in

„ფინო“ — წარმატებული ურთიერთობების 13-წლიანი ამბავი

ადამიანების დიდ ნაწილს მცდარი, სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს ფინანსურ სექტორში არსებულ კომპანიებზე — ისინი ფიქრობენ, რომ ამ სფეროში ყველაფერი მხოლოდ ციფრებზე, მკაცრად განსაზღვრულ სტატისტიკებსა და გაანგარიშებებზეა აგებული. ხოლო ორგანიზაციები, მკაცრ, უემოციო ადგილად ეჩვენებათ… თუმცა რეალობა სხვაგვარია, როცა საქმე ქართულ კომპანია „ფინოს“ ეხება — ეს არის აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია, რომელიც 2011 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. აქ ყველაფრის მიღმა ისეთი ორგანიზაციული კულტურა დგას, სადაც ადამიანები, ურთიერთობები, განვითარება და ჯანსაღი ემოციურ-მენტალური გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია.

ფინოში კარგად ესმით, რომ წარმატებული კომპანიის საფუძველი  ერთი ღირებულებების გარშემო გაერთიანებული, მოტივირებული ადამიანები არიან. თითოეული მომსახურება სწორედ ამ ღირებულებებს და კულტურას ეფუძნება. წარმატების ფორმულა მარტივია — პრიორიტეტი ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა თანამშრომლებთან თუ პარტნიორ კომპანიებთან.

  გუნდი, რომელიც ერთობით ქმნის წარმატებას!

„ფინო“ ბიზნესის მხარდამჭერი და პარტნიორი

„როდესაც კომპანიებთან ვიწყებთ მუშაობას, პირველ რიგში, შევისწავლით როგორც ოპერაციებს, ისე არსებულ მენეჯერულ რგოლებს. ეს გვეხმარება, კლიენტის საჭიროებები დეტალურად განვსაზღვროთ და ნაცვლად ერთნაირი, ზოგადი მიდგომისა, კონკრეტულად მასზე მორგებული გზა შევიმუშაოთ. ვინაიდან ყველა ბიზნესს საკუთარი სპეციფიკა აქვს, ყოველ ჯერზე ერთი „ფორმულა“ ვერ იმუშავებს. 

საწყის ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი ვიწყებთ პროექტის მართვის სქემის შემუშავებას; გუნდში ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს და გადავდივართ ე. წ. დასტარტვის პროცესზე. სასტარტო სამი თვის მანძილზე მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს დამკვეთთან, რათა არ ავცდეთ მის მოლოდინებს; ყოველთვიურად გავდივართ კომპანიის ანგარიშგებებს, რათა მისთვის სასურველი ფორმით მოხდეს ფინანსური ინფორმაციის აწყობა. შესაძლოა, ეს ძალიან ტექნიკურად ჟღერდეს, მაგრამ ამ დროს ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი: დამკვეთისა და გუნდის დაახლოება, საქმიან ურთიერთობაში არსებული ბარიერების დამსხვრევა. შესაბამისად, თითოეული შედეგი სრულად ფარავს პირვანდელ თუ დროთა განმავლობაში გაჩენილ მოთხოვნებს.

უკვე სამი თვის თავზე დამკვეთთან ერთად ხდება პროექტის სასტარტო ეტაპის შეჯამება. სასტარტო ეტაპზე ასეთი ჩართულობა გვაძლევს საშუალებას, ავაწყოთ ფინანსური აღრიცხვის ის მოდელი, რაც ბიზნესისთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება“, — განმარტავს ოლღა ნებიერიძე, „ფინოს“ საოპერაციო დირექტორი. 

ტექნოლოგიური ბალანსი

„ფინო“ ტექნოლოგიების გარეშე? უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის კომპანია, რომელიც თავის სამუშაო პროცესს ამარტივებს ციფრული პროდუქტების დანერგვით.

ყველას აქვს შესაძლებლობა, მის სამუშაო პროცესში სიახლის დანერგვის ინიციატივა გამოიჩინოს. თუ თანამშრომელს აქვს ხედვა, რომ კონკრეტული პროცესი უფრო გამართული ან საინტერესო იქნება მის მიერ შერჩეული ციფრული პროდუქტის დანერგვის შემდგომ, მათ ყოველთვის აქვთ ცდის საშუალება.

ციფრული პროდუქტების გამოყენება, სცდება რუტინული სამუშაოს შესრულების, მართვისა და მონიტორინგის იდეას. „ფინოში“ მათ საკუთარი პროდუქტების შესაქმნელადაც იყენებენ, რომელიც როგორც გუნდისთვის, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის ღირებულია.

მაგალითად, „ფინო“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შექმნა აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის საჭირო დოკუმენტების ათობით შაბლონი და „ფინოს“ ვებგვერდზე განათავსა, რათა საქმის გამარტივებით, მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეკონომიკური ოპერაციების აღრიცხვასთან უწევს შეხება. პროცესების გაციფრულებით, მარკეტინგის, გაყიდვებისა და hr მიმართულებით მომუშავე ადამიანებსაც, საშუალება მიეცათ, მეტად მოქნილი და სწრაფი გაეხადათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და რეპორტინგის პროცესები.

„გვსურს, ამ მხრივ მუდმივად განვვითარდეთ და გავამარტივოთ საოპერაციო თუ პროექტული სამუშაოები. ეს ყველაფერი საბოლოოდ გვაძლევს ტექნიკურად კარგი უნარ-ჩვევების მქონე თანამშრომლებს, დაცულ და ოპტიმიზებულ პროცესებს; გვიმარტივებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობასაც, რადგან მათთვის კომფორტულია მაქსიმალურად გაციფრულებულ კომპანიებთან მუშაობა, რომლებიც იზრდებიან და ვითარდებიან კომპანიის ზრდასა და განვითარებასთან ერთად“, — აღნიშნავს მიხეილ მერაბიშვილი, „ფინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ფინოს“ ორგანიზაციული კულტურა

ეს ოქროს წესია: კარგი ორგანიზაციული კულტურა კომპანიის წარმატების საფუძველია. ასეა „ფინოს“ შემთხვევაშიც — გუნდის წარმატება და პროფესიონალიზმი სწორედ აქ არსებული კულტურის შედეგია, რაც უპირველესად ცოდნის გაზიარებას მოიცავს.

ალბათ, ერთხელ მაინც, ყველას გვქონია ისეთი მომენტი, როცა სამსახურში რაღაცის არცოდნის გამო, კითხვის დასმის მოგვრიდებია… შეგვშინებია, ნაკლებად კომპეტენტურები არ გამოვჩენილიყავით, თუმცა ამას არასდროს მივყავართ კარგ შედეგამდე — ან რაღაცას ვერ ვაკეთებთ სათანადოდ, ან მეტისმეტად დიდი და ჩახლართული გზის გავლა გვიწევს. ამიტომაცაა, რომ „ფინოს“ მენეჯმენტმა დიდი ძალისხმევა ჩადო ღიაობაზე დაფუძნებული კულტურის ჩამოყალიბებაში, რათა გუნდის წევრებს არ მორიდებოდათ შეკითხვის დასმის. ყველა გუნდის წევრმა იცის, რომ ნაცვლად კრიტიკისა, აუცილებლად მიიღებს პასუხს მისთვის გაურკვეველ საკითხზე ან რესურსს, რომელიც სჭირდება.

„კომპანიის მენეჯმენტის გააზრებული მიდგომით, კომპანიაში წინსვლა და წარმატება აგებულია არა კონკურენციაზე, არამედ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაზე. დილის ტრენინგებზე ყველა გუნდის წევრს აქვს თავისუფლება, გააზიაროს საკუთარი უნიკალური ცოდნა — როგორც პროფესიული, ისე ტექნიკური უნარები“, — ამბობს ოლღა ნებიერიძე „ფინოს“ საოპერაციო დირექტორი.

თანამშრომლობა კონკურენციის ნაცვლად

ხშირად კი ამბობენ, ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა და არავის აწუხებსო, მაგრამ მუდმივად კონკურენტულ გარემოში ბევრი ადამიანი იძაბება. თანამედროვე სამყაროში არსებული გადატვირთული რეჟიმის, საოცრად აჩქარებული ტემპისა და ისედაც ბევრი სტრესფაქტორის ფონზე, სამსახურში ზედმეტი დაძაბულობა არავისთვისაა სასიამოვნო. „ფინოში“ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ამიტომაც ცდილობენ, იყვნენ ერთმანეთის მეგობრები და პარტნიორები.

ამავე ორგანიზაციულ კულტურაზე დაყრდნობით, „ფინოში“ შეიმუშავეს სამუშაო ფორმატი „ისწავლე-ასწავლე“, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ერთმანეთში ცვლიან საკუთარ გამოცდილებას თუ ცოდნას; ავლენენ სხვადასხვა უნიკალურ უნარსა და შესაძლებლობას.

„შევძელით და მოვახერხეთ ის, რომ შეგვექმნა მაქსიმალურად მშვიდი გარემო — ჩვენთან ურთიერთთანამშრომლობა აგებულია ერთმანეთისთვის კომპეტენციისა და გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებაზე და არა — კონკურენციაზე, რაც საბოლოო ჯამში ქმნის როგორც ხარისხიან პროდუქტს, ისე ჯანსაღ ურთიერთობასა და კომფორტულ სამუშაო გარემოს“ — ამბობს ოლღა ნებიერიძე, „ფინოს“ საოპერაციო დირექტორი.

თავის მხრივ, ამგვარი მიდგომა პირველ რიგში თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. როდესაც მაქსიმალურად შემცირებულია შფოთვისა და სტრესის დონე, პირადი თუ პროფესიული ცხოვრებაც უკეთეს შედეგებს იძლევა. რეალურად, „ფინო“ ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, სადაც გუნდის წევრების ემოციური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია.

ბედნიერების კომიტეტი

კრეატიულობა ამ ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილია, აქ ნებისმიერ საინტერესო იდეას აქვს რეალიზების შესაძლებლობა, მთავარია უკეთესობისკენ შეცვლის მოტივი გქონდეთ.

„ბედნიერების კომიტეტი“ ერთი ასეთი იდეა იყო, რომელიც რამდენიმე ადამიანის დიდი ენთუზიაზმით, 3 წლის წინ დაიწყო, მიზანი კი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთან ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება იყო.

,,ბედნიერები კომიტეტი“ დღეს ფინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა ორგანიზაციის მართვის საკითხებში.კომიტეტის წევრები არიან აქტიური ადამიანები, რომლებსაც გამოხატულად ახასიათებთ სხვა თანამშრომლებზე ზრუნვა — სხვებისთვის მოტივაციის მიცემით თავადაც ივსებიან დადებითი განწყობითა და ენერგიებით.

მათ სიმბოლური სახელიც კი შეურჩიეს — მაფინოები (My Fino). მაფინოებს რამდენიმე თანამშრომელი ჰყავთ მიმაგრებული, რომელთა საჭიროებებსაც მთელი კვირის მანძილზე იკვლევენ და ცდილობენ, მენეჯმენტთან შესაბამისი კომუნიკაციით მოაგვარონ ნებისმიერი გამოწვევა თუ მოთხოვნა.

მთლიანობაში, ბედნიერების კომიტეტის არსებობა ისეთ რეალობას ქმნის, სადაც თანამშრომლებს არ უგროვდებათ ნეგატიური გამოცდილება. როცა რაიმე აწუხებთ, მყისიერად გვარდება თითოეული პრობლემა — შესაბამისად, „ფინოში“ არ მოიძებნება თანამშრომელი, რომლის მოთხოვნა-საჭიროებებიც არავის ესმის; პირიქით, ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვისაც „წუხილს“ უზიარებენ, მას კი შესაბამის პირებამდე მიაქვს ინფორმაცია.

„როდესაც თანამშრომელი სამსახურში კარგად გრძნობს თავს და არ არის სტრესის ქვეშ, ეს, რა თქმა უნდა, კლიენტზეც აისახება. გვყავს პორტფელზე ზრუნვის მენეჯერებიც, რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან კლიენტის საჭიროებების მოკვლევაში. ისინი ზრუნავენ, რომ დამკვეთი იღებდეს მისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას თუ გამართულ სერვისს. პორტფელზე ზრუნვის მენეჯერები შუამავალი რგოლის როლს ასრულებენ თანამშრომლებსა და კლიენტებს შორის, რაც ფინანსებში დასაქმებულ ადამიანებს უმარტივებს სამუშაოს“, — აღნიშნავს მიხეილ მერაბიშვილი, „ფინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„თამაში“, როგორც ორგანიზაციული კულტურის ნაწილი

ზოგჯერ ახალი რაღაცების ათვისება და განსხვავებულ პროცესებში ჩართვა სტრესულია, თუმცა „ფინოში“ ამასაც მარტივად უმკლავდებიან. ამისათვის დანერგეს ერთგვარი გემიფიკაციაზე მორგებული მიდგომა, რადგან ამ დროს ადამიანები მეტი ხალისითა და ინტერესით ითვისებენ ყველაფერს. მაგალითად, კომპანიაში საკუთარი ვალუტაც კი აქვთ — „მაცვები“, რომლებსაც თანამშრომლები გემიფიკაციაზე მორგებულ პროცესებში აგროვებენ და შემდეგ იგეგმება დაჯილდოების ღონისძიებები.

ეს ყველაფერი კი იმისკენაა მიმართული, რომ „ფინოს“ მიმდინარე სამუშაო სტრუქტურა თანდათან Agile სტრუქტურაზე გადადის. შესაბამისად, ორგანიზაციული კულტურა, პოლიტიკა და მიდგომები კიდევ უფრო მოქნილი და რაციონალური უნდა გახდეს, რადგან „ფინო“ მუდმივად ცვლილებების, განვითარებისა და პროგრესის გზაზე დგას.

ციფრების კამპანია 

13 წელი ნამდვილად არ არის ცოტა გამოცდილების დასაგროვებლად. „ფინოს“ გუნდის წევრებმა ამისთვის  მინიმალისტური, რიცხვებსა და სტატისტიკაზე ორიენტირებული ვიდეორგოლი შექმნეს. გადაწყვიტეს „ფინოს“ მიღწევები რიცხვებში გამოესახათ და ასე მოეყოლათ მათი ამბავი.

ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ზოგჯერ ადამიანებისთვის მოსაბეზრებელია რიცხვებში „ჩაძირვა“, მაგრამ რეალურად, მათ უკან ბევრი საინტერესო პროცესი, დაუღალავი მუშაობა და მუდმივი განვითარებაა…

კომპანიამ მიმდინარე წელს რებრენდინგი განიცადა, მის ახლებურ დიზაინში აისახა მისი ძირითადი ღირებულებები და ის, რომ „ფინო“ ნამდვილად არის პროფესიონალიზმით, მოქნილობითა და ურთიერთობებით გამორჩეული კომპანია, რომელიც არასდროს წყვეტს განვითარებას.

„შეგხვდებით ახლებურად“.

[R]

მალე Samsung Galaxy Ring-ის გაყიდვები იწყება

ნასა ISS-ზე ჩასულ ასტრონავტებს სახლში ვერ აბრუნებს