ამ საკითხებზე მარკეტერს შოთა მეტრეველი ესაუბრა:
M: შოთა, რამ გადაგაწყვეტინათ თბილისიდან ისევ სახლში დაბრუნება და რაჭის დაცარიელებულ სოფელში მეურნეობის გამართვა?
მე და ჩემი ძმა ონში, ბოყვაში დავიბადეთ, გავიზარდეთ, იქ ვსწავლობდით და რომ მოვიზარდეთ, თბილისში მოგვიწია წასვლა. იქ, დაუსწრებლად ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ვმუშაობდი, თუმცა იმის გამო, რომ პერსპექტიული საქმე ვერ მოვძებნეთ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ უკან, ბოყვაში დაბრუნება. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, პერიოდულად, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ამოვდიოდით ხოლმე სოფელში და ზამთრისთვის ვიმარაგებდით „დავიჩინებულ“ ღორის ხორცს, გასაყიდად. გარდა იმისა, რომ საკუთარი მეურნეობის გამართვა გვსურდა, იმაზეც ვფიქრობდით, რომ სოფელი არ მომკვდარიყო, ამიტომ ვიყიდეთ 5 სული პირუტყვი, რაც მოვახერხეთ და დავბრუნდით.
M: გარდა მესაქონლეობისა, რა საქმიანობას ეწევით და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
იმერულ ყველს ვაწარმოებთ, რომელიც იყიდება ჩვენს რაიონში, შეკვეთებს ვიღებ სახაჭაპურეებიდან. ძირითადად, ზემო რაჭის ტერიტორიაზე ვაწვდი ხოლმე პროდუქციას. მივდევთ, ასევე, მეფუტკრეობას, 3 სკა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ ოჯახისთვის გვყოფნის თაფლი, გასაყიდად არ გვაქვს. როცა ნოემბრის დასაწყისში, ყველის წარმოება იკლებს, ვიწყებთ ლორის გაყიდვას.
M: თავდაპირველად, უკან, სოფელში დაბრუნებულებს რა წინააღმდეგობები შეგხვდათ და გინანიათ, თუ არა გადაწყვეტილება?
სახლში რომ დავბრუნდით, მარტო სახლი და კედლები იყო დარჩენილი და ყველაფერი ჩვენი აღსადგენი და გასაახლებელი გახდა, ეზოები განადგურებული – საშინელი სანახავი იყო და თავიდან ძალიან გაგვირთულდა, ისიც ვიფიქრეთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაზე უარი გვეთქვა.
ბოყვაში იმ მხრივაც ძალიან გაგვიჭირდა, რომ აქ ყოფნისას ხალხთან ურთიერთობის ნაკლებობას განიცდი, სულ საქმეზე ხარ გადართული, ვეღარც ამხანაგს ნახულობ, ვეღარც დასა თუ მშობელს, მოწყვეტილი ხარ ყველაფერს. ძალიან შრომატევადი საქმეა, ერთი დღეც რომ უყურადღებოდ დატოვო, ჩათვალე, რომ რაც ნაწვალები გაქვს, ყველაფერი წყალში უნდა ჩაყარო. თუმცა მაინც არ ვნანობ დაბრუნებას იმიტომ, რომ დღეს აქ ვართ, ჩვენი სამუშაო დილა 7-ის ნახევრიდან იწყება, მესაქონლეობას შარშან, ივლისიდან მივყავით ხელი და უკვე 21 სული ძროხა გვყავს, კიდევ 4 ღორი და 27 ბურვაკი, 2 ცხენი და თხებიც არიან ჩვენს ფერმაში.
M: რა პრობლემების წინაშე დგანან ფერმერები დღეს, რაჭაში?
პირველ რიგში, ფერმერებს რა პრობლემაც გვაქვს, არის ნადირი, რომელმაც 1 თვის განმავლობაში, 2 სული შემიჭამა – რაც მე სუფთა მოგება უნდა ამეღო, ნადირმა გამინადგურა. მგელი გვებრძვის ნამეტანი ჩვენს სოფელში, ქვედა სოფლებშიც, ყველგან, ჩვენს რეგიონში.
M: როგორ ხედავთ მომავალს?
ცოტა ძნელია, განსაზღვრო აქედან, მაგალითად, 5 წელიწადში რა იქნება, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, ჩვენი მეურნეობა უნდა იყოს დაწყობილი, დაქირავებული მუშახელი უნდა მყავდეს და მე უკვე სხვა საქმეებს ვაგვარებდე, ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენი მეურნეობა.