in

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა – FinEdu.Gov.Ge – შექმნა

პანდემიის პირველი კვირებიდანვე, საქართველოს მოსახლეობა მოსალოდნელი ფინანსური სიდუხჭირის საფრთხის წინაშე დადგა. კვლევების შედეგებში ჩანდა, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვან ნაწილს არამხოლოდ დანაზოგი არ ჰქონდა, არამედ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, მაქსიმუმ, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეიძლებოდა ჰყოფნოდა. შექმნილმა სიტუაციამ ნათლად აჩვენა პირადი ფინანსების ეფექტიანი მართვის ცოდნის საჭიროება. მდგომარეობამ ფინანსური განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა – FinEdu.gov.ge წარადგინა. პლატფორმაზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი. FinEdu.gov.ge – ის ბლოგზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ფინანსური განათლების თემაზე საკუთარი მოსაზრება თუ გამოცდილება მომხმარებელს გაუზიაროს.

“ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის FinEdu.gov.ge-ის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ფინანსური განათლების ამაღლების საქმეში, არამედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც. მოხარული ვარ, რომ დღეიდან მომხმარებლისთვის ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ობიექტური, კანონმდებლობის შესაბამისი, მრავალფეროვანი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, რომ პლატფორმა დროთა განმავლობაში ბევრი თქვენგანის ფინანსურ მრჩევლად იქცევა და შეასრულებს მთავარ მისიას – გახდეს ფინანსური ბაზრის თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური ფინანსური მეგზური”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვა“, მომხმარებლის წინაშე, მასშტაბური ცვლილებებით წარდგა

რა არის ამბის თხრობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი? – ანანო ბაკურაძე