in

ფერუჩიო ლამბორგინი – ადამიანი, რომელმაც ოცნებების რეალიზება შეძლო

ლამბორგინი დღეს ბევრისთვის საოცნებო მანქანას წარმოადგენს. ეს სპორტული, მაღალი კლასის მანქანებია, რომლებიც კომფორტისა და ფუფუნებისთვის შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ისინი არ იყო რბოლაზე გათვლილი, მათ ბევრი რბოლა მოიგეს. ისინი მაღალი დონის შესრულებას გვთავაზობენ, ხოლო მათი დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ამ მანქანების უკან დგას პერსონა, რომელმაც ავტოისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა – ფერუჩიო ლამბორგინი.

ცუდი გამოცდილება, როგორც შთაგონება

ადრე ერთი მანქანა ვიყიდე, რომელიც ერთი შეხედვით, კარგ ავტომობილად ითვლებოდა. თუმცა მგზავრობისას გამუდმებით ვპოულობდი ხარვეზებს, რომლებიც დისკომფორტს მიქმნიდა. ზოგჯერ ეს იყო ზედმეტი სიცხე, ზოგჯერ მისი არასაკმარისი სიჩქარე, ზოგჯერ კი არასრულყოფილი აღჭურვილობა. 

ამან გამიჩინა სურვილი, რომ თავად შემექმნა მანქანა, რომელსაც არ ექნებოდა ამდენი ხარვეზი. არ ვფიქრობდი რაღაც გრანდიოზულზე, არამედ მინდოდა ჩვეულებრივი, ნორმალური მანქანა, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემს სურვილებს”, – ამბობდა ლამბორგინი.

ფერუჩიო ლამბორგინი ტრაქტორების ხელოსანი იყო და დიდი ხნის ნაგროვები ფულით 1958 წელს Ferrari 250GT შეიძინა. მის გასაკვირად, მანქანას აღმოაჩნდა გაუმართავი კლატჩი. როდესაც სახელოსნოში მიიყვანა და თავის თანამშრომლებს შეამოწმებინა, მანქანას სხვა ხარვეზებიც უპოვეს. ამ დროს ლამბორგინის გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა სპორტული მანქანა, რომელიც ბაზარზე არსებულ ცნობილ ბრენდებს კონკურენციას გაუწევდა. ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან დააარსა Automobili Ferruccio Lamborghini S.p.A.

ოჯახი და ბავშვობა

ფერუჩიო ლამბორგინი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და თვითონ ყველაზე უფროსი იყო. ის რენაცოში დაიბადა 1916 წელს. მისი ოჯახი პატარა ფერმას ფლობდა. დაწყებით კლასებში სწავლისას მან სკოლა მიატოვა და ბოლონიის მახლობლად მდებარე ტექნიკურ ინსტიტუტში წავიდა სასწავლებლად. ლიცენზიის მიღების შემდეგ, 1934 წელს, დაქირავებულ იქნა Cavalier Righi-ში, ქარხანაში, რომელიც სამხედრო მანქანებს აწარმოებდა.

როდესაც იტალიაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ქვეყნის სამეფო საჰაერო ძალებმა ლამბორგინი გაიწვიეს, გამოცდილი მექანიკოსი და გაგზავნეს როდოსში, საბერძნეთში. ფლოტს, რომელშიც ლამბორგინი მსახურობდა, კუნძულზე იტალიური არმიის მანქანების მოვლა-პატრონობა და შეკეთება ევალებოდა. მათ შორის იყო ტრაქტორები და დიზელის სატვირთო მანქანები, რომლებიც გამოიყენებოდა თვითმფრინავების ასაზიდად. ფერუჩიო ლამბორგინი მალევე დანიშნეს სახელოსნოს ხელმძღვანელად.

ომის შემდგომი პერიოდი

1943 წელს, როდოსის ბრძოლის შემდეგ, ის გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულზე დარჩა და თავისი პირველი სარემონტო მაღაზია გახსნა. აქვე შეირთო მან ცოლი, რის შემდეგაც, 1946 წელს, იტალიაში დაბრუნდა და ეკონომიკის აღდგენის წახალისების პროგრამით ისარგებლა, რომლის ფარგლებშიც სოფელ ჩენტოში გახსნა მანქანათმშენებლობის მაღაზია.

ჩენტოში ყოფნისას ლამბორგინიმ ადგილობრივი ფერმერები შეამჩნია, რომლებიც ძალიან წვალობდნენ მიწის დამუშავებაზე ტრაქტორების გარეშე. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, დაემზადებინა ხელმისაწვდომი და ადვილად შესაკეთებელი ტრაქტორები. პირველად თავისი წარმოების მანქანები ჩენტოს დღესასწაულზე წარადგინა და 11 მოდელი იმავე დღეს გაყიდა. ამის შემდეგ მან ტრაქტორების მასობრივი წარმოება დაიწყო.

პირველი ლამბორგინი

1963 წლის ტურინის ავტოსალონზე პირველი პროტოტიპი, Lamborghini 350 GTV, რის შემდეგაც სპორტული მანქანების აქტიური წარმოება დაიწყო. პირველი მოდელები იყო 350 GT და 400 GT. ფერუჩიო ლამბორგინის ენთუზიაზმმა აიძულა მისი მექანიკოსები და ინჟინრები შეექმნათ უფრო უახლესი სპორტული მანქანები, როგორიცაა Miura, Islero, Espada და Jarama.  ყოველი ახალი მოდელით ისინი დღესაც აოცებენ მსოფლიოს.

სხვისი ქოლგის ქვეშ

1970-იანი წლებში გაზის კრიზისმა მაღალი ხარისხის ძვირადღირებული მანქანების ბაზარზე მოახდინა გავლენა და ფერუჩიომ გადაწყვიტა, გაეყიდა ბიზნესი. მან საწარმო Chrysler-ს მიჰყიდა. 1998 წლიდან კი ბრენდი Volkswagen Group-ის შემადგენლობაში გადავიდა.

ლამბორგინის ახალი ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ფერუჩიო ლამბორგინი მანქანების ბიზნესში აღარ იყო, ის თავის მამულში განაგრძობდა მცირე ბიზნესის წარმოებას და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. ის ნადირობდა და ღვინის წარმოებით იყო დაკავებული. ამ პერიოდში მან საკუთარი გოლფის მოედანიც კი დააპროექტა.

ფერუჩიო ლამბორგინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც კბილების ხელახლა გაზრდა შეეძლება

ნიუ-იორკი, ქალაქი, რომლითაც ფოტოგრაფი არასოდეს დაიღლება – ჯეფ როთსტეინის ნამუშევრები