4
May
2018

წყალტუბოს ძველ სანატორიუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ FEVER-ის პირველი სესია გაიმართება

4 May 2018

9 ივნისს წყალტუბოში, ძველი სანატორიუმის, „მედეას“ ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ FEVER-ის პირველი სესია გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება მიზნად ისახავს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე წყალტუბოს გამოცოცხლებას და, თუნდაც, ერთი დღით გასაოცარი სანატორიუმის საცეკვაო მოედნად გადაქცევას. მათი თქმით, ქალაქში არსებული გამორჩეული არქიტექტურა სრულიად მორგებულია ღონისძიებების საჭიროებებზე.

 

 

შემსრულებელთა სრული სია უახლოეს მომავალში გავრცელდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ფესტივალზე Endorphins, Trotsky და Digital Groove Affair დაუკრავენ.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალის წყალტუბოში ჩატარება მათი გუნდისთვის ახალი გამოწვევაა:

„თბილისისაგან განსხვავებით, იქ ხომ ღამის ცხოვრება არ არის განვითარებული. აქამდე ჩვენი ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობა და მცირემასშტაბიანი ფესტივალების ორგანიზება იყო. თუმცა, გარკვეული დროისა და გამოცდილების შემდეგ, მივხვდით, რომ რაღაც ახალი და ექსკლუზიური გვინდოდა. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წყალტუბოში რამდენჯერმე მოგვიწია ვიზიტი. განსაკუთრებული, ადგილია, თითქოს, თავის ისტორიას ჰყვება და სიახლეს ითხოვს. ამის დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ბევრი არც გვიფიქრია, სად გაგვეკეთებინა „ივენთი“. ვიფიქრეთ, რომ ასეთი ადგილი მიმზიდველი იქნებოდა ფესტივალისთვის.

ფესტივალში მხოლოდ ქართველი არტისტები მონაწილეობენ. რატომ?

ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ. ზოგადად, ასეთ ღონისძიებებზე Line Up ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა გვეუბნებოდა, უცხოელ არტისტს თუ არ ჩამოიყვანთ, გამოხმაურება არ გექნებათო. რატომღაც, სტერეოტიპად არის ქცეული მიდგომა – თუ უცხოელია, კარგია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის საპირისპიროს ვამტკიცებდით, ასეა ახლაც. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული არტისტები გვყავს. საგრძნობლად განვითარდა ქართული ელექტრონული მუსიკაც და, შესაბამისად, მისი მსმენელიც. ჩვენს გუნდს არაერთხელ დაგვიმსხვრევია სტერეოტიპები. გამონაკლისი არც ეს „ივენთი“ იქნება.

ასეთი ღონისძიების ჩატარება და ამ ლოკაციაზე ჩატარება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული . . .

საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი სირთულეები არ შეგვქმნია. ამაში ნამდვილად გაგვიმართლა. მხარს გვიჭერს ადგილობრივი მერია, ასევე წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი. მისი ხელმძღვანელი სალომე ქუთათელაძე არ იშურებს დროს, ენერგიას და ძალიან აქტიურადაა ჩართული პროცესში. ფესტივალით დაინტერესდა რამდენიმე კერძო კომპანიაც და მზად არიან სპონსორობისთვის. პროექტის წარმატებით განხორციელებაში კი 3 მოტივირებული, პროფესიონალი და საქმის ერთგული ადამიანი, გიორგი აბრამიშვილი, ვაკო ბენაშვილი და დავით ხვედელიძე გვეხმარება. მათი მონდომება და ჩართულობა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მათი დახმარებით კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება: Eventer.ge(Online), გალაკტიონ ტაბიძის 34, ქუთაისი / სასტუმრო „აიეტ პალასი“ (Offline).

[R]

განხილვა