in

Filmmaker.ge – ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც კინოინდუსტრია აინტერესებს

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საყოველთაო იზოლაციას საზოგადოებისთვის ნეგატიური შედეგი დიდად არ მოუტანია. ამ პერიოდში ძალიან ბევრ საინტერესო წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. მათ შორისაა Filmmaker.ge-ც, რომელიც ერთგვარ კინომწარმოებელთა გაერთიანებას წარმოადგენს და რომელმაც სამომავლოდ ბევრი საინტერესო ისტორია და სიახლე უნდა მოგვიყვეს როგორც ქართულ, ისე – უცხოურ კინოინდუსტრიაზე.

ამ პლატფორმის შექმნას ლევან ბახიასა და მის თანამოაზრეებს უნდა ვუმადლოდეთ – ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, ამ სფეროში არსებული ქაოსი დაელაგებინათ და სამიზნე აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაცია მარტივად მიეწოდებინათ. სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ მისი შემქმნელებისთვის ფილმმეიკერის ინსპირაციად Marketer.ge იქცა – პლატფორმა, რომელმაც წლების წინ ზუსტად ამავენაირად სცადა სარეკლამო ინდუსტრია უფრო დალაგებული და სერიოზული გაეხადა.

ფილმმეიკერს დიდი გეგმები აქვს და ამ გეგმების განხორციელებას გუნდის წევრები უახლოეს მომავალში გეგმავენ. ზოგადად პლატფორმის, მისი მიზნობრიობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ფილმმეიკერის ერთ-ერთ გუნდის წევრს, აკო მაჭავარიანს გავესაუბრეთ:

M: როდის დაგებადათ ფილმმეიკერის შექმნის იდეა და რატომ, მაინც და მაინც, კინოინდუსტრია?

რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს საიტი (სივრცე), რომელიც სრულად ქართული კინოს და წარმოების შესახებაა, 2020 წელს გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა ამ თემატიკაზე. გვჯერა, რომ ეს არის სფერო, რომელსაც შეუძლია, სწორად განვითარდეს და იყოს საერთაშორისო კინოინდუსტრიის ნაწილი. 

M: რა არის ფილმმეიკერის საქმიანობა? რა ხდება ამ პლატფორმაზე და რა არის მისი მისია? 

ფილმმეიკერის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებად იყოფა: Filmmaker.ge – ზე შეგიძლიათ, ყოველდღიური ინფორმაცია მიიღოთ კინოზე, კინოწარმოებასა და კინოინდუსტრიაზე. მოისმინოთ ამ სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანების საუბრები. ასევე, გაეცნოთ ჩვენს ბლოგს, რომელიც ონლაინ სივრცეს სცდება.

ჩვენი გუნდი სრულად კინომწარმოებლებისგან შედგება, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს საიტი ეკუთვნის ყველა ფილმმეიკერს, ვისაც ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება სურს. ჩვენი მიზანია, გაჩნდეს საერთო სივრცე, რომელიც შეძლებს, არსებობდეს გამართული კომუნიკაცია ქართველ კინომწარმოებლებს შორის.

ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება, რომელსაც აქვს მიზნები, რომელიც ქართული კინოინდუსტრიისთვის სწორ შედეგებს მოგვიტანს. სხვადასხვა სახის პროდუქტით გვინდა, კინოს ისტორია დავაწიოთ დღევანდელ დღეს და სწორად მოვყვეთ გზა, რომელსაც ერთად გავივლით.

კინოწარმოება არის სფერო, სადაც ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამუშაო პროცესი უწყვეტი ჯაჭვია, სადაც ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. საქართველოს აქვს პოტენციალი, მუდმივად აკეთებდეს საერთაშორისო პროექტებს და ამ საქმიანობაში არ შეიძლება, ერთმანეთს გვერდში არ ვედგეთ.

ჩვენი მიზანია, ქართველი ფილმმეიკერების ერთობით შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ყველასთვის, ვისაც ეს სფერო აინტერესებს. 

M: როგორ ფიქრობთ, რა საკვანძო პრობლემებია დღეს ამ სფეროში და რა სირთულეების/პრობლემების დაძლევას შეეცდება თქვენი პლატფორმა?

ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა კინოწარმოებამ მოახერხა, საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენილიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს კომუნიკაციის საერთო პლატფორმა ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს შორის. 

მნიშვნელოვანია, უფრო მეტად იყოს საზოგადოება ინფორმირებული ჩვენი ინდუსტრიის შესახებ და თანაც მაშინ, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კინოგადაღებები ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ინდუსტრიას შეუძლია, რომ ტურიზმის მნიშვნელობის იყოს ქვეყნისთვის, ამას კი ხალხის განწყობის გარეშე ვერ მოვახერხებთ. ყოველწლიურად იზრდება დაინტერესებული და აღსრულებული პროექტების რაოდენობა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ქართველ კინომწარმოებლებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს სასწავლებელი, რომელიც კინომწარმოებლების გადამზადებასა და ცოდნის გაცემაზე იზრუნებს. კომუნიკაციის პრობლემა სახელმწიფოსთანაც დგას და ეს ყველაფერი კორონავირუსის პერიოდში ნათლად გამოჩნდა. ვეცდებით, სწორი ლობირება გავუწიოთ ქართველ ფილმმეიკერებს და ინდუსტრიას, როგორც კინოინსტიტუტებთან, ასევე – სახელმწიფოსთან და ხალხთან ურთიერთობაში.

M: რეალურად, ვისთვისაა ეს პლატფორმა?

ჩვენი საიტი შეიქმნა ქართველი კინომწარმოებლებისთვის და გვაქვს სურვილი, როგორც პლატფორმა, ვიყოთ ყველა მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე, რაც ქართული წარმოებისთვის და ქართველი ფილმმეიკერებისთის მნიშვნელოვანია. 

M: რა ხდება დღეს filmmaker-ზე? რა ეტაპზეა?

ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს საიტი. ვმუშაობთ დიზაინზე, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის. ვცდილობთ, შევაგროვოთ ის გუნდის წევრები, რომლებიც საიტის მუდმივ საჭიროებებზე იზრუნებენ, მანამდე კი, ჩვენი გუნდი დაუზარებლად მუშაობს სხვადასხვა ფილმმეიკერთან ერთად, რომლებმაც დაუფიქრებლად გამოთქვეს დახმარების სურვილი და დარწმუნებული ვართ, ასეთი ადამიანების რიცხვი საჭიროებისამებრ გაიზრდება. ეს ფაქტი უფრო მეტად სასიამოვნოს ქმნის ფილმმეიკერის კეთების პროცესს, რადგან ზუსტად ესაა ჩვენი მიზანიც – არსებობდეს საიტი, რომელსაც ერთიანი ძალებით მოვუვლით და მივხედავთ, საპასუხოდ კი მისგანაც იმავეს მივიღებთ. ასევე ვემზადებით ფილმის ლაბორატორიის (Film Lab) გასაკეთებლად, ეს იქნება ერთ დღიანი ივენთი, რომელიც საუბრების, პანელებისა და მასტერკლასებისგან შედგება. საქართველოში ბოლო წლებში აქტიური კინოგადაღებების შედეგად, ფილმმეიკერებს შორის გაჩნდა გამოცდილება, რომლის გაზიარებაც საინტერესო იქნება ნებისმიერი კინომწარმოებლისთვის. ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად არსებობდეს ასეთი სახის ივენთი, სადაც სამომავლოდ ჩვენი უცხოელი კოლეგებიც შემოგვიერთდებიან. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავერთიანდით fundraiser.ge-სთან, ეს არის ახალი ქართული “ქრაუდ ფანდინგი”, იგივე კოლექტიური დაფინანსების პლატფორმა, სადაც ცალკე filmmaker.ge-ის სივრცე გაკეთდება. ქართველ კინომწარმოებლებს შეეძლებათ, ალტერნატიული გზით შეაგროვონ თანხა მათი პროექტების შესასრულებლად. ჩვენი საერთო წამოწყება ორშაბათს, 15 ივლისს დაიწყება და იმედი გვაქვს, რომ მწარმოებლებისთვის გრიფინდორის მახვილის როლს შეასრულებს. კიდევ ერთი პროექტი 48 საათიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსია, სადაც მონაწილეებს შემთხვევითი პრინციპით ეძლევათ პერსონაჟის სახელი, წინადადება და რეკვიზიტი. ამის შემდეგ ირთვება 48 საათიანი წამზომი და მათ უნდა დაწერონ, გადაიღონ, დაამონტაჟონ და ატვირთონ ფილმი.

M: სამომავლოდ რას გეგმავს ეს პლატფორმა? როგორ ხედავთ მისი განვითარების გზას? 

ინდუსტრიაში ბევრი ნიჭიერი მწერალი, ფილმის კრიტიკოსი და ჟურნალისტია. მათთან ერთად გვსურს, კინომოყვარულებს და ადამიანებს, ვისაც ეს სფერო აინტერესებთ, კარგი გასართობი და საინფორმაციო სივრცე შევუქმნათ. 

გვინდა ფილმმეიკერებთან ერთად, ვიპოვოთ ჩვენი ინდუსტრიის სისუსტეები და დროულად აღმოვფხვრათ ისინი. გვსურს, საიტი ჩამოყალიბდეს ქართული ფილმების სწორ შემფასებლად. ჩვენი ინდუსტრიის 112 წლიანი ფილმოგრაფია იმსახურებს სივრცეს, სადაც სრულად იარსებებს ინფორმაცია მათ შესახებ. ასევე, გვაქვს რამდნიმე პროექტი, რომელიც უშუალოდ გადასაღებ პროცესს ეხება. 

ვფიქრობთ, რომ ფილმმეიკერი კარგი საშუალებაა კომუნიკაციის და გაერთიანებისთვის მიმართულების მისაცემად. 

M: მოგვიყევით ონლაინ ფესტივალზეც, რომელიც 40 ფილმის გაშუქებას ეხება – საიდან გაჩნდა იდეა და როდის გეგმავთ? 

ონლაინ ფესტივალი ფილმის ლაბორატორიის ნაწილია, რომელიც ივენთის მეორე დღეს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გადავწყვიტეთ, შეგვეგროვებინა ქართული კინოს ისტორიაში გადაღებული ფილმები და გვეჩვენებინა კონტრასტი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიზანს მორგებულ პროექტებს შორის. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ ყველა ფილმის შეგროვება, მაგრამ, იმედია, ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმატი სასიამოვნო იქნება მაყურებლისთვის.  

M: რით იქნება ეს ფესტივალი განსხვავებული? რას მისცემს საზოგადოებას?

რადგან ჩვენი ფესტივალი არ არის საპრემიერო ფორმატის და ფესტივალში მონაწილე ფილმები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, საინტერესო იქნებოდა ყურების პროცესი ფილმების შემქმნელებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ, მათი სათქმელი ჩვენების პროცესში, ნებისმიერ დროს გაუზიარონ მაყურებელს. ფილმები ონლაინ ფორმატით გავა და ყველა ჩვენებაზე რეჟისორი, მსახიობი ან პროდიუსერი ლაივ კომენტარს გაუკეთებს ფილმს.

sopo koridze

სოფო ქორიძე – #პირველისამსახური

რა ვქნათ, თუკი სამსახური უაზროდ გვეჩვენება?