ხშირად გვგონია, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დისციპლინის ნაკლებობის გამო გვიჭირს, მაგრამ კრის ბეილი, პროდუქტიულობის მკვლევარი და ავტორი, სულ სხვა სურათს გვიხატავს თავის ახალ წიგნში „განზრახვა: როგორ დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ“ (Intentional: How to Finish What You Start). მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ კარგად არ გვესმის, რა გვამოძრავებს და რატომ ვაჭიანურებთ პროცესს. როცა საკუთარ ღირებულებებს ვაზუსტებთ, წინააღმდეგობას ვამცირებთ და მცირე განზრახვებს დიდ მიზნებთან ვაკავშირებთ, მოქმედება ბუნებრივი და აზრიანი ხდება.
გაიცანით თქვენი ფუნდამენტური ღირებულებები
სიტყვა „ღირებულებები“ ბევრს კორპორაციულ ტრენინგებს ახსენებს, სადაც კონსულტანტი ასობით სიტყვიდან ათის არჩევას გთხოვთ ხოლმე. თუმცა, კრის ბეილიმ წიგნზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ ღირებულებების უკან სერიოზული მეცნიერება დგას, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებითაა გამყარებული.
კვლევებმა გამოკვეთა 12 ფუნდამენტური ღირებულება, რომლებიც ჩვენს მოტივაციას განსაზღვრავს. ესენია: თვითმიმართვა – საკუთარი აზრებისა და მოქმედებების კულტივირება, სიახლის ძიება, სიამოვნების მიღება, წარმატებისკენ სწრაფვა, ძალაუფლება, იმიჯის შენარჩუნება, უსაფრთხოება, ტრადიცია, წესების დაცვა, თავმდაბლობა, ყველას კეთილდღეობაზე ზრუნვა და კეთილგანწყობა. თითოეული ჩვენგანი ამ ღირებულებების უნიკალური კომბინაციაა და იმის გააზრება, თუ რომელი გვაძლევს მოტივაციას, გადამწყვეტია.
შეამცირეთ წინააღმდეგობის დონე
განზრახვის მეცნიერება ხსნის, თუ რატომ ვაჭიანურებთ საქმეებს. როგორც წესი, ჩვენ გაურბივართ ამოცანას, თუ ის არის: მოსაწყენი, მაბრაზებელი, უსიამოვნო, შორეულ მომავალში გაწელილი, სტრუქტურის არმქონე ან უაზრო.
როცა საქმე რთულად გვეჩვენება, ბეილი გვთავაზობს ტაქტიკას – „წინააღმდეგობის შემცირებას“. მაგალითად, თუ ვარჯიში ან მედიტაცია გინდათ, მაგრამ 40 წუთი ზედმეტად ბევრი გეჩვენებათ, დაიწყეთ ვაჭრობა საკუთარ თავთან: 30 წუთი? არა. 20? 15? შეიძლება 15 წუთი მისაღები იყოს. ასე თქვენ იმორჩილებთ წინააღმდეგობას და იბრუნებთ კონტროლს.
განავითარეთ თვითრეფლექსიის უნარი
ბუდისტ ბერთან საუბრისას ბეილიმ აღმოაჩინა, რომ განზრახვის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო, რომელსაც მეცნიერება ხშირად გვერდს უვლის, არის ჩვენი თვითრეფლექსიის უნარი. ეს არის შესაძლებლობა, ჩავიხედოთ საკუთარ თავში და ვკითხოთ: „რა მინდა რეალურად?“.
შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რის გაკეთებას აპირებთ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ? რისი მოსმენა გსურთ? ვისთან გსურთ საუბარი?. სწორედ ასეთი კითხვებით, ჟურნალის წარმოებით ან უბრალოდ სეირნობისას ფიქრით იბადება ყველაზე ღრმა და ნამდვილი განზრახვები, რომლებიც ბუნებრივად უკავშირდება ჩვენს ღირებულებებს.
„განზრახვების პირამიდა“
ჩვენს ცხოვრებაში განზრახვებს თავისი სტრუქტურა აქვს. არსებობს მცირე, მომენტალური განზრახვები, უფრო ფართო გეგმები, მიზნები, პრიორიტეტები და საბოლოოდ – ჩვენი ღირებულებები.
წარმოიდგინეთ, რომ ახლა აპირებთ სადღაც დარეკვას. ეს მცირე მოქმედება შეიძლება იყოს ნაწილი გეგმისა, რომ განავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები. ეს გეგმა ემსახურება მიზანს – იპოვოთ პარტნიორი გაფართოებისთვის; ეს მიზანი ებმის პრიორიტეტს – გახვიდეთ ახალ ბაზარზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უკავშირდება თქვენს ღირებულებას – მიაღწიოთ წარმატებას და დაეხმაროთ სხვებს ზრდაში. როცა ამ ჯაჭვს ხედავთ, ყოველდღიური მოქმედებები უფრო აზრიანი ხდება.
წინასწარ განსაზღვრეთ შესაძლო დაბრკოლებები
მიზნის დასახვისას ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის „მენტალური კონტრასტი“. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა შემიშლის ხელს ამ მიზნის მიღწევაში?.
თუ წიგნის დაწერა გსურთ, დროის გამონახვა გაგიჭირდებათ? იქნებ ადრე ადგომა გჭირდებათ? თუ ვარჯიში გინდათ, მოგზაურობა ხომ არ შეგიშლით ხელს? წინასწარ განსაზღვრული დაბრკოლებები გეხმარებათ, იყოთ უფრო მიზანმიმართული და მზად შეხვდეთ გამოწვევებს.
წყარო: Fastcompany










