მალე ზაფხული კარს მოგვადგება და თუ გსურთ, რომ საცურაო კოსტიუმში კარგად გამოიყურებოდეთ, სწორედ ახლა უნდა დაიწყოთ ამ საკითხზე ზრუნვა. კალორიების კონტროლი და რეგულარული ვარჯიში მარტივად ჟღერს, თუმცა ჩვენ არ გვიზიდავს მარტივი დავალებები – რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო საინტერესოდ გვეჩვენება. რთულ დავალებებზე მეტად კი გემრიელად ჭამა, სმა და სავარძელზე კომფორტულად მოკალათება გვიყვარს (ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრები ინსტაგრამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ:). Finance Makers-ის გუნდმა გადავწყვიტეთ, საქართველოში (თბილისსა და ბათუმში) ყველაზე მიმზიდველი ადამიანები გავმხდარიყავით, ეს კი მოვახერხეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციით, რაც ჩვენზე უკეთ არავის შეუძლია.
ზუსტად რა გავაკეთეთ
საჭირო იყო შეგვეცვალა Google Search-ის შედეგები (რეგულარული ძებნა და სურათების ძებნა) შემდეგი ორი შეკითხვისთვის:
- Sexiest man in Tbilisi
- Prettiest girl in Batumi
და ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, გვინდა გაცნობოთ, რომ უკვე წარმატებით გავართვით თავი დავალებას. ამაში დასარწმუნებლად კი შეგიძლიათ გახსნათ Google Chrome (ან ნებისმიერი სხვა ბრაუზერი) ინკოგნიტო რეჟიმში (არა, ვიდეობის სანახავად არა :D) რადგან ამ რეჟიმში ბრაუზერი არ ითვალისწინებს თქვენი ძებნის წინა ისტორიას და, შესაბამისად, ნაპოვნი შედეგები უფრო ობიექტურად ასახავს გუგლის ძებნის შედეგებს.
დასერჩეთ “Sexiest man in Tbilisi”. სქრინშოთზე წარმოდგენილია შედეგები, რომელსაც დიდი ალბათობით იხილავთ,
ხოლო როგორც კი დააჭერთ ჩანართს „გამოსახულებები (Images), ტოპ რეზულტატი იქნება სექსუალური ბიჭი, სახელად კონსტანტინე, რომელიც FM LLC – ის CEO გახლავთ.
როგორც ჩანს, Google საკმაოდ ხშირად ცვლის მოცემულ შეკითხვაზე შედეგებს, ამიტომ შესაძლოა, რომ, როდესაც დასერჩავთ “Sexiest man in Tbilisi”-ის კონსტანტინის სხვა სურათი იხილოთ რეზულტატებში ან იმ კონკრეტულ მომენტში საერთოდ არ გიჩვენოთ კონსტანტინის ფოტო.
ანალოგიურად მოვიქცეთ მეორე შემთხვევაშიც. დასერჩეთ “ Prettiest girl in Batumi”:
პირველ სურათსა და ძიების შედეგზე (Pinterest-დან) გამოსახულია FM LLC-ის HR მენეჯერი – თეკლა. (რეალურად, აქ ცოტა მოვიტყუეთ: მიუხედავად იმისა, რომ თეკლა მართლაც ყველაზე ლამაზია, ის თბილისიდანაა და არა – ბათუმიდან). ხოლო, როდესაც სურათების განყოფილებაში გადახვალთ, ნახავთ, რომ თეკლა აქაც ტოპ შედეგებშია.
როგორ გავაკეთეთ ეს ყველაფერი?
რაც ახლა იხილეთ, ალბათ, SEO-ს ყველაზე მარტივი მაგალითია. ჩვენ არაფერი ახალი არ მოგვიგონია, უბრალოდ მივყევით ინსტრუქციას, რომელიც, წლების წინ, ტომ ჩარჩმა გამოაქვეყნა, რათა საკუთარი შეყვარებული დაერწმუნებინა, რომ ყველაზე სექსუალური მამაკაცია ბრიტანეთში. განვიხილოთ თანმიმდევრულად:
პირველი ეტაპი: ფოტოების ატვირთვა
აარჩიეთ თქვენი საუკეთესო ფოტოები და ატვირთეთ ნებისმიერ ვებგვერდზე, რომელიც შექმნილია image hosting-ისთვის – მაგალითად, flickr, pinterest, pixabay. ატვირთავმდე დარწმუნდით, რომ ფაილს ზუსტად იმავე სახელს დაარქმევთ, რომლის საპასუხოდაც გსურთ დაფიქსირდეს გუგლის საძიებო სისტემაში. სფეისის ნაცვლად გამოიყენეთ დეფისი, მაგალითად, “sexiest-man-in-Kutaisi.jpeg”. სურათების ატვირთვისას, ყველაზე ხშირად, ვებგვერდი სათაურსა და აღწერას მოგთხოვთ, ამიტომ აუცილებლად მიუთითეთ სასურველი საძიებო მოთხოვნა (Search Query) ორივე გრაფაში.
მეორე ეტაპი: ინდექსის მინიჭება
სანამ გუგლი თქვენს სურათებიან გვერდებს დააინდექსებს, ისინი საძიებო სისტემისთვის არ არსებობენ და შესაბამისად, ძიების შედეგებში არ გამოჩნდებიან. თუ ადრე თითქმის დაუყონებლივ ხდებოდა ინდექსის მინიჭება pinterest-ის მსგავსი საიტებისთვის, ეს პროცესი ახლა უფრო მეტ დროს მოითხოვს. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ გარკვეული ზემოქმედების მოხდენა. უბრალოდ, გაავრცელეთ დასაინდექსებელი გვერდების ლინკები საკუთარ სოც.მედია ექაუნთებზე ან გამოიყენეთ უფასო ონლაინ საშუალებები, რომლებიც ინდექსის მინიჭებას უწყობს ხელს (მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მათგანი არ მუშაობს.)
როგორ შევამოწმოთ, თუ გვერდი დაინდექსდა? უბრალოდ აკრიფეთ მისი URL და დააკვირდით, თუ გუგლის საძიებო სისტემაში დაფიქსირდება. იხილეთ მაგალითი:
მესამე ეტაპი: დაელოდე
ამ ეტაპზე მოგიწევთ, მოთმინება გამოიჩინოთ 🙂 გუგლს სჭირდება გარკვეული დრო გვერდის დასაინდექსებლად, ხოლო ამის შემდეგ, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს თქვენი სურათის პირველ შედეგად გამოტანას. მითუმეტეს, როდესაც საძიებო მოთხოვნა (Search Query) ძალიან კონკურენტულია, ყოველთვის სჯობს, შექმნათ რამდენიმე backlink, თუმცა, ამ პროცესის ახსნა ნამდვილად სცილდება ამ სტატიის ფარგლებს 🙂
და ბოლო შეკითხვა – რატომ გავაკეთეთ?
რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველ რიგში, სახალისო პროცესი იყო და რადგანაც ჩვენი ყოველდღიური საქმე ასეთი არ არის, გადავწყვიტეთ, რენდომ დავალებით მრავალფეროვნება შემოგვეტანა.
გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, გოგო მოგწონთ, თუმცა მისგან უარი მიიღეთ, თქვენ კი, საპასუხოდ, აჩვენებთ გუგლის სქრინშოთს და ეუბნებით, რომ შანსი დაკარგა ქალაქის ყველაზე სექსუალურ ბიჭთან. მგონი სახალისოდ ჟღერს. 🙂
და ბოლოს, იმიტომ რომ საქართველოში გავავრცელოთ ინფორმაცია SEO-ს შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლოკალური ბაზარი, ამ მხრივ, გასაუმჯობესებელია. ბიზნესების უმეტესობა, დღემდე, ფეისბუქ გვერდს იყენებს, როგორც ოფიციალურ ვებგვერდს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც ციფრული სამყარო აინტერესებს, საბოლოოდ, მორიგ სოც.მედია მენეჯერად ყალიბდება. რეალურად კი, ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება არსებობს, SEO კი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გახლავთ.
თუმცა კარგი ამბავიც გვაქვს – FM LLC-ში ვაკანსიებია! ჩვენი კარი ღიაა ყველანაირი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა გამოცდილება, მთავარია სწავლის უნარი და მოტივაცია. თუ ამ პატარა მოგზაურობამ SEO სამყაროში მოტივაცია მოგცა, რომ რეალურ დაბრკოლებებს შეეჭიდო – FM LLC ელის შენს CV-ის! გამოგვიგზავნე მოცემულ ლინკზე.
ახლა კი დაგემშვიდობებით – როგორც აღვნიშნეთ, ზაფხული მალე კარს მოგვადგება, ჩვენ კი გვინდა, რომ საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ… და მიუხედავად იმისა, რომ გუგლში ჩვენი სახეების ტოპ შედეგებად ყურება ღიმილს გვგრის, აჯობებს სხეულზეც ვიზრუნოთ. ამიტომ დროა, სავარჯიშო დარბაზს ვესტუმროთ, რომლისგანაც, საბედნიეროდ, მხოლოდ 1 სართული აშორებს ჩვენს ოფისს.
[პარტნიორის კონტენტი]