ზაფხული ფესტივალებისთვის ყველაზე მიმზიდველი სეზონია, ამიტომ ორგანიზატორები ხშირად სწორედ ამ პერიოდს ირჩევენ. თბილი საღამოები იძლევა საშუალებას, რომ მასშტაბური ღონისძიებები ღია ცის ქვეშაც ჩატარდეს; გარდა ამისა, ზაფხულში ადამიანებს უფრო მეტად გვაქვს დასვენების, განტვირთვის სურვილი…ერთი სიტყვით, მიზეზი საკმაოდ ბევრია და ფესტივალების რაოდენობაც, მსოფლიო მასშტაბით, არც ისე ცოტაა.
თუმცა, ამ სტატიაში მსოფლიოზე საუბარს არ ვაპირებთ. გვსურს, ერთად მოვუყაროთ თავი იმ ცნობილ ფესტივალებს, რომლებიც 2024 წლის ზაფხულს საქართველოშია დაგეგმილი და რომელთა თარიღებიც ამ დროისთვის უკვე ვიცით.
Touch.Point – მარტექ ფესტივალი
ვისაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და კრეატიული ინდუსტრია აინტერესებს, ეს ფესტივალი მისთვისაა. ის 14 ივნისს ჩატარდება და ერთი დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სესიას უმასპინძლებს. ფესტივალი ჩვენთან, საქართველოში, უკვე მეორედ ტარდება და მისი მიზანი მარკეტინგული ტექხელსაწყოების გაცნობა, სწორად გამოყენება და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ახალ ტექნოლოგიებთან დაახლოებაა.
როგორც ჩანს, ივნისი საკმაოდ დატვირთული თვეა ფესტივალების მხრივ, ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ, თქვენ კი გემოვნების მიხედვით გადაანაწილეთ დრო.
15-16 ივნისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში სპორტული ფესტივალი იმართება, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. აქ დაგხვდებათ საგამოფენო ზონა, სპორტული აქტივობები, კვების ზონა, სპიკერები და სასიამოვნო მუსიკა.
14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით დედაენის ბაღში ზაფხულის ლუდის ფესტივალი და ევროპის ჩემპიონატის (EURO 2024) ყველა თამაშის ჩვენება გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ წელს საქართველო ევრო 2024-ზე მონაწილეობს, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ფესტივალი შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს. ფეხბურთის ყურებასა და ზაფხულის თბილ საღამოებს ხომ სწორედ ცივი ლუდი უხდება?
გასტრონომიული ღონისძიებების მოყვარულებმა შეგიძლიათ, ეს თარიღი მოინიშნოთ. „გემო ფესტი ქუთაისში” 15 და 16 ივნისს იმართება და ეპატიჟება ყველას, ვისაც იმერული მასპინძლობა, გემრიელი კერძები და ქუთაისის მზიანი ამინდები უყვარს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა, რომელიც აგერ უკვე 2009 წლიდან, ზაფხულობით ტარდება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. მან საქართველოში მოიწვია არაერთი ცნობილი არტისტი, რომელთა მოსმენის საშუალებაც ქართველ მსმენელს პირველად სწორედ აქ მიეცა.
გარდა მუსიკისა, Open Air-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა კვების ობიექტები, სასმელები და სხვადასხვა ტიპის გასართობები, როგორებიცაა, მაგალითად: სახის მოხატვა, გიფების გადაღება და სხვა.
წელს ფესტივალი 21-23 ივნისს გაიმართება.
ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ეს ფესტივალიც 21-23 ივნისს ტარდება და მასაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს ხოლმე. წინამორბედისგან განსხვავებით, ამ ფესტივალზე მუსიკალურ ღონისძიებებს ვერ შეხვდებით, თუმცა, სამაგიეროდ, მსოფლიო ვარსკვლავებს მოუსმენთ, რომლებიც ამბის თხრობის სფეროში მოღვაწეობენ.
ის ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებს, კინოჩვენებებსა და საინტერესო ვორკშოპებს მოიცავს, ამიტომ აერთიანებს ყველას, ვისაც წერა, ამბის თხრობა და, ზოგადად, შემოქმედებითობა აინტერესებს.
26, 27 და 28 ივლისს ყველას, ვინც ზღვისპირეთში იქნება, საშუალება ექნება, შავი ზღვის ჯაზფესტივალს დაესწროს, რომელიც უამრავ ცნობილ მუსიკოსსა და ჯაზშემსრულებელს გააერთიანებს.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება და ისეთ არტისტებს ელოდება, როგორებიც არიან: ფილიპ ლასიტერი ბენდთან ერთად, ჯოჯო მაიერი, The Jacksons! და სხვები.
ეს ფესტივალი პირველად შარშან, 2023 წელს გაიმართა და წელსაც იგეგმება. მისი ჩატარების თარიღი 6-7 ივლისია და ორგანიზებას „წისქვილი ჯგუფი” უწევს. ამ ინიციატივის მიზანი ქართული ტრადიციული გასტრონომიული კულტურისა და, ამასთან ერთად, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის პოპულარიზაციაა, რომელიც ძალიან აინტერესებთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს.
მუსიკალურ ფესტივალს გუდაური წელს 26 და 27 ივლისს უმასპინძლებს. 45-საათიანი უწყვეტი მუსიკის თანმხლებით, ფესტივალის დამსწრეები მოუსმენენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, დატკბებიან მთებითა და ხედებით და ჩაერთვებიან ყველა იმ აქტივობაში, რაც ზაფხულში გუდაურში შეიძლება აკეთო.
აგვისტოს ცხელ დღეებში, 2-დან 4 აგვისტოს ჩათვლით, თუ ანაკლიას ეწვევით, კომორების ფესტივალზე დასწრებას შეძლებთ, სადაც სამი განსხვავებული სცენა და უწყვეტი მუსიკა გელოდებათ სამი დღის განმავლობაში. ფესტივალს 70-ზე მეტი არტისტი ეწვევა. გარდა მუსიკისა, დამსწრეებს ქორეგრაფიული პერფორმანსები ელოდება.
როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია. თანაც, ჯერ ზაფხულის დასრულებამდე ბევრი დროა და ამ სიას შეიძლება სხვა ფესტივალებიც დაემატოს. მანამდე კი, იქონიეთ მხედველობაში ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტები და დაგეგმეთ ზაფხული ხალისით.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი