თუ სოციალურ ქსელებს აქტიურად ადევნებთ თვალს, შესაძლოა, „იფ იფ ანას“ ვლოგის შესახებაც გსმენიათ. სწორედ ამ საოჯახო კონტენტისა და მოგზაურობების ლოგიკურ გაგრძელებად ახალი ქართული აგროპლატფორმა – „ფერმიო“ იქცა.
ყველაფერი პანდემიისას დაიწყო, როცა 12-წლიანი საბანკო კარიერის დასრულების შემდეგ ანა მითაიშვილმა ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა და ოჯახთან ერთად პროექტი „მოიარე საქართველო“ წამოიწყო. სოფელ-სოფელ სიარულმა, ფერმერებთან და მეღვინეებთან უშუალო შეხვედრებმა კი ოჯახს ნათლად დაანახა, რომ რეგიონებში არსებულ უნიკალურ, ნატურალურ ნაწარმსა და ქალაქის მცხოვრებლებს შორის პირდაპირი ხიდი არ არსებობდა.
ასე დაიბადა „ფერმიოს“ შექმნის იდეა – სრულიად უფასო აპლიკაცია, რომელიც ანას შვილმა, თორნიკემ სიხარულიძემ, ევროპაში IT განათლების მიღების შემდეგ თავად დაწერა. პლატფორმის მარკეტინგული განვითარება კი მეუღლემ – ნიკოლოზ სიხარულიძემ ჩაიბარა. სტარტაპმა App Store-ში ჩაშვებიდან 25-ე დღესვე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Google Play-ზე ატვირთვიდან სულ რაღაც 3 დღეში მეორე პოზიციაზე გადავიდა. დღეს, პლატფორმა უკვე ყოველგვარი შუამავლის, პროცენტისა და გადასახადის გარეშე აკავშირებს ფერმერსა და მომხმარებელს. როგორ გადაიზარდა საოჯახო ენთუზიაზმი და რეგიონებში მოგზაურობა რეალურ ტექნოლოგიურ ინიციატივაში და რას გეგმავს გუნდი ქართული აგროსექტორისთვის – ანა და თორნიკე თავად გვიყვებიან.
M: მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ დაიწყო თქვენი ოჯახური საქმიანობა და როგორ გარდაიქმნა კულინარიული გატაცება პოპულარულ ბლოგად, რამაც ფერმერების მხარდაჭერის საჭიროება დაგანახათ?
ანა: ამ საქმეს ჩვენი ოჯახი უძღვება – დედა, შვილი და მამა. ხშირად და-ძმა ვგონივართ, მაგრამ სინამდვილეში დედა-შვილი ვართ. 12 წლის განმავლობაში ბანკში ვმუშაობდი, თუმცა პანდემიის დროს, როცა ყველა სახლში ჩაიკეტა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბლოგი, რადგან კერძების მომზადებაც და გემრიელად ჭამაც ძალიან გვიყვარს ოჯახში. საბანკო გამოცდილებამ მიზნის ბოლომდე მიყვანის უნარი გამომიმუშავა. თავიდან მხოლოდ საოჯახო რეცეპტებს ვდებდით, თუმცა ორ წელიწადში მივხვდით, რომ სიახლეები იყო საჭირო. დღეს, 6 წლის თავზე, უკვე საკმაოდ ცნობილი ფუდბლოგერი ვარ, გვერდით „იფ იფ ანა“, დაახლოებით ნახევარი მილიონი გამომწერით ყველა პლატფორმაზე.

როცა გურიიდან, სოფლიდან დავიწყე ვიდეოების გაზიარება, დავინახეთ, რამდენად დიდი ინტერესი ჰქონდა ხალხს ავთენტური გარემოს მიმართ, რამაც საფუძველი ჩაუყარა პროექტს „მოიარე საქართველო“. უკვე სამი წელია, სრულიად უფასოდ დავდივართ ყველა რეგიონში, ვხვდებით გამომწერებს, ვრჩებით მათ ოჯახებში და მათ ისტორიებს ვუზიარებთ სხვებს. ასე შევხვდით უამრავ უნიკალურ ფერმერსა და მეღვინეს. მივხვდით, რომ არ არსებობდა პლატფორმა, სადაც ეს ადამიანები ინფორმაციას განათავსებდნენ და დამკვეთები მათ პირდაპირ იპოვიდნენ.
თორნიკე: მოგზაურობისას ვნახეთ ადამიანები, რომელთაც ისეთი საოცარი ნაწარმი აქვთ, ქალაქში საერთოდ არ იციან მათი არსებობის შესახებ, მით უმეტეს – რეალურ ფასად. სწორედ ამან დაგვანახა, რამდენად სჭირდებოდათ მათ ხმის მიწვდენა მომხმარებლამდე.
M: როგორი იყო „ფერმიოს“ ტექნოლოგიური განვითარების გზა?
ანა: 2021 წელს გაჩნდა „ფერმიოს“ იდეა და გავიტანეთ გრანტზე. თოკამ შემდგომ პროგრამირებაზე ჩააბარა, ისწავლა ესპანეთში, ჩამოვიდა და დღეს „ფერმიო“ მთლიანად მისი დაწერილია. უკვე ბევრი კომპანია გვთავაზობს პარტნიორობასა და წილებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს დარჩეს სოციალურ, პატრიოტულ პროექტად, რომელიც ფერმერებისთვის ყოველთვის უფასო იქნება.
თორნიკე: თავდაპირველად იდეა მხოლოდ პროდუქტების განთავსებას მოიცავდა. გრანტის ფინალურ ეტაპამდე მივედით, თუმცა უარი გვითხრეს – ეგონათ, რომ ფერმერები ტექნიკურად ვერ შეძლებდნენ რეგისტრაციას, მაგრამ პროექტზე უარი არ გვითქვამს. IT მიმართულებით ჯერ ესპანეთში ვსწავლობდი, შემდეგ პოლონურ კომპანიაში ვმუშაობდი, მოგვიანებით ვარშავაში გადავედი სასწავლებლად, საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო ელექტროსისტემაში ვიმუშავე. ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და მთლიანად „ფერმიოს“ განვითარებაზე ვარ ფოკუსირებული. ხალხს ხშირად არც სჯერა, რომ ამას უფასოდ ვაკეთებთ და გვეკითხებიან, რაიმე დამალული გადასახადი ხომ არ არისო.
M: რა ფუნქციონალს აერთიანებს პლატფორმა და როგორ ხდება მომხმარებლისა და ფერმერის პირდაპირი დაკავშირება?
თორნიკე: პროდუქტების კატალოგს დავამატეთ სასტუმროები, აგროტურიზმი, მასტერკლასები და ტურები. შევქმენით შეკვეთების გვერდიც, სადაც კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მოთხოვნის განთავსება და ფერმერები პირდაპირ უკავშირდებიან – მაგალითად, პირველი შეკვეთა „FS Georgia“-მ განათავსა წითელ ხახვზე და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ასევე გვაქვს აგროტექნიკის, ინვენტარისა და ხელნაკეთი ნივთების განყოფილება 180-ზე მეტი განცხადებით. ჩვენ არ ვართ კლასიკური ელ-კომერცია: მითითებულია ფერმერის ლოკაცია და ნომერი, არც გადახდები და არც მიწოდება ჩვენი გავლით არ ხდება, შესაბამისად, არანაირ საკომისიოს არ ვიღებთ. საიტზე გვაქვს ღილაკი „ახლო-მახლო“, რომელიც მითითებულ რადიუსში გაჩვენებს ადგილობრივ მწარმოებლებს. ბოლო სამი კვირაა, დღეში 100-დან 600-მდე ადამიანი იყენებს კონტაქტის ფუნქციას და ერთ თვეში უკვე 9 000-მდე პირდაპირი კომუნიკაცია შედგა.
ანა: ჩვენი მთავარი მისია სწორედ შუამავლის გარეშე, მომხმარებლისა და მწარმოებლის პირდაპირი დაკავშირებაა.
M: რა არის ის მთავარი მოტივაცია, რაც ამ საქმის კეთების ენერგიას გაძლევთ?
თორნიკე: მოგზაურობისას ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრა და მათი დადებითი ემოციები – მეტი მოტივაცია საჭიროც არ არის.
ანა: მთავარი მოტივაცია ადამიანებთან ურთიერთობაა. ჩემი, როგორც დედის მისია შესრულებულია, რადგან შვილებს დავანახე, რას ნიშნავს ადამიანური ურთიერთობები, ზრუნვა და თანადგომა. ბლოგით ფულს ვშოულობ, მაგრამ მთავარია, რა შემიძლია გავაკეთო უანგაროდ საზოგადოებისთვის.
M: როგორია „ფერმიოს“ სამომავლო განვითარების ხედვა და რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს პერიოდში?
თორნიკე: ვამატებთ აგროსერვისების გვერდსა და ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა მოსავლის აღება, შეწამვლა და სხვა. აქ მომსახურების შეთავაზებაც იქნება შესაძლებელი და მოთხოვნის დატოვებაც. ასევე დავამატებთ ფასის ინდიკატორს, რაც საქართველოს მასშტაბით ბაზრის საშუალო ფასზე ორიენტირების საშუალებას მისცემს ყველას. გარდა ამისა, ვფიქრობთ საერთაშორისო მასშტაბზე გასვლასაც, მაგალითად, სომხეთში. სხვათა შორის, უცხოეთში მცხოვრები ქართველები აქტიურად გვთავაზობენ წარმომადგენლობას.
ანა: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში სიტყვა „აგრო“, სოფელი, ჯანსაღი პროდუქტი და გემრიელი საკვები პირდაპირ „ფერმიოსთან“ ასოცირდებოდეს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი












