in

ტკბილეული, რომელიც შექმნილია ბედნიერებისთვის

არომატულ ყავას გემრიელი ტკბილეული და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბები უხდება. საინტერესო ისტორიების მეტი რა არის, ბევრიც უკვე მოყოლილი გვაქვს, თუმცა დღეის ყავის შესვენებისთვის ისეთი ბრენდის ისტორია შეგირჩიეთ, ყველას რომ ძალიან გვიყვარს, მისით ხელდამშვენებულები ხშირად რომ მივდივართ სტუმრად და არაფრისმთქმელ სიტყვებსაც ხშირად რომ ანაცვლებს. ეს არის ბრენდი FERRERO ROCHER.

როდესაც გვესმის სიტყვები “Ferrero Rocher”, პირველი, რაც გვახსენდება, არის ელეგანტური და საკულტო შოკოლადის ყუთები, რომლებიც გვთავაზობს მაღალი ხარისხის და გემრიელი შოკოლადის პროდუქტებს. Ferrero Rocher არის შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმის ვინტაჟური ბრენდი. ის ეკუთვნის პიეტრო ფერეროს მიერ დაარსებულ Ferrero International S.A.-ს. 

ბრენდი, რომელიც ახლა მულტინაციონალურია, თავდაპირველად პატარა საკონდიტრო იყო. ის მდებარეობდა იტალიის პატარა და ძალიან ლამაზ ქალაქ ალბაში. საკონდიტროს შექმნის იდეა მაღალი ხარისხის, თუმცა ყველასთვის ხელმისაწვდომი შოკოლადის წარმოება იყო და მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს შოკოლადი ერთ დღეს მილიონობით ადამიანის გულს მოიგებდა მთელ დედამიწაზე. 

Ferrero Rocher-ის შოკოლადის ტკბილეულს ტრადიციულად სფეროს ფორმა აქვს. თითოეული შოკოლადის სფერო შეფუთულია ფოლგაში და ფრთხილად მოთავსებულია ქაღალდის ფირფიტაზე. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული დღესასწაულებთან და გახდა სადღესასწაულო კულტურის ნაწილი ბევრ ქვეყანაში.

მიქელე ფერერო

ის 1925 წლის აპრილში დაიბადა. მის მამას, პიეტრო ფერეროს თხილისა და კაკაოს ბიზნესი ჰქონდა, რომელიც შვილს მემკვიდრეობით დაუტოვა. 24 წლის ასაკში მიქელემ გადაიბარა მამის საწარმო და დაიწყო ახალი პროდუქტის, შოკოლადის წარმოება, რითაც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია შექმნა მსოფლიოში.

ალბათ ბევრმა არ იცოდით, რომ ყველაფერი პურზე წასასმელი შოკოლადის კარაქით დაიწყო, რომლითაც დღემდე იწყება ჩვენი და ჩვენი შვილების დილა. მიქელემ და მისმა ცოლმა, მარიამ განაახლეს პიეტროს რეცეპტები და დაიწყეს თხილიანი შოკოლადის კარაქის გაყიდვა, რომელსაც ერქვა Nutella. ამჟამად Nutella-ს ბრენდს მართავს ჯოვანი ფერერო, რომელიც მიქელე ფერეროს შვილია.

ბრენდები ბრენდში

ყველასთვის ცნობილი „ნუტელას” მაგალითზე ალბათ უკვე მიხვდით, როგორ ბრენდთან გაქვთ საქმე. Ferrero Rocher მალე იქცა დიდ კორპორაციად, რომელმაც თავის თავში მოიცვა ქვებრენდები და ხშირად მხოლოდ დაკვირვებული თვალი ამჩნევს, რომ ამა თუ იმ პროდუქტს სადღაც კუთხეში Ferrero-ს ლოგო ადევს. 

მისი ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროდუქტია Raffaello. Confetteria Raffaello აბსოლუტურად განსხვავებულია და არ ჰგავს Ferrero Rocher-ის სხვა პროდუქტებს. ის გამოჩნდა ბაზარზე 1990 წელს. ეს კანფეტი არის სფერული ვაფლი, რომელიც ჰგავს ქოქოსის ტრიუფელს, შეიცავს თეთრი რძის კრემისა და მოხალული ნუშის შიგთავსს. გასაკვირია, რომ ის საერთოდ არ შეიცავს შოკოლადს. ვაფლი ქოქოსის ფენაშია ჩაფლული და აძლევს მას ლამაზ, თოვლისებრ თეთრ ფერსა და ტექსტურას.

რაფაელო დაკავშირებულია საყვარელ ადამიანებთან და დღესასწაულებთან. მისი მარკეტინგული მხარე ისეა შეფუთული, რომ იგი ხშირად ასოცირდება შეყვარებულ წყვილებთან, ამიტომ ვალენტინობის დღეს მსოფლიო მასშტაბით უამრავი Raffaello-ს ყუთი იყიდება. ეს არის სიყვარულის, გრძნობებისა და ემოციების გამოხატულება. მისი სლოგანი კი „არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად” ყველაფერს ამბობს.

Ferrero Rocher – ბრენდული შოკოლადი

Ferrero-ს საფირმო ტკბილეული არის ორიგინალური Ferrero Rocher, ვაფლის თხელი ნაჭუჭი სავსე შოკოლადითა და შემწვარი თხილით. ძირითადი ინგრედიენტებია: რძიანი შოკოლადი, შაქარი, კაკაო, უცხიმო რძე, კაკაოს კარაქი და ვანილი. ეს შოკოლადსა და თხილში ამოვლებული ბურთულები ოქროსფერ ქაღალდშია გახვეული და ერთ-ერთ გამორჩეულ გემოს ქმნის, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ.

გარდა ხსენებული პროდუქტებისა, ფერეროს ოჯახურ ბიზნესს აქვს სხვა პროდუქტებიც, როგორებიცაა: Ferrero Giotto, Ferrero Garden და შოკოლადის ფილა Ferrero Pocket Coffee. 

საინტერესო ფაქტები Ferrero Rocher-ზე

  • Ferrero Rocher არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თხილის მომხმარებელთა კომპანია.
  • ის მსოფლიოში თხილის მთლიანი მარაგის 25%-ს იყენებს.
  • Ferrero Chocolate Candy შეიცავს ლეციტინს, რომელიც ითვლება დეპრესიის, შფოთვისა და ქოლესტერინის სამკურნალო საშუალებად.
  • Ferrero Rocher-ს ვაფლისა და შოკოლადის იდეალური ფორმის მისაღებად ხუთი წელი დასჭირდა.
  • შოკოლადის სეგმენტში Ferrero-ს მსოფლიო ბაზრის 13,5%-ს ფლობს.
  • ბრენდი ამუშავებს თხილს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და აგრონომების გუნდი მუშაობს ტექნიკის სრულყოფაზე.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

რატომ არ იხსნის ჰამბურგლარი ქუდს? — McDonald’s საიდუმლოს ამჟღავნებს

Oreo უსახლკარო ცხოველებისთვის სახლების პოვნას ცდილობს