in

ფერნანდო მაჩადო Leavingstone-ის კონსულტანტი გახდა

სააგენტო Leavingstone-ში სიახლეა. მსოფლიო კლასის კრეატიული ლიდერი, ფერნანდო მაჩადო, ოფიციალურად ლივინგსტონის კონსულტანტი და მენტორი გახდა. ფერნანდო მაჩადო – ამ სახელს მსოფლიოს მარკეტინგული სამყარო იცნობს. 200-ზე მეტი კანის ლომი, რვა გრან პრი (მათ შორის ორი ტიტანის), D&AD-ის ოცდაოთხი ყვითელი და ერთი შავი ფანქარი – ეს მხოლოდ რიცხვებია. მისი გამოცდილება ფასდაუდებელია, ფერნანდო არის მსოფლიო დონის მარკეტერი, ვისაც ესმის, თუ როგორ  ეფექტურად შეიძლება კრეატივის ძალის გამოყენება ბრენდის გაყიდვების ზრდის თუ დამკვეთისთვის სხვა ბიზნეს ამოცანების შესასრულებლად.

Leavingstone გასულ წელს გაწევრიანდა ICOM-ში. დამოუკიდებელ სააგენტოთა ეს ქსელი, აერთიანებს 70-ზე მეტ სააგენტოს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან. ICOM-ის მიზანია, პატარა დამოუკიდებელი სააგენტოების გაძლიერება ურთიერთკავშირების გაბმით. ფერნანდო მაჩადო კი Leavingstone-ისა და ICOM ქსელის რამდენიმე სააგენტოს დაეხმარება კრეატიული კომპეტენციის კიდევ უფრო სწრაფ ზრდაში, საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი პოზიციების დაკავებასა და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარებაში.

როგორც Leavingstone-ის თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე აღნიშნავს, ამ პარტნიორობას შეუძლია გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ Leavingstone-ზე, არამედ მთლიანად, ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაზე და ასეთი საერთაშორისო კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრის განვითარებისთვის:

უზომოდ გახარებული ვარ ფერნანდო მაჩადოსთან კოლაბორაციის შესაძლებლობით. უკვე გვქონდა 2-დღიანი ვორქშოპი, სადაც მომავალი წლის გეგმები დავსახეთ. დარწმუნებული ვარ, მისი ჩართულობა უდიდეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ლივინგსტონს არამედ მთელ ქართულ ინდუსტრიას. მაშინ, როცა მტრული ძალები ჩვენს ქვეყანას იზოლაციისკენ მიათრევენ, საერთაშორისო კავშირების გაბმა და მსგავსი შესაძლებლობების გაჩენა უმნიშვნელოვანესი მგონია ჩვენი პატარა ინდუსტრიისთვის.“

M: როგორ შეძელით ფერნანდო მაჩადოს დათანხმება?

შარშან, ICOM-ში გაწევრიანებისთანავე წამოვჭერით ინიციატივა, რომ ICOM-ის ფარგლებში სააგენტოებს და მათ კრეატიულ ლიდერებს მეტი კოლაბორაცია ჰქონოდათ და მეტად გაეზიარებინათ გამოცდილება ერთმანეთისთვის. საბედნიეროდ ეს ინიციატივა სწრაფადვე გადაითარგმნა ქმედით ნაბიჯებში: შეიქმნა ICOM-ის კრეატიული საბჭო, რომლის დამფუძნებელი წევრი ვართ ჩვენ – Leavingstone. კრეატიული საბჭო შედგება 6 საუკეთესო სააგენტოს კრეატიული ლიდერისაგან, რომელთა მიზანიცაა კრეატიულ რეიტინგებში აღმასვლაში ერთმანეთის დახმარება და ჩვენი მენტორი ფერნანდო მაჩდოსგან.
M: რა გეგმები გაქვთ?

გვაქვს სამწლიანი ამბიციური გეგმა, თუ როგორ ვაქციოთ ICOM მსოფლიოში ტოპ კრეატიულ ქსელად. რაც ნიშნავს, რომ დავეხმაროთ ქსელში გაწევრიანებულ სააგენტოებს (მათ შორის, Leavingstone-ს) და მათ კრეატიულ დირექტორებს გაიბრწყინონ მსოფლიო კრეატიულ ფესტივალებზე. შექმნან ძლიერი და განსაკუთრებული კრეატიული კამპანიები.

M: რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა?

როგორც თვითონ ფერნანდო იტყოდა „ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის, ყველა ბაზარზე მაინც არის კლიენტის გაუბედაობა“. იმედი მაქვს რომ მისი დახმარებით მოვახერხებთ უფრო აქტიურად ვემუშავოთ ჩვენს (არსებულ და ახალ) კლიენტებს მათი მიზნების გამოკვეთაში და ერთად სრულ სინქრონში შევქმნათ გაბედული, აქამდე არნახულად კრეატიული და შესაბამისად შედეგიანი, ეფექტური კამპანიები.

 

ტექნოლოგია თუ ფსიქოლოგია – რა უფრო მნიშვნელოვანია ჩატბოტის შექმნაში

„მშიერი ვერ წახვალ“ — ბებიების ამბავი და ეგვიპტური კულტურა Sedr-ის ბრენდინგში