ჩვენი ფილტვები ბუნებრივი ფილტრია, რომელიც გვიცავს სხვადასხვა ინფექციისგან და ჰაერის დაბინძურებისგან, შესაბამისად, მათი სიჯანსაღე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სრულფასოვან ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ჩვენი სასუნთქი სისტემა შეიძლება დაზარალდეს ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების გამო, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვსუნთქავთ. მშრალი ხველა, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ფილტვების სერიოზული დაავადებების გამაფრთხილებელი ნიშნები, როგორიცაა ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ემბოლია და მრავალი სხვა. დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით, როგორ უნდა იზრუნოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე, რომელსაც ფილტვები ჰქვია.
ძილის დროს თავი ასწიეთ
როგორც ექიმები ამბობენ, თურმე ფილტვების სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია, რომ ძილის დროს თავი გვქონდეს შემაღლებულ ადგილზე. ძილში 15 გრადუსზე ამაღლებული თავის შენარჩუნებით შეგიძლიათ, შეამციროთ ლორწოს გადინება ყელში და ამით თავიდან აიცილოთ ღამის საათებში ხველა. ერთი დამატებითი ბალიში შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მიაღწიოთ საჭირო სიმაღლეს.
სახლის დალაგება
ალბათ ამაზე არც დაფიქრებულხართ, მაგრამ ზოგჯერ ფილტვების სერიოზული დაავადებები შეიძლება პროვოცირებული იყოს ტოქსიკური ობის ზემოქმედებით, რომელიც ხშირად საკუთარ სახლებშიც შეიძლება გაჩნდეს. ობის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ანთება, ალერგია და ასთმის შეტევები.
იმისათვის, რომ ფილტვებმა ისუნთქოს და ჯანსაღად იფუნქციონიროს, თქვენ უნდა შექმნათ უსაფრთხო ადგილი თქვენი ფილტვებისთვის სახლის ყველა კუთხის დროულად გაწმენდით და სპეციალური ჰაერის გამწმენდის გამოყენებით.
მაქსიმალურად დაიცავით ფილტვები დაბინძურებისგან
პანდემიამ პირბადების გამოყენებას მიგვაჩვია. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ თუ ისეთი სამსახური გვაქვს, სადაც ჰაერი ჩვეულებრივზე მეტადაა დაბინძურებული ან სახლში გვიწევს ისეთ საქმეზე ხელის მოკიდება, რომელიც მტვრის დიდი რაოდენობით სუნთქვას გვაიძულებს, აუცილებელია ნიღბის გამოყენება. ის იცავს ჩვენს ორგანიზმს დაბინძურებისაგან და ფილტვებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.
არასოდეს შეიკავოთ ხველა
ხველა ბუნებრივი პროცესია, რომელიც ეხმარება ფილტვებს ლორწოს მოცილებაში გაციების ან გრიპის დროს. ხველის ჩახშობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის სერიოზული პროგრესი. ასე რომ, თუკი ხალხმრავალ ადგილას უხერხულობის ან რამე სხვა მიზეზის გამო ხველებას იკავებთ ხოლმე, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და ეს აღარ გააკეთოთ. მეტიც, ექიმები იმასაც გვეუბნებიან, დიდი რაოდენობით ხველის ჩამხშობი პრეპარატების მიღებაც კი არ ყოფილა რეკომენდებული. ის მაშინ უნდა დავლიოთ, თუ სერიოზულ დისკომფორტამდე მიგვიყვანა ხველამ და თან გაგვიხანგრძლივდა.
ჯანსაღი საკვები
ეს პუნქტი ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ორგანიზმისთვის ჯანსაღი პროდუქტების მიწოდება და სწორი კვების რეჟიმი ფილტვებისთვისაც მნიშვნელოვანი ყოფილა.
ზოგიერთი საკვები შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, რომელსაც შეუძლია დაიცვას თქვენი ფილტვები დამატებითი აბების გარეშე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი კვების ჩვევები:
- ორგანულ დიეტაზე გადასვლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა ფილტვის კიბო, ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა.
- თუ არ შეგიძლიათ მთლიანად გადახვიდეთ ორგანულ საკვებზე, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს, ასევე წინასწარ შეფუთულ და გადამუშავებულ საკვებს. სანამ რამეს იყიდით, ყურადღებით შეამოწმეთ საკვების ეტიკეტები სუპერმარკეტში.
- არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის დალევა. ის დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ფილტვების ტენიანობა და ასევე გაამარტივოთ სისხლის მიმოქცევა.
- არ მიიღოთ ბეტა-კაროტინის დანამატები, თუ ეწევით, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ მსხვილი ნაწლავის, ფილტვის და პროსტატის კიბოს რისკი.
ფიზიკური აქტივობები
ფიზიკური ვარჯიშები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, არამედ თქვენი შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ისინი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაზრდას და საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს ფილტვებში სწრაფად შეღწევის საშუალებას აძლევს. ვარჯიშის დროს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა გაითვალისწინეთ – თუ გაქვთ სასუნთქი გზების პრობლემა, ასთმა ან რამე მსგავსი დაავადება, ვარჯიშის შესარჩევად აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და თვითნებურად არ დაიწყოთ ეს აქტივობა.
სუნთქვის ვარჯიში
ცალკე გამოვყოფთ და მოკლედ გეტყვით სუნთქვით ვარჯიშებზეც. როგორც წესი, რაც უფრო ძლიერი ფილტვები გაქვთ, მით მეტად ჯანმრთელი ბრძანდებით, ხოლო ძლიერი ფილტვების მიღწევის ერთ-ერთი გზა სუნთქვაა. ფილტვებში ჟანგბადის რაოდენობის გასაზრდელად და მათგან ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ გააკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები.
ერთ-ერთი ასეთი უმარტივესი ვარჯიში შემდეგნაირად გამოიყურება:
- შეისუნთქეთ ცხვირით 2-3 წამის განმავლობაში.
- ნელა ამოისუნთქეთ მოკუმული ტუჩებით 4-9 წამის განმავლობაში.
გაიმეორეთ ეს ვარჯიში ყოველდღე.
ვარჯიში #2
- აწიეთ ერთი ხელი და მოუჭირეთ თითი ერთ ნესტოს. ღრმად ჩაისუნთქეთ.
- დახურეთ მეორე ნესტო და ამოისუნთქეთ.
- გააკეთეთ იგივე პირიქით, ჯერ მეორე ნესტოთი დაიწყეთ და პირველზე გადადით.
ეს ვარჯიშიც ყოველდღე შეასრულეთ 3 წუთით.
იმედია, ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენი ფილტვების სიჯანსაღე დიდხანს შეინარჩუნოთ და დაიცვათ ისინი. ჩვენი ფილტვები ბევრს აკეთებს ჩვენთვის და იმსახურებს, რომ ჩვენც რაღაც მაინც გავაკეთოთ მათთვის. ისინი ძირითადად თვითწმენდი ორგანოებია, მაგრამ ზემოთ მოცემული პუნქტები დაგეხმარებათ, რომ ხელი შეუწყოთ მათ ოპტიმალურ დონეზე ფუნქციონირებაში.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი