in

მეცნიერებმა ადამიანებში ფილტვის კიბოს ვაქცინის გამოცდა დაიწყეს!

თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს — მსოფლიოში პირველი ი-რმნ ფილტვის კიბოს ვაქცინის გამოცდა დაიწყეს პაციენტებში, რადგან ექსპერტები მასში რევოლუციურ პოტენციალს ხედავენ! ფიქრობენ, რომ იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს მაშინ, როცა ფილტვის კიბოთ ყოველწლიურად დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი იღუპება…

M2
M2

ახლა მეცნიერები ახალ მეთოდს ცდიან, რომელიც, მარტივად რომ განვმარტოთ, სხეულს უბიძგებს, მოძებნოს კიბოს უჯრედები და გაანადგუროს ისინი, შემდგომ კი მათი უკან დაბრუნების პრევენციაზეც იზრუნოს. ის, რაზეც ახლა გესაუბრებით, BNT116-ის სახელითაა ცნობილი და BioNTech-ს ეკუთვნის. ვაქცინაა, რომელიც ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) სამკურნალოდაა შექმნილი — ეს კი დღეს დაავადების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. 

პირველი ფაზის კლინიკური ცდა 34 ადგილზე, 7 ქვეყნის მასშტაბით, წარიმართება, მათ შორისაა გაერთიანებული სამეფო, ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი და თურქეთი. 130 პაციენტს აერთიანებს, დაწყებული ოპერაციამდე ადრეული სტადიის მქონე პირებითა და რადიოთერაპიით და დამთავრებული ბოლო სტადიის მქონე პირებითა თუ განმეორებადი დაავადების მქონე ინდივიდებით. 

ვაქცინა ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავას (ი-რნმ) იყენებს ზუსტად ისე, როგორც კოვიდის ვაქცინები და იმუნურ სისტემას არაწვრილუჯრედოვანი კიბოს უჯრედებს წარუდგენს, რათა სხეული მათ შეებრძოლოს. მიზანი ადამიანის იმუნური პასუხის გაძლიერება და ჯანსაღი უჯრედების ხელშეუხებლად დატოვებაა, რასაც ვერ ვიტყვით ქიმიოთერაპიაზე… 

ჩვენ ახლა ი-რნმ-ზე დაფუძნებული იმუნოთერაპიის კლინიკური ცდების ამაღელვებელ ახალ ეპოქაში ვაბიჯებთ, რათა ვიკვლიოთ ფილტვის კიბოს განკურნების გზები… მარტივია მისაწოდებლად, კიბოს უჯრედებში კონკრეტული ანტიგენები უნდა აირჩიოთ და შემდგომ მათ დაუმიზნოთ. ეს ტექნოლოგია შემდგომ დიდ ეტაპს ასახავს კიბოს მკურნალობაში, — აცხადებს სიოუ მინგ ლი, პროფესორი. 

ხოლო მეცნიერი იანუშ რაჩი პირველი პაციენტია, რომელმაც კიბოს ვაქცინა ლონდონში გაიკეთა, დიაგნოზი მაისში დაუსვეს და მალევე დაიწყო ქიმიო და რადიოთერაპიები. როგორც თავად ამბობს, პროფესიამ შთააგონა, გადაედგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი — მეც მეცნიერი ვარ და ვიაზრებ, რომ პროგრესი, განსაკუთრებით მედიცინაში, ადამიანების თანხმობამდე დადის, რაც მსგავს კვლევებში ჩართვას გულისხმობს.

როგორც ვიგებთ, პირველ პაციენტს 30 წუთის მანძილზე 5 ინექცია შეუყვანეს 5 წუთის ინტერვალით, თითოეული კი განსხვავებულ რნმ-ს მოიცავდა. იგი ვაქცინას ყოველ კვირას, ზედიზედ 6 კვირის მანძილზე, მიიღებს, შემდგომ კი ყოველ სამ კვირაში, 54 კვირის მანძილზე…

უკვე 40 წელია, რაც ფილტვის კიბოს კვლევებში ვარ ჩართული, როცა 1990-იან წლებში დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ ქიმიოთერაპია იმუშავებდა. დღეს კი ვიცით, რომ იმუნოთერაპიიით პაციენტების 20-30% გადარჩა მეოთხე სტადიაში, ხოლო ახლა ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება გვსურს. იმედი გვაქვს, რომ ი-რნმ ვაქცინა ამას შეგვაძლებინებს, გახდება სტანდარტული მკურნალობის საშუალება და ფილტვის კიბოს მქონე უამრავი ადამიანის გადარჩენაშიც დაგვეხმარება, — ამბობს ლი.

Apple Music – საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ცადოთ

Duolingo-ს თილისმა გაცივდა?!