in ,

FILM-ის კატეგორია – ჟიურის პრეზიდენტის შეფასება და კონკურსანტების კომენტარები

Young Lions 2017-ის შიდაშესარჩევი კონკურსი FILM-ის კატეგორიაში 8 აპრილს, „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში დარეგისტრირებული 24 გუნდიდან, კონკურსზე 21 გამოცხადდა. დავალების მიხედვით, კონკურსანტებს, 48 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ვიდეორეკლამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებდა სამოგზაურო დაზღვევის მნიშვნელოვნებას. ბრიფი ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია „იმედი ლ-ს“, რომელიც, თავის მხრივ, მოწონებული ნამუშევრის რეალურ გარემოში გამოყენებას უზრუნველყოფს. ფესტივალის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO group). კონკურსის შედეგები 19 აპრილს გახდება ცნობილი. პირველი ადგილის მფლობელი ივნისში, კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით, გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს. მანამდე კი მარკეტერი FILM-ის კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტს – დავით გოგიჩაიშილს, ასევე, აღნიშნული კატეგორიის ორ მონაწილეს – მელი ბაღდავაძესა (Leavingstone) და გივი მაღრაძეს (Redberry) ესაუბრა.

დავით გოგიჩაიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეებს 48 საათი, ასეთი შემჭიდროვებული დრო და რესურსი ჰქონდათ დავალების შესასრულებლად, საერთო ჯამში, დადებითად შევაფასებდი ნამუშევრებს. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფავორიტები, ამ 21 ნამუშევრიდან, ძალიან მომეწონა 2 ვიდეორეკლამა. სამი კრიტერიუმით ვაფასებდით საკონკურსო მასალას; პირველი კრიტერიუმით ხდებოდა იმის განსაზღვრა, თუ რამდენად პასუხობდა კონკრეტული ნამუშევარი ბრიფს, მეორე კრიტერიუმით – რამდენად კრეატიული იდეითა და გზით გადაწყვიტეს მონაწილეებმა დავალების შესრულება და მესამე – რამდენად კარგად იყო განხორციელებული იდეა. ზოგი ნამუშევარი პირდაპირ პასუხობდა ბრიფს, ზოგი ნაკლებად, თუმცა განსხვავებები, ვიდეოებს შორის, მაინც კრეატიული და იდეის განხორციელების კუთხით შეინიშნება. ნამუშევრები შევაფასეთ ქართველმა და უცხოელმა ჟიურის წევრებმა.

რაც შეეხება, მონაწილეების კომენტარებს:

M: კანის ახალგაზრდულ ფესტივალში აქამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა და როგორ შეაფასებდით ბრიფს?
მელი ბაღდავაძე – Leavingstone: პირველად მივიღე მონაწილეობა და ბრიფზე გავგიჟდი, ისე მომეწონა. რა თქმა უნდა, რეალური რომ იყო, კარგი იყო სამუშაოდ, ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მომეწონა. 

გივი მაღრაძე – Redberry: პირველად მივიღე მონაწილეობა წელს. ბრიფი მომეწონა იმიტომ, რომ რაც დავალებაში იყო მითითებული, თითქმის ყველა პრობლემა თავს გადამხდენია, ხშირად ვმოგზაურობ და თვითმფრინავიც გაფუჭებულა, ტრავმებიც ხშირად მქონია, იამაიკაში ვიყავი, ნეკნები მოვიტეხე და დაზღვევა არ მქონდა მაშინ, ამიტომ, თვითმკურნალობაზე ვიყავი და შესაბამისად, რეალური, ნაცმობი და საინტერესო იყო ჩემთვის.M: თქვენი ნამუშევრებით კმაყოფილი ხართ, თუ არა და რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2017-ის ლოკალურ ფესტივალში მონაწილეობამ?
მელი ბაღდავაძე – Leavingstone: 
მე, კი, კმაყოფილი ვარ ნამუშევრით და რაც შეეხება გამოცდილებას, არის, რომ სწორი პარტნიორის არჩევა ვისწავლო და დროის განაწილება უკეთესად.

გივი მაღრაძე – Redberry: რომ გითხრა, აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, არა. ზოგადად, ყოველთვის მეგონა, რომ რთული იყო პროდიუსინგის თემაში ასეთი დავალებები, თუმცა ერთ დღეში, ჰოსპიტალიც მოვნახეთ, სასტუმროც, სახლიც, ექიმიც მოვიყვანეთ, ანუ არ მეგონა, თუ ამდენს მოვახერხებდით, თან კვირა დღე იყო და არავინ მუშაობდა და ეს იყო დიდი გამოცდილება.

50 000 000 ელჩი საქართველოდან!

მაიკროსოფთ ჯორჯიამ და E-Space-მა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს