in

Film კატეგორიის ოქროს მფლობელები გიყვებიან, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის!

კანის ლომების ადგილობრივი კონკურსის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შიდაშესარჩევი კონკურსი საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და მასში სხვადასხვა კატეგორიაში ასობით გუნდი მონაწილეობს. წლევანდელი შეჯიბრი ოთხი მიმართულებით ჩატარდება: ციფრული, პრინტი, ფილმი და მარკეტერები. მონაწილეები დავალებებს 29 აპრილს მიიღებენ. თუკი, კონკურსისთვის ემზადებით, მაშინ გამოგვყევით – გასული წლების Young Lions-ის Film კატეგორიის ოქროს მფლობელები, მინდია არაბული და ლუკა გაგლოშვილი, გიზიარებენ, როგორ მოემზადოთ შეჯიბრისთვის.

M: როგორ ავარჯიშებდით კრეატიულ ტვინს, შეჯიბრამდე?

მინდია არაბული

მინდია არაბული: „ამ ტიპის კონკურსები ჩვენს ყოველდღიურ სამუშაოში შეძენილ და გამომუშავებულ უნარებს მოითხოვს, რაც უკვე ვარჯიშად შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომაც სპეციფიკური ვარჯიშები დროის კარგვა მგონია.

წარმოიდგინე რომ ბრიფი რეალური, კონკურსგარეშე დაკვეთაა, რომელსაც კონკრეტული დამკვეთი არ ჰყავს. როგორ შეასრულებდი მას არა კლიენტისთვის, არამედ სამიზნე აუდიტორიის გულის მოსაგებად?

ასევე, უშუალოდ სამუშაო პერიოდის გაყოფა ღირს რამდენიმე სეგმენტად. პირველ ნაწილში იდეების სიმრავლეა მნიშვნელოვანი. ღირს ბრიფზე მორგებული მაქსიმალურად ბევრი იდეის მოფიქრება. შემდეგ უკვე ცენტრალური იდეის არჩევა და მისი განვითარება.

ლუკა გაგლოშვილი: „როცა ამ სფეროში მუშაობ და ყოველდღიურად გიწევს ახალ იდეებზე, კამპანიებზე და ვიდეო რგოლებზე მუშაობა, შენს კრეატიულობას და ტვინს მუდმივად ავარჯიშებ, შესაბამისად დამატებითი სავარჯიშოები დიდად არ დამჭირვებია.
თუმცა ჩემი რჩევა იქნება ყველა მონაწილესთვის რომ გადახედონ წინა წლების ნამუშევრებს, გაანალიზონ და გამოიტანონ სწორი დასკვნები, თუ რატომ მოიგო ამა თუ იმ ნამუშევარმა ან რატომ წააგო სხვამ და ეს ძალიან დაეხმარებათ მათ ამ კონკურსში.“

M: როგორ ემზადებოდი მორალურად?

მინდია არაბული: „მორალურზე მეტად, მენტალურად მომზადება სჯობს: საღი ძილი, ადეკვატური ოდენობის კოფეინი და არც შაქრის სიჭარბეა საჭირო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია საქმისთვის უწყვეტი დროის დათმობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემული დროის განმავლობაში მხოლოდ ბრიფზე მუშაობ სქროლვისა და წამდაუწუმ ყურადღების შეწყვეტის გარეშე. რა თქმა უნდა, ამ მუშაობის პროცესში შესვენებები და მხრების გაშლებიც აუცილებელია, უბრალოდ მოკლე დროში კარგი იდეის მოფიქრების მთავარი ძრავი მაინც უწყვეტი ყურადღება მგონია.“

ლუკა გაგლოშვილი: „არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია იმისთვის, რომ მორალურად მოვმზადებულიყავი. საკმაოდ დატვირთული პერიოდი იყო, ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული და შესაბამისად, არც მქონია დიდი დრო მორალურად მომზადებისთვის.“

M: როგორი მოლოდინი გქონდა?

ლუკა გაგლოშვილი

ლუკა გაგლოშვილი: „მოლოდინი არა, უფრო სურვილი მქონდა, ჩემი წინა წლის შედეგი გამეუმჯობესებინა და მესამე ადგილი მინიმუმ მეორეზე მაინც გადამენაცვლა ან მომეგო, რასაც მივაღწიე კიდეც. მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია და დამარცხების შემთხვევაშიც კი, ძალიან დიდი გამოცდილებაა, თუმცა ყველანი მაინც გამარჯვებისთვის ვიბრძვით და მოლოდინიც შესაბამისი გვაქვს.“

მინდია არაბული: „ბევრი ტექნიკური სიდუხჭირე გაჩნდა გზადაგზა. გრაფიკული ელემენტების აუცილებლობა არ გავითვალისწინეთ და საბოლოოდ, ზედმეტად კუსტარულად მოგვიწია ვიდეოს შეკვრა, ასე რომ, საკმაოდ დაბალ შეფასებას ველოდი.“

M: როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად, რა დაგეხმარა გამარჯვებაში?

ლუკა გაგლოშვილი: „როცა შედარებით პატარა სააგენტოს წარმომადგენელი ხარ ან თუნდაც დამწყები ხარ ამ სფეროში ძალიან დიდი მოტივაციაა ის ფაქტი, რომ საუკეთესოებს ეჯიბრები. ეჯიბრები თან სრულიად თანაბარ პირობებში, თანაბარი მოცემულობით, არც დამკვეთი გზღუდავს იდეებში, არც ბიუჯეტზე ხარ მიბმული, მხოლოდ შენი და შენი მეწყვილეს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული ის თუ რა შედეგს მიაღწევთ. რეალურად გეძლევა შანსი მართლა გამოცადო საკუთარი თავი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა და ეს მოტივაცია დამეხმარა გამარჯვებაში ყველაზე მეტად.“

მინდია არაბული: „ვიდეოს კატეგორიაში იდეის დროულ არჩევასა და გადაღების სწორ დაგეგმვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს შემთხვევაში ამ ნაწილის გამართვა უფრო დაგვეხმარებოდა წინაზე, თუნდაც სტრესის არიდებაში.   თუმცა ალბათ მთავარია აკონტროლო, რომ იდეა მაქსიმალურად მარტივად იყოს აღქმადი, მარტივად უკავშირდებოდეს ბრიფს და გასაგებად იყოს გადმოცემული.“

ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC – თიბისი, Tegeta • თეგეტა, The Body Shop Georgia, aPeople

პირველი ანიმაციური ფილმი ისტორიაში — ემილ კოლის „ფანტასმაგორია“

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – ნინო ბიწაძე