ბოლო ათწლეულია, რაც Figma-მ დიზაინერების ინსტრუმენტიდან ეკოსისტემისკენ გადაინაცვლა, რომელიც მხარს უჭერს დეველოპერებს, პროდუქტის მენეჯერებსა და მთლიანად გუნდებს. ამან კი ვიზუალური ენის განახლებაც საჭირო გახადა. ამგვარად, სტატიკური კურსორებიდან და შავი მძიმე კონტურებიდან ფერადი სიმბოლოებისკენ გადაინაცვლეს.
თუმცა აქ Figma მარტო არ გახლავთ, თუ ჩვენ Adobe-ს, Zoom-ს, Slack-ს, Notion-ს, Canva-ს, WordPress-ს, Wix-ს, Squarespace-სა თუ ნებისმიერ შემოქმედებით პლატფორმას ერთი კონკრეტული საქმისთვის ვიყენებთ, სინამდვილეში სურთ, ერთადერთ პლატფორმად აქციონ ჩვენი გუნდისთვის. სწორედ ამიტომ დაამატა ზუმმა ჯგუფური ჩატები, სლექმა ვიდეო, სხვა პლატფორმებმა კი ერთად რედაქტირების ფუნქცია, რომლის პიონერიც Figma გახლდათ…
ამგვარად, Figma-ს განახლებული ვიზუალური იდენტობა თავისსავე მზარდ ამბიციებს პასუხობს და განახლებული ბრენდიც ფართო აუდიტორიას ელაპარაკება. თუმცა ფერადთან ერთად, ახლა მეტად აბსტრაქტულიცაა.
ახალი შრიფტი Grilli Type, Figma Sans გახლავთ, ხოლო მეორად შრიფტად Figma Mono გაგვაცნეს, რომელსაც დეველოპერებთან სასაუბროდ გამოიყენებენ. განახლებული ბრენდინგის სისტემის გრაფიკული სიმბოლოებიც უფრო აბსტრაქტული, მხიარული და იდუმალია, რომლებიც სამი თემატიკის ირგვლივ შეიმუშავეს — Ideate, Design, Build.
რაც შეეხება ბრენდის ფერებს, ამ გზით სურთ, გრძნობები გადმოგვცენ:
„ჩვენ არ ვართ ბრენდი, რომელიც ამბობს: სტაფილოსფერი ჩვენი ფერია… ან თუნდაც ლურჯი… ჩემი აზრით, ეს ბრენდის შენების ძველმოდური აზროვნებაა, თუ ისეთი მემკვიდრეობა არ გაქვს, როგორსაც Nike ან IBM ფლობს, მაშინ არ შეგიძლია არც ლურჯის ფლობა. ისინი პირველები იყვნენ… ჩვენ ფერებზე საინტერესო წყვილების კუთხით ვფიქრობთ — ეს სპექტრია…“.
ალბათ, აღნიშვნაც აღარ სჭირდება იმას, რომ Figma-მ განახლება რეპოზიციონირებისთვის შემოგვთავაზა, სურთ, ბევრი ადამიანის საყვარელ პლატფორმად იქცნენ და თუ როგორ მოახერხებენ ამას, ეს თავად შეაფასეთ: