in

თქვენი ვებსაიტი სწორად „ფილტრავს”? გადახედეთ რეკომენდაციებს!

თუ დანიელ ფილოსოფოსს, სორენ კირკეგორს დავუჯერებთ, არჩევანის გაკეთება ადამიანის ცნობიერისთვის ცოტა პარადოქსულია – ანუ, როცა ძალიან ბევრი ვარიანტის წინაშე დგახარ, შეიძლება ისე დაიბნე, რომ საერთოდ ვერ გადაწყვიტო, რა გსურს. 

შეიძლება იკითხოთ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ტექნოლოგიის რუბრიკასთან, მაგრამ მალევე აგიხსნით – ონლაინშოპინგის დროს მყიდველებს უამრავ პროდუქტს გვთავაზობენ, ბევრი მათგანი არ არის საინტერესო და რელევანტური ჩვენთვის. როცა ვებსაიტზე საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომლის სორტირებაც არ ხდება, მყიდველებში დაბნეულობას იწვევს და შეიძლება საერთოდ დატოვონ ვებგვერდი ისე, რომ პროდუქტი არც შეიძინონ. ამისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიას ჰქონდეს ფილტრის ფუნქცია, რომელიც გაუმარტივებს მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას.

რას ნიშნავს ფილტრების დაყენება ელკომერციაში

პროდუქტის ფილტრები ავიწროებს და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ალაგებს პროდუქციას ვებსაიტზე. ეს მახასიათებლები შეიძლება იყოს: ფერი, ზომა, ასაკი, სახეობები და სხვა. ფილტრები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა პროდუქტს ან სერვისს სთავაზობს თქვენი კომპანია. ფილტრი საშუალებას აძლევს თქვენს მომხმარებლებს, შეამცირონ ძიების დრო. 

ფილტრაციის ნიმუში

დავუშვათ, შედიხართ საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის ვებგვერდზე. აუცილებელია, მას ჰქონდეს ფილტრი შესაბამისი ტიპების მიხედვით, მაგალითად, ჭურჭელი ლანჩისთვის, კერამიკის ჭურჭელი, ჭურჭელი ფერის მიხედვით და სხვა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე ფილტრის მონიშვნა საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი ფილტრები, რომლებიც გამოიყენება ელკომერციაში

  • ფასის ფილტრი
  • რეიტინგის ფილტრი
  • ფილტრი ბრენდის მიხედვით
  • ფერის ფილტრი
  • თემატური ფილტრები კატეგორიის მიხედვით (ეს უკანასკნელი კომპანიამ თავისი პროდუქციის საჭიროებისამებრ უნდა დაალაგოს)

ახლა სათითაოდ განვიხილოთ თითოეული ფილტრი:

ფასის ფილტრი

ეს ფილტრი თქვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს, დაალაგონ პროდუქცია ფასების დიაპაზონის მიხედვით და იხილონ პროდუქცია მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში. მაგალითად, თუ სუნამოს შერჩევისას მომხმარებლის ბიუჯეტი მერყეობს 100-დან 300 ლარამდე, საიტი კი 500 და 700-ლარიან პროდუქტებსაც უხვად სთავაზობს, მომხმარებელს შეიძლება დაეზაროს უამრავი პროდუქტის თვალიერება იმ იმედით, რომ სადმე მისი გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისი სუნამოც ამოხტება. 

რეიტინგი

თუ საიტზე გაქვთ შეფასების განყოფილება, აუცილებლად გადააწყვეთ ის ფილტრაციის ფუნქციაზეც. მომხმარებელთა შეფასების ფილტრები აწყობს თქვენს საიტს იმ ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც მომხმარებლებმა თქვენს პროდუქტებს მიანიჭეს. როგორც წესი, ეს ფილტრი ასე ლაგდება – უმაღლესი შეფასებიდან უდაბლესამდე. ეს ეხმარება მომხმარებლებს, დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სხვების მხრიდანაც გამოცდილია. 

ფილტრი ბრენდის მიხედვით

ძნელია ელკომერციის ვებსაიტის მუშაობა ამ ფილტრის გარეშე, როცა კომპანიას სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია აქვს წარმოდგენილი. ნავიგაციის გამარტივებისთვის UI-ს სპეციალისტები გირჩევენ, პოპულარული ბრენდები ტოპპოზიციებზე დააყენოთ. 

ფერი

ჩვეულებრივ, ფერის ფილტრაციას იყენებენ ისეთი მაღაზიები, რომლებიც ყიდიან ტანსაცმელს, თვალის ლინზებს, კომპიუტერულ ტექნიკას და სხვა მსგავს პროდუქტს. ფერების დიაპაზონის შეთავაზება მომხმარებელს ეხმარება, მონიშნოს სასურველი ფერი და მხოლოდ ის ნივთები დაათვალიეროს, რომლებიც ამ ფერშია. 

თემატური ფილტრი კატეგორიის მიხედვით

ამ ტიპის ფილტრი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ცალკეული კატეგორიის გვერდებზე. ამ გზით, მომხმარებელს შეუძლია დაიწყოს თავისი მოგზაურობა მარტივი მთავარი გვერდიდან, დააწკაპუნოს შესაბამის კატეგორიის გვერდზე და კონკრეტულად იმ კატეგორიაში დახვდეს ფილტრაცია, რომელიც გაუმარტივებს ძიებას თქვენს ვებსაიტზე. კატეგორიის ფილტრებს შეუძლია, დაეხმაროს იმ მომხმარებელს, რომელმაც ზუსტად იცის, რასაც ეძებს და პროდუქტის სწორ გვერდზე მალე გავა.

იმის მიუხედავად, რომ ფილტრები შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებლის მარტივი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად, თუ მათ სწორად არ დააყენებთ, შეიძლება შეგიფერხდეთ გაყიდვები, ამიტომ მიჰყევით Marketer-ის რჩევებს და გამართეთ ელკომერციის ვებსაიტი საჭიროების მიხედვით.

Open Bionics-მა 3D ბეჭდვის ტექნიკით თითების პროთეზი შექმნა

როგორ წარვმართოთ ახალი თანამშრომლების ორგანიზაციასთან ადაპტირება, მათი გადაღლის გარეშე?