in

ხელოვნური ჩიტი ჰაერში მანევრირების შესაძლებლობით – Festo-ს უახლესი რობოტი

veon
veon

რობოტიკის მიმართულებით მოღვაწე გერმანულმა კომპანია Festo-მ უახლესი რობოჩიტი, სახელად BionicSwift შექმნა. ეს არის რეალური ჩიტის მოდელთან მაქსიმალურად მიახლოებული რობოტი. მისი შექმნისას, ბუნებრივი ფორმების გამეორებით, კომპანიის ინჟინრებმა მოქნილი, ჰაერში მრავალფეროვანი მანევრირების შესაძლებლობის მქონე რობოტი შექმნეს. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი ვხედავთ, რომ ხუთ ასეთ რობოტს კოორდინირებული, ავტონომიური ფრენა შეუძლია. ამისთვის კი ისინი რადიოტალღებზე დაფუძნებულ GPS სისტემას იყენებენ.

როგორც Festo-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რობოჩიტის დიზაინის შექმნისას ფოკუსი მის მსუბუქ სტრუქტურასა და მისი ბიოლოგიური მოდელის აგებულების შესწავლაზე იყო. სიმსუბუქე და ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობა კი სწორედ ის აქცენტებია, რომლებზე დაყრდნობითაც რობოჩიტის შექმნა გახდა შესაძლებელი.

Bionicswift 42 გრამს იწონის, მისი სიგრძე 44.5 სანტიმეტრია, ფრთებგაშლილად კი – 68 სანტიმეტრი. ყველა ოპერაცია, რომელიც რობოჩიტს ფრენისთვის სჭირდება, მის კორპუსშივე ხდება (ანუ, მისი მართვა გარეგანი მოწყობილობების დახმარებით არ არის საჭირო). თხელი ფირფიტებისგან შემდგარი ფრთები ჰაერს მარტივად ატარებს. ეს ნიშნავს, ჩიტს ნაკლები ძალისხმევა სჭირდება ფრთების მოსასმელად. ხოლო დაბლა დაშვების მანევრის დროს, BionicSwift ფრთებს კეცავს, რა დროსაც ფრენისთვის მეტი ენერგიის გენერირებას ახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ BionicSwift-ის პრაქტიკაში გამოყენების სცენარების წარმოდგენა, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის სირთულეს წარმოადგენდეს, Festo მსგავსი გამოგონებებით ცდილობს მომავლის სამყაროს უკეთ დანახვაში დაგვეხმაროს. უფრო კი, ალბათ, დაეხმაროს მომავლის ინჟინრებს, სხვადასხვა მიზნისთვის, მსუბუქი და მოქნილი, მფრინავი რობოტების შექმნაში. რობოტების, რომლებიც დედამიწაზე მცხოვრები ბიოლოგიური ორგანიზმების ფორმებსა და ფუნქციებს წარმატებით გაიმეორებენ. მანამდე კი, უნდა აღვნიშნოთ, რომ რობოჩიტი აქამდეც შეგვხვედრია. მისი სახელია Metafly და BionicSwift-ისგან განსხვავებით, მის შემქმნელებს დრონის ჩანაცვლების ამბიცია ჰქონდათ.

ერთი მიზანი – ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო სტრატეგია

Microsoft Xbox Series X-ის თამაშებს 23 ივლისს წარადგენს