მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა სამყარომ ტრანსპორტის ახალი კონცეფცია აღმოაჩინა, უარი თქვა ეტლებსა და ცხენებზე და უფრო კომფორტულ საშუალებაზე გადავიდა, ეს ბრენდიც გამოჩნდა. ის ავტომწარმოებელი, რომლის განვლილ გზასაც დღეს გიყვებით, სწორედ ამ დროიდანვე ჩნდება და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტომობილის სტატუსს იხვეჭს, რომელიც დღემდე შენარჩუნებული აქვს.
ისტორიის დასაწყისი
Fiat-ის ისტორია იწყება 1899 წელს, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ჯოვანი აგნელიმ გახსნა პირველი Fiat ქარხანა ტურინში, იტალიაში. აგნელიმ დააარსა ავტომობილების კომპანია ადგილობრივი ინვესტორების ჯგუფთან ერთად, საწარმოს უწოდა: Fabbrica Italiana Automobili Torino (FIAT), ან ტურინის იტალიური საავტომობილო ქარხანა. პირველი ქარხანა საკმაოდ მცირე იყო, ყოველდღიურად მხოლოდ 150 ადამიანი მუშაობდა. მაგრამ პაწაწინა ავტომწარმოებელი წარმატებული აღმოჩნდა საკუთარ ქვეყანაში, რამაც გზა გაუხსნა აგნელის პირველი Fiat-ის ქარხნის დასაარსებლად აშშ-ში 1908 წელს.
ემბლემა
ახალი დაფუძნებული კომპანიის იდენტიფიცირებისთვის პარტნიორებმა როკოკოს სტილის სპილენძის პერგამენტი აარჩიეს. მასზე ხელით ამოტვიფრული სრული სახელი ჩანდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე „ფიატმა” ჯამში 26 ლოგო დააგროვა. ზოგადად, ემბლემები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და დაჯგუფებული იყო წლების მიხედვით: 1921 წლიდან 1931 წლამდე სამკერდე ნიშანი ოვალური იყო, 1968 წლამდე ვერტიკალური მართკუთხა, 2003 წლამდე იყო ირიბი, შემდეგ კი მრგვალი ლოგო მონაცვლეობდა. ამჟამად ემბლემა შეიცავს მხოლოდ წითელ წარწერას, რომელიც დატანილია თეთრ ფონზე.
პირველი მანქანა
დაარსების წელსვე გაჩნდა Fabbrica Italiana Automobili Torino-ს პირველი მანქანა, რომელიც ორ, მაქსიმუმ სამადგილიანი იყო. მისი ფორმები პატარა ეტლს მოგაგონებდათ. ავტომობილს საწვავის ავზი წინა სავარძლის ქვეშ ჰქონდა მოთავსებული, რომელიც მოგზაურობის მიმართულების საპირისპირო მიმართულებით იყო.
1899-დან 1900 წლამდე წარმოებული იყო 26 მანქანა, ხოლო კიდევ ოთხის არსებობა ამჟამად დოკუმენტირებულია: 2 ტურინში – ავტომობილების მუზეუმში და ფიატის ისტორიულ ცენტრში – ერთი აშშ-ში, ფორდის მუზეუმში და ერთი ბოულიეს მუზეუმში, დიდ ბრიტანეთში.

1-ელი მსოფლიო ომი
ომის წინა წლებში FIAT-მა დაიწყო წარმოება ლინგოტოს ქარხანაში, ტურინში აშენებულ ინოვაციურ ქარხანაში, რომელიც იმ დროს ყველაზე დიდი ქარხანა იყო ევროპაში. ახალი ქარხანა აშენდა მანქანების წარმოების გაზრდისა და წარმოების ღირებულების შემცირების მიზნით, რათა შეეთავაზებინა იაფი მანქანები საშუალო კლასისთვის.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ FIAT-ს მოუწია გამოწვევა წარმოების ომის ტექნიკიდან სამოქალაქო წარმოებაზე გადასვლის საკითხზე. პროდუქციის კონვერტაცია არ იყო ერთადერთი პრობლემა, რომელსაც Fiat უნდა გამკლავებოდა, ფაქტობრივად, იტალიურ კომპანიას უხდებოდა მუშების ხშირი გაფიცვა სამუშაო საათების შემცირებისა და ხელფასის გაზრდის სურვილის შესაბამისად.
FIAT უკვე განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანია ინდუსტრიულ სექტორში და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი იტალიის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელსაც ჰქონდა მანქანების წარმოების უზარმაზარი შესაძლებლობები. მხოლოდ ორმა ფირმამ შეძლო გადარჩენა FIAT-ის მიერ დაწესებულ ძლიერ კონკურენციაში და ესენი იყვნენ Alfa Romeo და Lancia.

მე-2 მსოფლიო ომის გავლენა
ამ ომის დროს FIAT-მა მკვეთრად შეამცირა სამოქალაქო მანქანების წარმოება სატვირთო მანქანების, თვითმფრინავების, საზღვაო ძრავებისა და ტანკების წარმოების ზრდის გამო. ტურინი აქტიურად იბომბებოდა და ქარხანაც ზიანდებოდა.
ომის შემდგომი პერიოდი მხოლოდ ომის შედეგებით კი არ იყო რთული, არამედ იმითაც, რომ დამფუძნებელი გარდაიცვალა და მისი პოზიცია ვიტორიო ვალეტამ დაიკავა. ამავე პერიოდში აშშ-დან ფინანსური დახმარება გამოიგზავნა და კომპანიამ გააგრძელა საქმიანობა.
1965-1990
ამ წლებში Fiat განაგრძობდა ზრდას, როგორც ექსპორტში, ასევე შიდა გაყიდვებში. კომპანიას ჯოვანი აგნელის შვილიშვილი ჯანი ანიელი ხელმძღვანელობდა. მან დაიწყო ქარხნებში რობოტული სისტემის შემოტანა და დანერგვა, რათა უფრო განევითარებინა და ახალი ტექნოლოგიები შემოეტანა წარმოებაში.
აღნიშნულ წლებში გამოვიდა ბრენდის ორი ცნობილი მოდელი: Panda და Uno. ისინი გამოირჩეოდა რადიკალური ინოვაციებით ელექტრონიკაში, მასალების არჩევანითა და სუფთა ძრავის გამოყენებით.

1989 წელს კიდევ ერთი წარმატებული მოდელი გამოჩნდა: Tipo, რომელმაც მიიღო „წლის მანქანის” ტატუსი, მისი უახლესი ტექნიკური გადაწყვეტილებების გამო.

2000-იანები და ახლანდელი სიტუაცია
2004-2006 წლები ძალიან დატვირთული დრო იყო ტურინული კომპანიისთვის, რომელიც კორპორატიული კულტურისა და მენტალიტეტის ღრმა ცვლილების შემდეგ, ფოკუსირებული იყო პროდუქციის უწყვეტ, სწრაფ წარმოებაზე, ტექნოლოგიურ კვლევებზე, დიზაინის ხარისხზე და ახალ, კონსტრუქციულ ურთიერთობაზე მომხმარებელთან.
მიუხედავად 2008 წლის კრიზისისა, Fiat აგრძელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გზას. კომპანიამ წარმოადგინა ახალი მოდელები: Alfa 159, Fiat Nuova 500 და La Grande Punto.
2010-2014 წლებში კომპანიამ Fiat Industrial-ი შექმნა, რითაც სექტორების რესტრუქტურიზაცია მოახდინა.

კომპანია დღესდღეობით Chrysler-თან არის გაერთიანებული და ერთიან ჰოლდინგს ქმნიან. ის მერვე უმსხვილესი ავტომწარმოებელია მსოფლიოში.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













