in

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობებს AI დაადგენს

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო მმართველმა ორგანომ (FIFA) განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაშგარე მდგომარეობის დასაფიქსირებლად, AI კამერებს გამოიყენებს. ეს კი უფრო ზუსტ მონაცემებსა და შედეგებს უზრუნველყოფს.

ნახევრად ავტომატური სისტემა შედგება ბურთში მოთავსებული სენსორისგან, რომელიც წამში 500-ჯერ აფიქსირებს ბურთის პოზიციას და სტადიონის გარშემო დამონტაჟებული 12 კამერისგან. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი მანქანურ სწავლებას იყენებს, რათა მოთამაშეების სხეულებზე 29 წერტილის დაკვირვება გახდეს შესაძლებელი.

მთლიანობაში პროგრამული უზრუნველყოფა ამ სისტემებისგან მიღებულ მონაცემებს გააერთიანებს, რათა თამაშის წესების დარღვევის დროს ავტომატური სიგნალიზაცია ჩაირთოს. ამ შემთხვევაში საუბარია თამაშგარე მდგომარეობაზე — ანუ, როცა ფეხბურთელი მოწინააღმდეგის კართან მცველზე ახლოს დგას და თანაგუნდელისგან პასს ამის შემდეგ იღებს. შემდეგ კი შესაბამისი შეტყობინებები საკონტროლო ოთახში მყოფ ოფიციალურ პირებს გადაეცემათ, რომლებიც გადაწყვეტილების დადასტურებაზე არიან პასუხისმგებელნი და მსაჯებს ატყობინებენ, რა უნდა გააკეთონ.

როგორც FIFA აცხადებს, გადაწყვეტილებების მიღება უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი. ამასთან, კამერებისა და ბურთის მიერ გენერირებულ მონაცემებს ავტომატური 3D ანიმაციების შესაქმნელად გამოიყენებენ, რომლებიც სტადიონების ეკრანებსა და სატელევიზიო გადაცემებში გამოჩნდება.

საგულისხმოა, რომ ეს სპორტში ავტომატური ტექნოლოგიის გამოყენების უახლესი მაგალითია, რომელიც მსაჯების დახმარებას ემსახურება. 2018-ში FIFA-მ VAR სისტემა დანერგა —, ერთგვარი ვიდეოასისტენტი, რომელიც მსაჯებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული მომენტი სხვადასხვა მხრიდან დაინახონ.

„ეს ტექნოლოგია სამწლიანი ფოკუსირებული კვლევისა და ტესტირების კულმინაციას წარმოადგენ. იგი გუნდებისთვის, მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ემსახურება. ფიფა ამაყობს ამ მიღწევით, რადგან ველით, რომ სამყარო ნახევრად ავტომატური თამაშგარე ტექნოლოგიის სარგებელს დაინახავს FIFA World Cup 2022-ზე“, — აღნიშნავს FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო.

თუკი ტაქსის ვერ იძახებ, ტაქსის კომპანია გახსენი

სიყვარულით დაწყებული მეღვინეობა და თბილისიდან რაჭაში გადასული ილია მენაბდე