in

რა ვქნათ, როდესაც სამსახური უაზროდ გვეჩვენება

როგორ გამოვიყენოთ პანდემიური კრიზისი ახალი შესაძლებლობის შესაქმნელად?

ბევრ ჩვენგანს სურს აკეთებდეს მნიშვნელოვან საქმეს, იგრძნოს, რომ რაღაც ღირებულს ქმნის საზოგადოებისთვის. თუმცა, არც ისე მარტივია იპოვო საზრისი ყოველდღიური საქმიანობისას. როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი საქმე მოსაწყენად გვეჩვენება? როგორ შევძინოთ მას აზრი? როგორ გამოვიყენოთ ამ მომენტის კრიზისი ახალი შესაძლებლობის შესაქმნელად?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ექსპერტების თქმით, ვირუსის სწრაფი გავრცელებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, არც ისე მარტივია ამ გაურკვევლობაში შეინარჩუნოთ შთაგონება და ეს სამსახურსაც ეხება. სპეციალისტების თქმით, არაფერი იმდენ ენერგიას არ იძლევა, როგორც მკაფიო მიზანი. მის გარეშე დილით ადგომასაც კი დიდი ძალისხმევა სჭირდება. საბედნიეროდ, მიზნის საპოვნელად ბევრი გზაა.

შეამცირეთ სტრესი

პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ გაერკვიოთ ამ მდგომარეობის ძირეულ მიზეზში. დღის განმავლობაში უამრავ მიკროსტრესს გადიხართ, უმნიშვნელო გაღიზიანებას. ყოველი მათგანი მცირეა, თუმცა, ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ხოლო პანდემიის პირობებში, ძნელია სტრესისგან გათავისუფლების ისეთი ტრაციდიული მეთოდებისთვის მიმართვა, როგორიცაა მეგობრებთან გართობა, ვარჯიში სპორტდარბაზში, საყვარელ კაფეში დაჯდომა… თუმცა, მარტივი გამოსავალიც არსებობს. მიკროსტრესების წინააღმდეგ გამოიყენეთ სიამოვნების მიკრომომენტები. წაიკითხეთ, გაისეირნეთ, დაათვალიერეთ ფოტოები, მოუსმინეთ მუსიკას – ეს და არამხოლოდ ეს, სიმშვიდისკენ გზის პოვნაში დაგეხმარებათ. ასევე, სასარგებლოა სიახლეებისგან განტვირთვაც. მუდმივი ნეგატივი თქვენგან სიხარულს დაუზოგავად იპარავს.

მიმღებლობა

გააცნობიერეთ, რომ პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რამაც ეს მდგომარეობა გამოიწვია. ამ გზას, თქვენ გარდა, მთელი მსოფლიო გადის. გახსოვდეთ, რომ არ ხართ მარტო და მნიშვნელოვანი ხართ ამ სამყაროსთვის. საკუთარი თავის შეცოდება, დროდადრო, ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ თქვენი აზროვნების სტილი მნიშვნელოვნად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. საზრისის პოვნა ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც შეიძლება.

დაფიქრდით საკუთარ ღირებულებებზე

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გამოძრავებთ? რა ღირებულებები გაქვთ? რა გამოგდით კარგად? რა წვლილის შეტანა მინდა საქმეში? გაიხსენეთ, რა გსურდათ, როდესაც მუშაობა ამ ორგანიზაციაში დაიწყეთ? იფიქრეთ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც შთაგაგონებდნენ. რა გასწავლათ თქვენმა სამსახურმა? რა პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობთ, სამსახურის დახმარებით?

შესთავაზეთ დახმარება

იდეალურ შემთხვევაში, თქვენ გჭირდებათ, რომ თქვენი მიზანი კომპანიის მისიას ემთხვეოდეს და აკეთებდეთ იმას, რასაც ხელშესახები ცვლილება მოყვება. ამიტომ, ეცადეთ იყოთ სასარგებლო. შეგიძლიათ დაეხმაროთ ახალ თანამშრომლებს ან კოლეგას, სხვა განყოფილებიდან. შეუერთდით რომელიმე კომუნას, რომლებიც საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას ემსახურება. მათი დახმარება სიამოვნებას მოგგვრით და სხვებსაც გაახარებთ.

თავად “გამოძერწეთ” საკუთარი სამუშაო

ეს ენთუზიაზმს შეგმატებთ. ეძებეთ გზები, რათა საქმეში უფრო მეტი კონტრიბუცია შეიტანოთ. ეცადეთ თქვენი სახელი სულ უფრო ღირებული გახდეს კომპანიისთვის. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ძლიერი მხარეები საქმეში, იმ მიმართულების გარდა, სადაც მუშაობთ.

ეძებეთ კოლეგები და არ დაგავიწყდეთ მადლიერება

ეცადეთ, საქმე არ გადააქციოთ რუტინულ ვალდებულებად.
შესაძლოა, საქმისადმი დამოკიდებულება გაუარესდა, თუმცა, თქვენ კვლავაც გყავთ კოლეგები ორგანიზაციაში. არ დაგავიწყდეთ მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა. ხშირად, სწორედ მათგან შეიძლება ახლის სწავლა.

ბოლოს და ბოლოს, სამსახურის შეცვლაზეც შეიძლება ფიქრი

თუმცა, ეცადეთ ეს გაცნობიერებულად გააკეთოთ. არ იჩქაროთ და არ დაეყრდნოთ იმ მოსაზრებებს, რაც დღეს გაქვთ. სტრესის ქვეშ, მცდარი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოთ, რასაც შემდეგ ინანებთ. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება, რომლისკენაც გადადგამთ ნაბიჯს, იყოს დადებითი შედეგის მომტანი და თუკი ასეა, თუკი გააანალიზეთ და მიხვდით, რომ სიახლე გჭირდებათ, რატომაც არა?

გახსოვდეთ

იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ძლიერი მხარეები სამსახურში ამჟამინდელი პრობლემების მოგვარებაში.

შესთავაზეთ დახმარება. ეს სხვებსაც გაუღვიძებს მიზანს და თქვენც დაგეხმარებათ საზრისის პოვნაში.

ეძებეთ გზები აიმაღლოთ განწყობა და დროდადრო, დაისვენეთ სიახლეებისგან.

არ განმარტოვდეთ. ესაუბრეთ კოლეგებს ამ საკითხზე, შესაძლოა მათმა მოსაზრებებმა რაღაც ახალი შთაგაგონოთ.

არ დაგავიწყდეთ მადლიერება კოლეგების მიმართ. ეს მნიშვნელოვნად გაანეიტრალებს თქვენს მდგომარეობას.

არ იჩქაროთ სამსახურიდან წასვლა. არასტაბილურ სიტუაციაში მნიშვნელოვანია გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

წყარო: HBR



Facebook აუდიო ჩათის ფუნქციას ამატებს!

Facebook პოლიტიკური კონტენტის შემცირებას აპირებს!